ფიფამ გამარჯვებულები დააჯილდოვა

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. დაჯილდოების ცერემონია სხვადასხვა კატეგორიაში გუშინვე შედგა, თუმცა, ერთი კატეგორიის გამარჯვებული დაჯილდოებას არ ესწრებოდა. საუბარია Fair Play-ს ჯილდოზე, რომელიც არა ფეხბურთელს, არამედ გუნდს გადაეცა. ეს ჯილდო ინგლისის ნაკრებმა დაიმსახურა და მათი ქომაგის ამბავი ვინც იცის, ამ კატეგორიაში გამარჯვებასაც სასაცილოდ აქცევენ, – გუნდი, რომელსაც 1966 წლის მერე არაფერი მოუგია, Fair Play-ს ჯილდო გადასცეს.

საუკეთესო მეკარე გახდა ემილიანო მარტინესი. მატჩამდე ორ საუკეთესოს ასახელებდნენ, მაროკოელ ბონოს და ხორვატ ლივაკოვიჩს. ფინალის შემდეგ კი კითხვები აღარ დარჩა, ჯილდო დამსახურებულად გადასცეს მარტინესს, რომელმაც დამატებითი დროის ბოლო წუთებზე ერთი-ერთზე აჯობა მეტოქეს, ურთულესი ბურთი მოიგერია და არგენტინა თამაშში დატოვა.

ის რომ თერთმეტმეტრიანებში საუკეთესო იყო, ეს გასაკვირი არ ყოფილა. მარტინესი მთელი სეზონია გვაჩვენებს, რომ ამ ამბავში ბადალი არ ჰყავს. კუთვნილი ჯილდო აიღო და პროვოკაციულადაც აღნიშნა, რის გამოც კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ დიდად არ ადარდებს, ეს კაცი მსოფლიო ჩემპიონია.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ენცო ფერნანდესი გახდა. ენცო ზუსტად იმ ფეხბურთელად იქცა, რომელიც არგენტინას ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ნაკრებს ჰყავდა კარგი ჩამშლელი, ხისტი და მებრძოლი ნახევარმცველი, მაგრამ წლების განმავლობაში აკლდა და ტექნიკური და ინტელექტუალი ფეხბურთელი, რომელიც მესის გაათავისუფლებდა სიღრმეში ჩამოსვლისა და ზედმეტი სამუშაოსგან. ენცომ ეს შეძლო და დიდი წვლილიც შეიტანა გუნდის გაჩემპიონებაში.

საუკეთესო ბომბარდირი 8 გატანილი გოლით კილიან მბაპე გახდა. გაიტანა იმდენი, რამდენიც ბრაზილიელმა რონალდომ 2002 წელს. გახდა მეორე ფეხბურთელი, ვინც ფინალში ჰეთთრიქი შეასრულა. პირველი ჯეფ ჰერსტი იყო, რომელმაც 1966 წელს გერმანიას სამი გოლი გაუტანა, მათ შორი ორი დამატებით დროში, ამ ორიდან ერთი კი დღემდე გაურკვეველია იყო თუ არა გოლი, – ბახრამოვის აზრით იყო.

კილიანს მსოფლიო ჩემპიონატებზე უკვე 12 გოლი აქვს გატანილი. ეს დიდი ამბავია, სულ რაღაც ორი მსოფლიო ჩემპიონატი დასჭირდა, რომ პელეს გათანაბრებოდა გატანილი გოლებით. ჯერ კიდევ 23 წლის არის და ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს, აქამდე ხუთი გოლი აშორებს. სრულიად შესაძლებელია, რომ მომდევნო ჩემპიონატზევე დაძლიოს ეს ბარიერი.

საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა. ერთადერთი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც ეს ჯილდო ორჯერ მიიღო. როგორც წინა ბლოგებში აღვნიშნეთ, არც პელეს, არც მარადონასა და არც ზიდანს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ორჯერ არ მიუღიათ.

პელე საუკეთესოდ 1970 წელს აღიარეს, ხოლო 1958 წელს ვერცხლის ბურთი ერგო. მაშინ, პირველ ადგილზე დიდი გავიდა.

მარადონა საუკეთესო 1986-ში გახდა, ხოლო 1990 წელს ბრინჯაოს ბურთი ერგო. ვერცხლი ლოთარ მათეუსის იყო, ოქრო სკილაჩის დარჩა.

ზიდანი საუკეთესო 2006 წელს გახდა, 1998 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ფანტასტიურად ითამაშა და ორი გოლიც გაიტანა, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულშიც ვერ მოხვდა, – რონალდო, შუკერი, ტურამი. ასეთი იყო მაშინდელი სამეული.

თავის მხრივ, რონალდოს შეეძლო ორჯერ მოგება, მაგრამ 2002 წელს საუკეთესოდ ოლივერ კანი დაასახელეს, რონალდოს ვერცხლის ბურთი ხვდა წილად.

ასე რომ, კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა, კიდევ ერთი ისტორია დაიწერა.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე