იბრაკადაბრა – შოუ დასრულდა

მილანმა სეზონი ჩაამთავრა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაასრულა.

1.90 ზე მაღალ ფეხბურთელთა შორის, აშკარად ყველა დროის საუკეთესო. ჯერჯერობით ასეა, მერე კი ვნახოთ ჰოლანდი რას იზამს, ისე აქვს აკრეფილი ალბათ გადაიბარებს კიდეც ამ ტიტულს.

სხვა კი არც არავინ ყოფილა. მარკო ვან ბასტენი 1.88 იყო. იბრამაც აღნიშნა ვან ბასტენს მადარებდნენ, მაგრამ მისი მსგავსი არავინ ყოფილა და აღარც ჩემი მსგავსი იქნება ვინმეო. ასეც არის, სწორედ ამიტომ არის ეს სამი მაღალი ფორვარდი გამოსარჩევი, აბსოლუტურად განსხვავებული სტილი აქვთ, თითქოს ეს მაღალი ფორვარდი დროთა განმავლობაში დამატებით ფუნქციებს იძენს. აქ არა იმდენად სათამაშო დონეზე, არამედ, მრავალმხრივობაზეა საუბარი.

თავის დროზე, მარკო რევოლუციონერი იყო, ვან ბასტენამდე ალბათ არც ეგონათ, რომ ასეთი სიმაღლისა და აღნაგობის მქონე ფეხბურთელს ყველა წერილიდან შეეძლო გოლის გატანა. 10 წლიანი პაუზის შემდეგ იბრა გამოჩნდა, ძალიან გამორჩეული სათამაშო სტილით, ახლა კი ერლინგს ვუყურებთ, რომელიც მიუხედავად მისი გაბარიტებისა ქარივით დაჰქრის, ვიკინგების მსგავსად შუბლით ასკდება მცველებს და დაბრკოლებას საერთოდ ვერაფერში ხედავს.

შეიძლება ითქვას რომ იბრამ გარდამავალი როლი ითამაშა მაღალი ფორვარდების სტილის ფორმირებაში.

დიდი ეგო, კარგი იუმორი

კარგი იუმორის გრძნობა არის ის, რამაც იბრა როგორც პერსონა გადაარჩინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აროგანტობა აუტანელი იქნებოდა. ბევრ რამეში დააბრკოლა კიდეც, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად არ შეიძლება – “თავმდაბალი რომ ყოფილიყო რამდენს მიაღწევდაო“, – არ შეიძლება ამის თქმა რადგან იბრა ვეღარ იქნებოდა ისეთი როგორიც იყო. არც ეს სითავხედე ექნებოდა, არც ასეთი ხასიათი, შესაძლოა, უფრო მორჩილს მოეგო კიდეც ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მთავარი კაცი ვეღარ იქნებოდა, იბრამ კი თავისი გზა თავად განსაზღვრა.

ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გარეშე დარჩენას კი როგორმე გადაიტანს. რონალდო გაუადვილებს საქმეს. ეს ტიტული მის კერპსაც არასდროს მოუგია.

როცა მის მხარეს ხარ, არაფერია იბრას თამაშზე კარგი საყურებელი, მაგრამ როცა მის წინააღმდეგ თამაშობ ძალიან გამაღიზიანებელია. გვახსოვს ბათუმში მისი გამოხტომები, უპატივცემულობა, თითქოს ვერ აიტანა, რომ იმ ქვეყანამ დაამარცხა, რომლის შესახებ ბევრი არც არაფერი იცოდა.

ახსოვს კი შოთა არველაძე? საერთოდ, იცოდა კი რომელი ქვეყნიდან იყო? შოთას კი ერთი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს მისთვის მიცემული, აიაქსში თამაშის დროს ურჩია, ეგ ფერარი ცოტა ხნით დაივიწყე და ვარჯიშზე მეტი იფიქრეო.

გაითვალისწინა, როგორც ჩანს.

წლების წინ მახსოვს, ერთ-ერთ სპორტულ გადაცემაში მაყურებელმა დარეკა და კითხვა დასვა, შევჩენკო გირჩევნიათ თუ იბრაჰიმოვიჩიო? თავადვე დააყოლა, – მე იბრას ვარჩევო. ეს ის დროა, როცა უკრაინელი მილანში დაფრინავს, იბრა კი თავის პიკთან ახლოსაც არ არის. სტუდიაში ირონიული საუბარი მოჰყვა ამ კითხვას, ალბათ, მაშინ ლოგიკურიც იყო. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. როგორც მინიმუმ, ამ კითხვაზე არავის გაეცინება, და მიუხედავად იმისა, რომ არც ჩემპიონთა ლიგა მოუგია და არც ოქროს ბურთი, მაინც უფრო შთამბეჭდავი კარიერა გამოუვიდა. ასე მგონია, რავიცი..

ეგ ხო კაცი არ არის..

