სარჩევი
2024 ივნ 05, 18:25 შშ
12 წუთის საკითხავი

14 ივნისს ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. მასპინძელი გერმანიის ნაკრები ალიანს არენაზე შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება. საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს დიდი სანაკრებო ტურნირის ფინალურ ეტაპზე, თუმცა, ქართველებს აქამდეც უთამაშიათ ევროზე და მოუგიათ კიდეც ეს ტურნირი.

ქართული ფრთებით

1960 წელს ისტორიაში პირველ ევროპის ჩემპიონატს საფრანგეთმა უმასპინძლა და ოთხგუნდიან ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ფინალში დღეს უკვე დაშლილი სახელმწიფოები – საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია შეხვდნენ ერთმანეთს.

ანგარიში მილან გალიჩმა გახსნა, მერე კი საბჭოთა მანქანამ ქართული ფრთები გაშალა. ჯერ სლავა მეტრეველმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი დამატებით დროში მიხეილ მესხის პასით გაიტანა ვიქტორ პონედელნიკმა.

“ფინალს ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ, 113-ე წუთზე ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩვენი მარცხენა გარემარბის, მიხეილ მესხის, რომლის ჩაწოდების შემდეგაც შევაგდე ეს გოლი”, – თქვა წლების შემდეგ ვიქტორ პონედელნიკმა, UEFA-სთან ინტერვიუში.

მესხთან და მეტრეველთან ერთად ევროპის ჩემპიონები გახდნენ გივი ჩოხელი და ზაურ კალოევი. ჩოხელი ორივე მატჩში (ნახევარფინალი ჩეხოსლოვაკეთთან და ფინალი იუგოსლავიასთან) ძირითადში იყო და 90 წუთი ითამაშა. ზაურ კალოევი კი ორივე შეხვედრაში სკამზე დარჩა.

სლავა მეტრეველი ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა:

მეკარე – ლევ იაშინი (საბჭოთა კავშირი) მცველები – ვლადიმერ ჯურკოვიჩი (იუგოსლავია), ლადისლავ ნოვაკი (ჩეხოსლოვაკეთი) ნახევარმცველები – იგორ ნეტო (საბჭოთა კავშირი), იოზეფ მასოფუსტი (ჩეხოსლოვაკეთი) ვალენტინ ივანოვი (საბჭოთა კავშირი) თავდამსხმელები – სლავა მეტრეველი (საბჭოთა კავშირი), მილან გალიჩი (იუგოსლავია), ვიქტორ პონედელნიკი (საბჭოთა კავშირი), დრაგოსლავ სეკულარაჩი (იუგოსლავია), ბორივოჟე კოსტიჩი (იუგოსლავია).

სანამ საბჭოთა კავშირი ნახევარფინალში გავიდოდა, მანამდე ესპანეთის ნაკრებს უნდა შეხვედროდა, მაგრამ გენერალმა ფრანკომ მატჩი ჩაშალა. „კომუნისტებთან არ ვითამაშებო“ ასე უთქვამს გენერალს. მერე გახდნენ კომუნისტები ევროპის ჩემპიონები და რაღაც გადაბრუნდა გენერალისიმუსის თავში. მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მიხვდა, რომ გამოსავალი მათი დამარცხება იყო, და არა თავის არიდება.

ჰოდა, ყველაფერი გააკეთა, რომ მომდევნო ევროპის ჩემპიონატი ესპანეთში გამართულიყო, საწადელს მიაღწია და ბედის ირონიით, თუ სხვა ტირანული მანქანებით, საბჭოთა კავშირს შეხვდა ფინალში. ამჯერად გაუმართლა – მესხი და მეტრეველი აღარ იყვნენ წითლებში. ქართველთაგან მხოლოდ სათადარიგოთა მეკარე რამაზ ურუშაძე იჯდა სკამზე.

მოიგო ესპანეთმა 2:1 და გაიხარა გენერალმაც.

ორი ქართველი სიმბოლურ ნაკრებში

1968 წელს ოთხი ქართველი იჯდა ნაკრების სკამზე – ანზორ კავაზაშვილი, მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი და გივი ნოდია. ერთი წუთიც არ დაუთმეს. არც ერთს. არც ნახევარფინალში იტალიასთან, და არც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ინგლისთან.

