სარჩევი
გორის დილამ დუნაისკა სტრედა დაამარცხა | Setanta Sports
2023 ივლ 20, 23:38 შშ
2 წუთის საკითხავი

გორის დილა ევროპა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ანდრიი დემჩენკოს გუნდმა სტუმრად წაგებული მატჩის შემდეგ შინ 2:0 გაიმარჯვა.

გორის დილამ სავსე თენგიზ ბურჯანაძის თანხლებით დუნაისკა სტრედას შანსი არ დაუტოვა.

პირველ შეხვედრაში 1:2 მარცხის შემდეგ, ანდრიი დემჩენკოს გუნდმა 2:0 მოიგო.

პირველ ტაიმში გოლი ტიმოთი გეილმა გაიტანა, მეორეში კი თავი ალეფ სანტოსმა გამოიჩინა.

მატჩის 73-ე წუთზე გორის სტადიონს ელექტრო მომარაგება შეუწყდა. მისი მიწოდება კი დაახლოებით 7 წუთში აღდგა. თუმცა დროის ათვლა, მატჩის განახლებისას იმ წამიდან გაგრძელდა, როდესაც მატჩი შეწყდა.

რა თქვეს მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე

ცხადია, სლოვაკები იმედგაცრუებულნი იყვნენ, თუმცა მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავი საკმაოდ გაწონასწორებულად ეჭირათ.

“პირველ რიგში იმედგაცრუებული ვართ. დილა კარგი გუნდი და რთული მოწინააღმდეგე იყო. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი გავანიავეთ. პირველ ტაიმში ჩვენმა მეკარე პეტრაშმა არაერთხელ გადაგვარჩინა.

ორი ფორვარდით გამოვასწორეთ თამაში, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყეთ. იმედგაცრუებულები ვართ, გორის დილას კი მომდევნო ეტაპზე გასვლას ვულოცავთ”.

ადრიან გულა – დუნაისკა სტრედას მთავარი მწვრთნელი

საინტერესოა, რომ პრესკონფერენციაზე მყოფმა სლოვაკმა ფეხბურთელმა, პირდაპირ აღნიშნა, რომ მისი მთავარი მწვრთნელი საკმარისად კრიტიკული არ იყო. მიროსლავ კაჩერმა თქვა, რომ დუნაისკა სტრედამ დღევანდელი მატჩი დაბალ დონეზე ჩაატარა.

ანდრიი დემჩენკოს პრესკონფერენცია

“წილისყრისას ერთ-ერთი ძლიერი გუნდი შეგვხვდა, მათ სლოვაკეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი შემთხვევით არ დაუკავებიათ.

პირველ მატჩში ორი შემთხვევითი გოლი გავუშვით, შინ კი თამაშს დამაჯერებლად ვაკონტროლებდით.

გვესმოდა, რომ დუნაისკა სტრედა ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშებდა. ჩვენ ჩვენი გოლი გავიტანეთ, უფრო ადრეც გვსურდა, თუმცა არ გამოვიდა.

კარგად გავარჩიეთ მეტოქე, მათ უყვართ ბურთით თამაში და მის გარეშე დავტოვეთ. ფსიქოლოგიურად ვაჯობეთ.

დაკომპლექტებულები ვართ, თუმცა ძიების პროცესი მიმდინარეობს, მთავარია კანდიდატი არსებულ ფეხბურთელებზე უფრო ძლიერი იყოს და გუნდს აძლიერებდეს.

უკრაინიდან მაშინ წამოვედი, როდესაც ომი ჯერ კიდევ არ იყო. გულის სიღრმეში ვფიქრობდი, ცუდი არ იქნებოდა, ვორსკლას შევხვედროდით. მათ მწვრთნელს კარგად ვიცნობ, ერთადაც ვმუშაობდით, ახლა კი ერთმანეთის წინააღმდეგ ვითამაშებთ.

ვორსკლა ძალიან ძლიერი გუნდია, მართალია მეტოქე ტონუსში არ არის და ჩვენი ჩემპიონატი მიმდინარეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფავორიტები ჩვენ ვიქნებით.

ნიკა გაგნიძე გვაკლია. ის გუნდის ლიდერი და ძლიერი ფეხბურთელია. ეს არ ნიშნავს, რომ მის პოზიციაზე მყოფებმა ცუდად ითამაშეს. თუმცა ნიკა მართლაც გვაკლდა”.

ანდრიი დემჩენკო – გორის დილას მთავარი მწვრთნელი

მომდევნო მატჩი დილას პოლტავის ვორსკლას წინააღმდეგ ელის. პირველი შეხვედრის ნომინალური მასპინძელი უკრაინული გუნდი იქნება, საპასუხო კი გორში გაიმართება.