ცუდად იხსენებს ხოლმე ზლატანი პეპ გვარდიოლას. ვერ აიტანა, რომ მთავარ კაცად ვერ იქცა, ამის მთავარი მიზეზი ლიონელ მესი იყო, მაგრამ მესის მიმართ თავად იბრასაც ისეთი სიმპათია და პატივისცემა აქვს რომ ყველაფერი გვარდიოლას გადააბრალა.

აბა, პეპს რა უნდა ექნა, როცა მესი გაჯიუტდა და უარი თქვა, ცენტრიდან ფეხსაც არ მოვიცვლიო. წავიდა ის დრო, როცა ფლანგზე თამაშობდა, დაინახა, რომ მოედნის ცენტრში ყველაზე დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო.

ჰოდა, როცა მესი ცრუ ცხრიანია, იქ საერთოდ აღარ არის ცხრიანის ადგილი.

მეგონა, რომ იბრას ჩაგდებული სეზონის მერე პრობლემები შეექმნებოდა, დაითრგუნებოდა, მცირე ჩავარდნა ექნებოდა, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი, აკრიფა და აკრიფა, ერთი წამითაც არ ჩაუთვლია, რომ თავად ვერ გაართვა რამეს თავი, ესეც იბრას ხასიათია – “ყველაფერი მათი ბრალია, მე საუკეთესო ვარ“.

ჟოზესთან კი იდეალური ურთიერთობა ჰქონდა. გასაგებ მიზეზთა გამო. ხასიათში დიდი თანხვედრა ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი წელი იმუშავეს ერთად, მაინც ერთ-ერთ საუკეთესო დუეტად იქცნენ.

მოიგებდა ჟოზე ლიგას იბრასთან ერთად? არა მგონია. ჟოზეს ინტერი გამოირჩა გუნდურობით, სადაც ეტო’ომ პირადი ინტერესები გვერდზე გადადო და მთელი სეზონი ფლანგზე ჩაამთავრა, სადაც დიეგო მილიტო დაცვით სამუშაოსაც კი ასრულებდა. იბრასთან ასე არ გამოვა, იბრა აროგანტი კაცია, ყველაფერმა მის გარშემო უნდა იტრიალოს.

ამაშია მისი ხიბლი.

ეს რა ჰქმენ ზლატან?

ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მხოლოდ იმიტომ არ ვწერ საუკეთესოს, რომ ამხანაგური თამაში იყო. ზლატანმა ინგლისის ნაკრებს პოკერი შეუსრულა, ბოლო გოლი კი არაფერში არ წერია, სანამ ზლატანი არ გააკეთებდა ამას, მანამდე ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი გოლის გატანა შესაძლებელია.

რომ არა მისი ფიზიკური მონაცემები და შავი ქამარი კარატეში, ნამდვილად ვერ შეძლებდა ამას. ეს არ ყოფილა ტიპური ვარდნაში დარტყმა, თუ დააკვირდებით როგორ იყენებს საყრდენ ფეხს, დაინახავთ რომ ზუსტად საბრძოლო ხელოვნება დაეხმარა ამ დარტყმის განხორციელებაში, საჭირო ძალის მინიჭებაში, იბრაჰიმოვიჩმა უნიკალური ანაბეჭდი დატოვა თანამედროვე ფეხბურთში.

საიდან მახსოვს

მახსოვს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან, სენეგალთან შემოვიდა და ცოტა დააკლდა გოლამდე. ჯერ კიდევ 21 წლის იყო და ძალიან უცნაურად მომეჩვენა მისი სათამაშო სტილი, როგორ მარტივად მოატყუა ამ აყლაყუდა კაცმა მცველები და რა კარგად დაარტყა მახვილი კუთხიდან.

მერე მახსოვს მისი დაუვიწყარი გოლი ერედივიზიონში, მცველები მიყარ-მოყარა და შეაგორა ბურთი კარში. ისე გამოდის, რომ მსოფლიო ყველა დროის 10 საუკეთესო გოლში, იბრაჰიმოვიჩს ორი ადგილი უჭირავს. აი, ამას კი უნდა მოხერხება.

შემდგომი ამბები კი უკვე ზეპირად ვიცით ფეხბურთის ქომაგებმა. იუვენტუსი, ინტერი, ბარსა, მილანი, სენ ჟერმენი, ლოს ანჯელესი, ისევ მილანი.

აიაქსში მიდოს ისეთი წიხლი უთავაზა აჰმედს იმის მერე დიდი ფეხბურთი აღარ უთამაშია, არადა, ვარსკვლავი იყო.

იუვენტუსში ეგონათ ცენტრფორვარდი ვიყიდეთო და იბრამ ტრეზეგეს ნაცვლად, დელ პიეროს ადგილი დაიკავა – ფორვარდის ირგვლივ თამაში უფრო გამოსდიოდა, უფრო სიამოვნებდა.

მოკლედ, დიდი უცნაური კაცია და ფეხბურთს ძალიან დააკლდება, მაგრამ მის ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, რასაც არ უნდა მოჰკიდოს ხელი, ყველგან წარმატებული იქნება.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე