სარჩევი
გუტი და პუიოლი Setanta Sports-ის ინტერვიუ კლასიკომდე | Setanta Sports
2024 აპრ 21, 19:25 შშ
2 წუთის საკითხავი

ელ კლასიკომდე საათებიღა რჩება. Setanta Sports-ი კი ხოსე მარია გუტისა და კარლეს პუიოლთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

ალექსანდრე გაბრიჩიძე რეალისა და ბარსელონას ლეგენდებს არაერთ საინტერესო თემაზე გაესაუბრა. ცხადია, მთავარი თემა მოახლოებული რეალი vs ბარსელონა იყო.

სრული ინტერვიუების ნახვას Setanta Sports-ის ფეისბუქ გვერდზე შეძლებთ. ამ სტატიაში კი მცირე ამონარიდებს გთავაზობთ.

ინტერვიუ ხოსე მარია გუტისთან

“აშკარაა, რომ ორივე გუნდი მნიშვნელოვნად დაიხარჯა. ერთმა მოიგო, მეორემ კი ვერა. ბარსელონამ ვერ მიიღო ის, რაც მადრიდის რეალმა, რაც რეალისთვის დიდი უპირატესობაა, ამავდროულად მადრიდის რეალს დასასვენებლად ერთით ნაკლები დღე ჰქონდა.

თუმცა ელ კლასიკო ყოველთვის ელ კლასიკოა, ეს კონკრეტული კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა ჩემპიონის ბედი გადაწყვიტო. ამიტომ მგონია, რომ გუნდი თავს კარგად წარმოაჩენს.”

ხოსე მარია გუტი

დიალოგი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გაიმართა. გუტი ხომ კვარას ერთ-ერთი საფეხბურთო კერპია.

“ძალიან გამიკვირდა როცა ეს თქვა და მინდა გითხრათ, რომ ამაყი ვარ ამით. ვფიქრობ, ის დიდებული მოთამაშეა, ვფიქრობ უნდა წავიდეს ნაპოლიდან, რადგან უფრო დიდი გუნდებისა და გამოწვევებისთვისაა მზად.

მე მას თვალს ვადევნებ, ვუყურებ იტალიურ ლიგას, ნაპოლისაც მის გამო ვაკვირდებოდი და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და ფეხბურთში ის წარმატებული იქნება.”

ხოსე მარია გუტი

ინტერვიუ კარლეს პუიოლთან

მას შემდეგ რაც ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, პუიოლი ამ მატჩს რეაბილიტაციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს.

“სახლში დადებითი შედეგით დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და გრძნობები უკეთესი იქნება და ეს ასპარეზობაზეც პოზიტიურად აისახება, თუმცა საფეხბურთო სამყაროში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ. ასეთი მძიმე მარცხის შემდეგ ელ კლასიკოში ჩვენს მთავარ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება დაბრუნების საუკეთესო გზაა.”

კარლეს პუიოლი

ბლაუგრანას ექს კაპიტანმა კომენტარი იმ წნეხზეც გაატარა, რომელიც ბარსელონას მთავარი მწვრთნელის მიმართაა. ეს ყველაფერი კი იმის მიუხედავად, რომ ჩავი სეზონის დასრულების შემდეგ ბარსელონადან მიდის.

“ჩავის და მე ბარსაში მრავალი წელი გვაქვს გატარებული და ჩვენ კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდ წნეხს უკავშირდება ეს. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გააკეთე წინა სეზონებში, მთავარი მიმდინარე მოვლენებია. თუ მიმდინარე სეზონში შედეგები კარგი არ გახლავთ, უკმაყოფილო ადამიანები ყოველთვის გაგაკრიტიკებენ და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ.”

კარლეს პუიოლი

რეალი vs ბარსელონას მატჩის პირდაპირი, ინგლისურენოვანი რეპორტაჟის, ხილვას მაყურებელი setantasports.com-ზე შეძლებს.