1972 წლის ევროზე საბჭოთა ნაკრებმა ნახევარფინალში 1:0 დაამარცხა უნგრეთის ნაკრები, ძირითადში დაიწყეს და 90 წუთი ითამაშეს მურთაზ ხურცილავამ და რევაზ ძოძუაშვილმა. 70-ე წუთზე ჩაერთო თამაშში გივი ნოდია. ფინალში გასულები გერმანიასთან 0:3 დამარცხდნენ, 90 წუთი ითამაშეს ხურცილავამ და ძოძუაშვილმა. ნოდია არ გამოჩენილა.

სიმბოლურ გუნდში ხურცილავა და ძოძუაშვილი მოხვდნენ:

მეკარე – ევგენი რუდაკოვი (საბჭოთა კავშირი) მცველები – რევაზ ძოძუაშვილი (საბჭოთა კავშირი), ფრანც ბეკენბაუერი (დასავლეთ გერმანია), მურთაზ ხურცილავა (საბჭოთა კავშირი), პოლ ბრაიტნერი (დასავლეთ გერმანია) ნახევარმცველები – ული ჰიონესი (დასავლეთ გერმანია), გიუნტერ ნეტცერი (დასავლეთ გერმანია) ჰერბერტ ვიმერი (დასავლეთ გერმანია) თავდამსხმელები – რაულ ლამბერტი (ბელგია), იუპ ჰაინკესი (დასავლეთ გერმანია), გერდ მიულერი (დასავლეთ გერმანია).

ევრო 1988 ზე საბჭოთა ნაკრებში მხოლოდ თენგიზ სულაქველიძე თამაშობდა. საბჭოელებმა პირველ შეხვედრაში ნიდერლანდები დაამარცხეს. სულაქველიძე მოედანზე 90-ე წუთზე გამოვიდა. მეორე შეხვედრა ირლანდიასთან 1:1 დასრულდა, სულაქველიძე შესვენებაზე შეცვალეს და მას მერე აღარ უთამაშია. მისი გუნდი ფინალამდე მივიდა და ნიდერლანდებთან დამარცხდა.

1992 წლის საბჭოთა ნაკრებში ორი ქართველი იყო – ახრიკ ცვეიბა და კახა ცხადაძე. ცვეიბამ გახსნითი მატჩები ითამაშა გერმანიასთან (1:1) და ნიდერლანდებთან (0:0). ცხადაძემ კი ჯგუფის ბოლო შეხვედრა შოტლანდიასთან. (0:3)

ევრო 1996 ზე, რუსეთის ნაკრებში ითამაშა ომარ თეთრაძემ. ჯგუფის სამივე შეხვედრაში 90 წუთი დაჰყო მინდორზე, (იტალიასთან 1:2, გერმანიასთან 0:3, ჩეხეთთან 3:3). ბოლო შეხვედრაში ძალიან ლამაზი გოლიც გაიტანა.

ერთი მონეტის ამბავი

საინტერესო იქნებოდა მურთაზ ხურცილავას, ან კახი ასათიანს მოეთხრო ამ ამბის შესახებ. როგორ გავარდა საბჭოთა კავშირი 1968 წლის ევროპის ჩემპიოატიდან. სამწუხაროდ ამ ამბის შემსწრე ხალხისგან არასდროს მომისმენია რა სანახაობას ჰქონდა ადგილი, მაინც როგორი შეგრძნებაა მეტოქეს რომ არაფრით ჩამორჩები, მატჩი 0:0 მორჩება, კაციშვილს წარმოდგენა არ აქვს ამ დროს რა ხდება, როგორ უდა გადაწყდეს მატჩის ბედი, არ იციან რომ თერთმეტ მეტრში ის ცარცით სავსე ბურთულა რომ არის მონიშნული, იქ სათითაოდ უნდა მივიდნენ და გატანა სცადონ, ნერვების თამაშია, მაგრამ 1968 წლის ნახევარფინალში რაც მოხდა, ამას საფეხბურთო ლატარეაც აღარ ჰქვია.

დასრულდა თამაში და 70’000 ქომაგი ერთმანეთს ეკითხებოდა – ახლა რა ჯანდაბა ხდება?

ვერაფრით გაიგეს გამარჯვებული როგორ უნდა გამოვლენილიყო და დაინახეს ორი კაპიტანი გასახდელისკენ მიმავალი. ჯიაჩინტო ფაკეტი და ალბერტ შესტერნევი. საჭიდაოდ ნამდვილად არ წასულან, საერთოდ, რა საჭირო იყო გასახდელში გასვლა ახლა წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მაინც გავიდნენ, გაჰყვნენ კაპიტნებს გუნდების წარმომადგენლები, მსაჯმა დააძრო ძველი მონეტა, და თუ ფაკეტის მოგონებებს დავუჯერებთ შესტერნევს დაასწრო არჩევა და იყვირა – არწივი!

