სარჩევი

კოპა დელ რეი დასკვნით ფაზაში შევიდა. ქართველი მაყურებელი ესპანეთის თასის ნახევარფინალებს Setantasports.com-ის ეთერში იხილავს.

დღეს, 23:55 წუთზე ოსასუნასა და ბილბაოს შეხვედრა გაიმართება. ამ ეტაპიდან კოპა დელ რეი ტრადიციულ ფორმარს უბრუნდება და ორმატჩიანი ხდება.

ზეგ, იმავე დროს, მადრიდის რეალი ბარსელონას უმასპინძლებს.

განმეორებითი მატჩები 5 და 6 აპრილს გაიმართება.

ოსასუნა vs ბილბაო

ლა ლიგაში ეს გუნდები მეზობლები არიან. ოსასუნა მერვე, ბილბაო კი მეცხრე ადგილს იკავებს. 33 და 32 ქულით. თუმცა, კოპას სულ სხვა ელფერი აქვს და ამ ელფერში ბილბაო უფრო გაშინაურებულია. ეს მათი ტურნირია.

ყველაზე ტიტულოვანი ბარსელონაა 31ტიტულით, მეორე კი ბილბაოა, (სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით – 23, ან, 24 ტიტული). როცა მადრიდის რეალს რომელიმე ტურნირზე მაინც სჯობნი ტიტულების რაოდენობით, ეს ძალიან დიდი ამბავია.

ბილბაოს დიდების წლები 80-იანებში იდგა, ოსასუნას კი დიდების წლები არ ჰქონია, არც ბასკებივით ლამაზი ტრადიცია აქვთ და ვერც იმით დაიკვეხნიან, რომ არასდროს გავარდნილან ლა ლიგიდან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფავორიტი ბილბაოა, მაგრამ დღევანდელი დღით თუ ვიმსჯელებთ, შანსები თანაბარია.

კლასიკო თასზე

ხვალ კლასიკო შედგება ბერნაბეუზე. მარტის ბოლოს ლა ლიგის კლასიკოს ვნახავთ კამპ ნოუზე და აპრილის პირველ ნახევარში დასკვნითი კლასიკო გაიმართება ისევ კამპ ნოუზე.

ბოლოს, ასე მოკლე მონაკვეთში ამდენი კლასიკო 2010/11 წლების სეზონში ვნახეთ, როცა ბარსა მსოფლიო საკლუბო ფეხბურთში დომინირებდა, ჟოზე მოურინიუ კი მადრიდის რეალის გარდაქმნას იწყებდა.

დონე გაცილებით მაღალი იყო, (თუმცა, რეალი მაინც ახერხებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას) დაძაბულობამ კი პიკს მიაღწია. Marca-ში ხშირად იხსენებენ ამ პერიოდს და ყველაზე დიდებულ მონაკვეთსაც უწოდებენ კლასიკოების ისტორიაში.

მაშინ, 18 დღეში 4 კლასიკო ვიხილეთ. ჯერ იყო ლა ლიგა, სადაც რეალი ჯერ კიდევ იბრძოდა ჩემპიონობისთვის და რევანშიც ჰქონდა ასაღები, რადგან პირველ წრეში 0:5 დამარცხდა. მერე კოპას ფინალი, მერე კი ჩემპიონთა ლიგა.

პირველი რაუნდი 1:1 დასრულდა ბერნაბეუზე, მესისა და რონალდუს თერთმეტმეტრიანებით. ეს იყო მატჩი, რის მერეც ალფრედო დი სტეფანომ თქვა, ბარსა ლომის როლში იყო, რეალი კი თაგვივით გამოიყურებოდა მოედანზეო.

4 დღეში შედგა კოპა დელ რეის ფინალი, ალბათ ჟოზეს რეალის საუკეთესო კლასიკო გვარდიოლას ბარსელონას წინააღმდეგ. თანაბარი თამაში იყო, ბევრი მომენტი არ შექმნილა, ვილიას გოლი მსაჯმა გააუქმა, რონალდუმ კი წესების დაცვით შეაგდო – 1:0. თასი რეალს დარჩა, რომელიც სერხიო რამოსს ხელიდან გაუვარდა და ავტობუსმა გადაუარა.