ააგდო მსაჯმა და სანამ მონეტა დაეშვებოდა მაგრად ილოცა ჯიაჩინტომ, შესტერნევმა კიდე ვერ ილოცა, მხოლოდ გულში ჩურჩულით სთხოვა მისი ქვეყნიდან განდევნილ ღმერთს წყალობა.

70’000 ადამიანი ელოდა ამათ გამოსვლას გასახდელიდან და ფაკეტიც ისე გამოვარდა როგორც ცეცხლი ქრსტეს საფლავიდან – აღდგა! მოვიგეთ!

ღმერთები იტალიის მხარეზე იყვნენ. სტადიონიც იტალიის მხარეს იყო, თამაში ნეაპოლში, ამჟამინდელ “მარადონაზე” გაიმართა. გავიდნენ ფინალში და მოიგეს კიდეც ჩემპიონატი.

თუმცა, არც ფინალი მორჩენილა მარტივად, იტალიამ იუგოსლავიასთან ფრედ 1:1 ითამაშა, 120 წუთი ასე გაილია და მონეტა აღარ, ამჯერად გადათამაშება ისურვეს.

იმ გადათამაშებაში კი იტალია აღმოჩნდა უკეთესი.

გაცვეთილ მონეტას ისევ ოქრო ჯობდა

ჯობდა თუ არა ეგეც საკითხავია, მონეტის შემთხვევაში იღბალს დააბრალებდი ყველაფერს, „ოქროს ბურთის წესის“ შემთხვევაში კი ერთი შეცდომა იყო გადამწყვეტი. ერთი ფეხის დაცდენა და მკვდარი ხარ! მერე აღარც დრო გაქვს გამოსასწორებლად, აღარც ძალა გაქვს ფეხზე წამოსადგომად, ერთი მხრივ, ფეხბურთელებისთვის არის შოკი, მეორე მხრივ, მთელი ქვეყანა იღებს ამ შოკს და კაცმა არ იცის რამდენი გამოეთხოვა სიცოცხლეს ასეთი გოლების მერე.

ალბათ, ამიტომაც აკრძალეს.

ევროპის ჩემპიონატების ფინალში ორი ასეთი გოლი გასულა. პირველად ზუსტად იმ წელს მოხდა, როცა შემოიღეს „ოქროს“ წესი, 1996 წელს, ფინალში გერმანია და ჩეხეთი შეხვდნენ. ძირითადი დრო პატრიკ ბერგერისა და ოლივერ ბირჰოფის გოლებით 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი ისევ ბირჰოფმა გაიტანა, ამჯერად ფეხით, ყველას მისი აგურივით თავი ახსოვს, მაგრამ კარიერის გოლი ფეხით აქვს შეგდებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბურთი ასხლეტით წავიდა კარში, რამაც მეტწილად განაპირობა კიდეც გამარჯვებულის ვინაობა, მაინც ადანაშაულებენ ხოლმე ჩეხეთის მეკარე პიოტრ კუბას. ხო, შეეძლო აღება, მაგრამ ბურთი გაუცოცხლდა, თევზივით დაუსხლტა ხელიდან. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ 95-ე წუთი იყო, ესე იგი, სულ ახალი დაწყებული იყო დამატებითი ტაიმი, როცა ოქროს გოლი გავიდა.

რაღაც მხრივ, საბჭოთა დროინდელ დახვრეტის იმიტაციასაც კი ჰგავს. გაყენებენ კედელთან, სროლის დროს თვალები გეხუჭება და გგონია, რომ მოკვდი, მაგრამ ცოცხალი ხარ. აგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ ხვდები, რომ მაინც მკვდარი ხარ, იმიტაციამ მოგკლა. სული წაგართვა. მერე კიდე სუნთქავ და დადიხარ ასე ინერციით.