დაჭეჭყილი თასიც ისტორიის ნაწილია.

მესამე და მეოთხე კლასიკო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შედგა. ამ მატჩებს წინ უძღოდა ჟოზესა და პეპის დაპირისპირება პრესკონფერენციაზე, სადაც დაძაბულობა გაორმაგდა და ისეთი მოლოდინი შეიქმნა, როგორიც ძალიან იშვიათად იქმნება ხოლმე საფეხბურთო მატჩების წინ.

პეპეს გაშლილი ფეხი, ალვესის მოწყვეტით დაცემა, წითელი ბარათი, ბუსკეტსის უმნიშვნელო შეხება, მესის საუკეთესო დრიბლინგი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში – Wonderful, Wonderful, Wonderful… ასე დაისვა წერტილი. მანამდე კი მარსელოს ფეხის დაცდენა და მესის პირველი გოლი იყო. 2:0 – ბარსამ დიდი უპირატესობა მოიპოვა ბერნაბეუზე.

დასკვნითი კლასიკო ყველაზე ნაკლებად დაძაბული იყო. თითქოს ყველა შეგუებული საბოლოო შედეგთან. მატჩი 1:1 მორჩა და ბარსელონა ფინალში გავიდა სადაც მანჩესტერი დაამარცხა.

ასეთი იყო კლასიკური მარათონი. ვნახოთ ამჯერად რა გამოვა.

როგორ ფორმაში ხვდებიან კლასიკოს

სურათი ძალიან განსხვავებულია. ბარსელონა ევროპა ლიგიდან გამოვარდა, რეალმა კი ლივერპულს ენფილდზე გადაუარა და ცალი ფეხით უკვე მეოთხედფინალშია. ლივერპული ის გუნდია, ვისთანაც წინასწარ ვერაფერს იტყვი, მაგრამ მათი მთავარი იარაღი (ენფილდი) უკვე ჩავლილია.

ანჩელოტი კარგ ხასიათზეა, თუმცა, ლა ლიგაში ვერ აქვს საქმე კარგად. ისევ იმ მოცემულობაში ვბრუნდებით, როცა ამბობდნენ, რომ კარლო მეტწილად ჩემპიონთა ლიგის მწვრთნელია, ქვეყნის ჩემპიონატი კი მისთვის მოსაწყენია.

რეალი ბარსას 7 ქულით ჩამორჩება ლა ლიგაში. შეიძლებოდა სხვაობა 10 ქულა ყოფილიყო, მაგრამ ბარსელონა ალმერიასთან დამარცხდა.

საერთოდ, არ არის ბარსასთვის კარგი პერიოდი.

დანაკლისი

მადრიდის რეალს ტრავმირებული ჰყავს როდრიგო, მენდი და ალაბა.

ბარსელონას უკვე დიდი ხანია დემბელე აკლია. მის გამოკლებას მანჩესტერთან პედრის ტრავმაც დაერთო, რამაც მეტწილად განაპირობა კიდეც ბარსას მარცხი. ამ ყველაფერს კი რობერტ ლევანდოვსკისა და ფატის ტრავმები მოჰყვა.

4-დან სამი თავდამსხმელია, ერთი კი ყველაზე კრეატიული შემტევი ბარსას შემადგენლობაში. ფაქტობრივად, წარმოუდგენლად ჩანს, რომ ამ ფეხბურთელების გარეშე, ბარსამ ბერნაბეუზე რეალთან მოიგოს.

სად და როდის ვუყუროთ

რეალი – ბარსელონას მატჩის პირდაპირ რეპორტაჟის ყურებას 2 მარტს, 23:55 წუთიდან setantasports.com-ზე შეძლებთ.

მარტის სიგიჟე და პრომოკოდი

setantasports.com-ზე მარტის სიგიჟე დაიწყო. პრომოკოდის MAD2023-ის გამოყენების შემთხვევაში, 700-ზე მეტ ლაივ ტრანსლაციაზე სრულიად უფასოდ მიიღებთ წვდომას.