მეორე ოქროს გოლი კი მომდევნო ევროპის ჩემპიონატს მოჰყვა და ძალიან ჰგავდა ჩემპიონთა ლიგის ფინალს მანჩესტერ იუნაიტედსა და მიუნხენის ბაიერნს შორის. სხვა სცენარია, კიბატონო, მაგრამ ჰგავდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დელვეკიომ ანგარიში გახსნა. ჰყავდა ამ თამაშს გმირები და ანტიგმირები. როცა ოქროს გოლი გადის, გარანტირებულია გმირიც და ანტიგმირიც. ტოლდოს გადამწყვეტ გოლზე არავინ ედავებოდა, აი, გამთანაბრებელ გოლზე, რომელიც 93-ე წუთზე გაუშვა მსოფლიო ჩემპიონებისგან მოდავეები ჰყავდა და პირველ რიგში, თავად მიხვდა რომ აღება შეეძლო, რადგან, ვილტორდის დარტყმულმა ჩაუარა თუ არა, ტოლდომ თავში წაიშინა ხელები. ისე არ გაგიჟებულა როგორც კუფური გაგიჟდა 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ ძლიერ განიცადა.  

დამატებით დროში კი რობერ პირესის გარღვევას დავიდ ტრეზეგეს ულამაზესი გოლი მოჰყვა, აქ ტოლდო უკვე უძლური იყო. ამ ბურთს ვერავინ აიღებდა. გაისროლა ტრეზეგემ და მოკლა მთელი იტალია.

მთავარ ანტიგმირად კი ალესანდრო დელ პიერო მიიჩნიეს, რომელმაც ორი ძალიან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. გაცუდებაშიც არ არის ბოლომდე საქმე, იმდენად ცუდად ითამაშა ამ გადასარევმა ფეხბურთელმა რომ იტალიელებმა ვერ აპატიეს. მხოლოდ წლების შემდეგ, 2006 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრებს დამატებით დროში რომ ბოლო სამსჭვალი ჩააჭედა, მანდ შეაწიეს 1-2 კეთილი სიტყვა.

პანენკა დაიბადა, პანენკა ცოცხლობს

ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს უნდა გავუსვათ ხაზი, თუ ევროპის ჩემპიონატზე რომელიმე ფეხბურთელი “პანენკას” ასრულებს და გოლი გააქვს, მისი გუნდი აუცილებლად იგებს. არ არის ეს შემთხვევითობა. ასეთი გოლის გატანის შემდეგ მეტოქე ძალიან ძლიერ ფსიქოლოგიურ დარტყმას იღებს.

ეს არ ეხება იმ დღეს, როცა „პანენკა“ დაიბადა. და როგორც ზურაბ მეძველიასგან შევიტყეთ, “პანენკა” არა ამ დღეს, არამედ, ერთი წლით ადრე დაბადებულა. თუმცა, ათასობით მაყურებლისათვის დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ჩეხოსლოვაკეთი 2:0-ს იგებდა, გერმანიამ ბოლო წუთებზე გაათანაბრა და გადავიდა თამაში დამატებით დროში, მერე კი პენალტების სერია ვიხილეთ.

ხუთმა მოთამაშემ ორივე გუნდიდან ზუსტად შეასრულა პენალტი, წავიდა თამაში პირველ აცილებამდე და ააცილა ული ჰიონესმა. აი, ამ დროს მივიდა ბურთთან ანტონინ პანენკა, ეს მატყუარა და გაიძვერა კაცი!

მივიდა და გააკეთა ის, რასაც არათუ ზეპ მაიერი, არამედ არავინ ელოდა დედამიწის ზურგზე და ალბათ ღმერთიც არ ელოდა, რადგან ეს უფრო ეშმაკის ნამოქმედარს ჰგავდა. მერე კი ისევ მეძველიას იმავე მონათხრობიდან გავიგეთ, რომ თურმე, ივო ვიქტორი ყოფილა საქმის კურსში, ჩეხოსლოვაკეთის მეკარე, მხოლოდ მან იცოდა ამ წამების განმავლობაში დაგროვებული მსოფლიოს ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც სულ მალე ყველასთვის ერთნაირად გაცხადდა და მოუტანა ზოგს მწუხარება, ზოგს კი ძალიან დიდი სიხარული.

მოიგო ჩეხოსლოვაკეთმა და მოინათლა ეს მაიმუნობა „პანენკას“ სახელით.

ამის მერე კიდვე იყო რამდენიმე, თანაც, ყველა თერთმეტმეტრიანების სერიაში. დავიწყოთ ევრო 2000-დან. ბევრს ახსოვს და კარგად ახსოვთ, რადგან ფრანჩესკო ტოტის მთელი ნაკრები ეხვეწებოდა ოღონდ ეგ არ გააკეთო და ავკრძალავთ შენს ინტელექტზე ხუმრობებსო, მაგრამ წავიდა და შეასრულა! გადახტა ვან დერ სარი სადღაც დასაკარგავში და გადაავლო ბურთი ფრანჩესკო ტოტიმ.

გავიდა იტალია ფინალში და იქ რაც მოხდა უკვე ითქვა.

ევრო 2004 წელს მასპინძელი პორტუგალია შეხვდა ინგლისის ოქროს თაობას. საქმე პენალტებამდე მიდის, ჰელდერ პოშტიგა დასცინის დევიდ ჯეიმსს, ასრულებს „პანენკას“ და თითქოს ხერხემალში ამტვრევს ინგლისის ნაკრებს.

ასეთი ეფექტი აქვს ამ დარტყმას, ვისაც გააქვს თავი მაღლა აქვს, ვინც უშვებს ჰადესში ეშვება.

ანდრეა პირლო, 2012 წელი, ინგლისის ნაკრებთან მეოთხდეფინალში, ჯო ჰარტს უკეთებს იმას, რაც პოშტიგამ დამართა ჯეიმსს და ფრანჩესკო ტოტიმ დამართა ვან დერ სარს. დიდებული ჩემპიონატი ჰქონდა ანდრეას, პირველი ტურიდან ფინალამდე იფრინა, ფინალში კი მასთან ერთად მთელი იტალია დაიკარგა.

სერხიო რამოსმა კი პორტუგალიის ნაკრებთან შეაგდო ნახევარფინალში, ასევე, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ეს უკვე ის დროა, რამოსს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ბაიერნთან აქვს აცილებული, აცილებასაც ხომ გააჩნია?! დაარტყა და გადააგდო მთვარეზე!

ჰოდა, მივიდა ბურთთან და სანამ გაიტანდა კი გაუხეთქა გული მთელ ესპანეთს. მაშინ ჯერ კიდევ წინ ჰქონდა ძალიან დიდი გზა გასვლელი, ახლა კი აღარ არის გასაკვირი რომ მისვლაც გაბედა და „პანენკაც“.

გაბედვა თუ კადრება?

ტოტიმ ევრო 2000-ზე პანენკა გაბედა, ევრო 2004 ზე კი ისეთი რამ იკადრა სახლში ჩასულს ცხოვრების სურვილი დაუკარგეს. თანაც, პირველივე შეხვედრაში მოხდა ეს ამბავი, იტალია დანიას შეხვდა, ის იშვიათი შემთხვევა იყო ტოტი და დელ პიერო რომ ერთად დააყენეს, მართალია ალექსი მარცხნივ გაამწესეს, მაგრამ მაინც, ორი დიდი ათიანი ერთად იყო მოედანზე.

იტალიას არაფერი გამოუვიდა, შეხვედრა 0:0 დასრულდა, მსაჯმა კი ვერაფერი უცნაური ვერ შენიშნა, არადა, იყო ერთი ასეთი მომენტი და მისცეს კიდეც ტოტის დისკვალიფიკაცია. კრისტიან პოულსენს შეაფურთხა.

ხო, ვერ არის კარგი საქმე.

ამას მოჰყვა 1:1 შვედეთთან და ბულგარეთთან მოგება, მაგრამ ბოლო ტურში სკანდინავიელებმა იტალიელების დასჯა გადაწყვიტეს. თუ 2:2 მორჩებოდა მატჩი დანიასა და შვედეთს შორის, იტალიას ჯგუფში ტოვებდნენ და მეზობლები გადიოდნენ შემდეგ ეტაპზე. ასეც მოხდა. თითქოს ტოტის უსაქციელობის გამო დასაჯეს იტალია.

დაბრუნდა ტოტი ქვეყანაში და აეროპორტშივე თავ-ბედი აწყევლინეს. მთელ იტალიის ნაკრებს უსტვინეს, ერთადერთი კასანოს შეხვდნენ ტაშით – შენ არა გიშავდა, კაი ბიჭი ხარო.

თუმცა, ვერც ტოტის საქციელი გადაწონის იმას, რაც რონალდ კუმანმა ჩაიდინა 1988 წლის ნახევარფინალში, გერმანიასთან მატჩის შემდეგ. ოლაფ თონს მაისური გაუცვალა და გამოიყენა როგორც ტუალეტის ქაღალდი.

არ უყვართ ნიდერლანდელებს გერმანელები, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო. თუმცა, ვისთვის როგორ. ახსოვთ ნიდერლანდელებს ნაციზმის გაკვეთილები და შანსს არ უშვებენ ხელიდან შეახსენონ გერმანელებს რა ჩაიდინეს დიდი ევროპის შავ-ბნელ ეპოქაში.

არც რაიკაარდმა დაინდო ფიოლერი, თუმცა, ეგ უკვე მუნდიალის ამბავია.

დანიური ზღაპარი და არც თუ ისე ბერძნული სული

ის რაც ევროზე მომხდარა, ალბათ არასდროს მოხდება მსოფლიო ჩემპიონატზე. ასეთი ზღაპრები მხოლოდ ევროპის ჩემპიოანტებზე იწერება. ორი მთავარი შოკი 1992 წელსა და 2004 წელს მიიღო ბებერმა კონტინენტმა.  

90-იანები დიდი პოლიტიკური ძვრების ეპოქა იყო, იმპერიების დაშლის დეკადა. დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაიშალა იუგოსლავია. ერთად ვერ ითამაშებდა ხალხი, რომელიც ერთმანეთს ხოცავდა. ამიტომ, იუგოსლავიის ნაცვლად დანიის ნაკრები წავიდა ევროზე. დაბრუნდნენ კურორტებიდან და გაუყვნენ გზას, ოღონდ მთავარი ლიდერის – მიქაელ ლაუდრუპის გარეშე.

დიდი მიქაელი დამქანცველი და დიდებული სეზონის მერე ისვენებდა. კრუიფის „დრიმ თიმთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატიც მოიგო და ჩემპიონთა თასიც მიამატა. დასვენების დრო მოვიდა და ასე მოუმზადებლად წასვლა არც ისურვა – ალბათ იფიქრა, მხოლოდ მონაწილეობის მიღების გამო წასვლა არ ივარგებსო.

სამაგიეროდ, მისმა ძმამ, ბრაიან ლაუდრუპმა გაიგიჟა თავი და ეს შემთხვევითი დანია, ევროპის ჩემპიონი გახდა. ჰან კრისტიან ანდერსენის დაწერილი სცენარივით წავიდა ყველაფერი და ამიტომაც „დანიური ზღაპარი“ უწოდეს.

ჯგუფში პლატინის გაწვრთნილ საფრანგეთს მოუგეს, თავის პაპენითა და კანტონათი, ნახევარფინალში საოცარი ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხეს მთელი თანავარსკვლავედით და ფინალში კლინსმანის, ეფენბერგისა და ზამერის გერმანიის ნაკრები.

დიდ ხანს იყო დანიის ნაკრები მთავარი სენსაციის ავტორი, იქამდე სანამ საბერძნეთის ნაკრებმა ევრო 2004 ის მასპინძელი პორტუგალია არ დაამარცხა ფინალში – 1:0.

ეს არ იყო ჰომერული ამბავი, რადგან ჰომეროსთან ბერძნები შემტევ ტაქტიკას ანიჭებენ უპირატესობას, ყველაზე სწრაფი კაცი მათ ჰყავთ, ყველაზე ძლიერიც, ყველაზე ბრძენიც, ყველაზე გამჭრიახიც და ყველაზე მამაციც. ფაქტობრივად თავისი დროის ოცნების გუნდი იყო აქაველთა ლეგიონი.

2004-ში კი ისე იცავდნენ თავს როგორც ილიონის კედლები, ოღონდ პორტუგალიაში არ მოიძებნა არავინ ოდისევსური ცბიერებით. ვერაფრით გასაღები ვერ მოუძებნეს ბერძნებს და დამარცხდნენ კიდეც.

სამი დიდი კაცი ჰყოლია პორტუგალიას თავისი საფეხბურთო ისტორიის მანძილზე, სამივე ოქროს ბურთის ლაურეატი – ეუსებიო, ფიგუ და რონალდუ. გაუმართლათ და ზუსტად მაშინ ჩატარდა პორტუგალიში ევრო, როცა ეს ორი უკანასკნელი ერთად იყო ნაკრებში, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდნენ.

აუცილებლად სახსენებელი ამბავია – 2004 წელს ჩემპიონთა ლიგა პორტუსთან ერთად მოიგო ჟოზე მოურინიუმ, არც თუ ისე სახალისო და სანახაობრივი ფეხბურთით. მოიგო როგორც აუტსაიდერმა, უდიდესი სენსაცია მოახდინა და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პორტუგალიის ნაკრებს, სწორედ ჟოზეს ტაქტიკით ნაკვებმა რეჰაგელმა გამოუყვანა წირვა.

საოცარია საფეხბურთო სამყარო – ვერტიკალური და, თანაც ბრუნვადი!