სარჩევი
ბუდუ ზივზივაძე - ვიმედოვნებ, კიდევ უფრო გაგახარებთ | Setanta Sports

ბუდუ ზივზივაძე და ჰაიდენჰაიმი – ბუნდესლიგაში ადგილი შენარჩუნებულია. ეს ბადენ ვიუტემბერგელებმა ელვერსბერგთან პლეი ოფის დაძაბულ მატჩებში მოახერხეს.

საპასუხო შეხვედრა ჰაიდენჰაიმმა ელვერსბერგს, გასვლაზე 2-1 მოუგო. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფორვარდს მოკლედ გავესაუბრეთ.

სეზონის შემაჯამებელ და უფრო ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი ბუდუსთან უშუალოდ პლეი ოფზე, ტრავმასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე ვისაუბრეთ.

ბუდუ ზივზივაძე – ნერვული ფინიში

16 გოლი და 9 საგოლე გადაცემა – ბუდუმ 2024-25 წლების სეზონი ამ სტატისტიკით დახურა. ცხადია, რიცხვები კარგია, მით უმეტეს, გუნდის შეცვლის ფონზე.

კარლსრუეში ბუდუ ბუნდესლიგა 2-ის გამორჩეული ფორვარდი და ბომბარდირი იყო, თუმცა ჰაიდენჰაიმში გადაბარგების შემდეგ, ადაპტაციამ და ფრანკ შმიდტის გუნდის ნაკლებად შემტევმა სტილმა თავისი ქნა.

ჰაიდენჰაიმში ბუდუმ მეორე წრეში, რიუკრუნდეში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. მძიმე სეზონის მიწურული შმიდტის გუნდისთვის მაინც წარმატებით დასრულდა – გუნდი 2025-26 წლების სეზონსაც ბუნდესლიგაში გაატარებს.

რთული სეზონი გამოვიდა, ნერვული დასასრულით, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და მიზანს მივაღწიეთ.

მძიმე, მჭიდრო მატჩები გამოვიდა პლეი ოფში. მოლოდინისამებრ, ელვერსბერგი ნამდვილად რთული მოწინააღმდეგე გამოდგა. იყო ეპიზოდები, როდესაც წყვილის ბედი შესაძლოა, სხვაგვარად გადამწყდარიყო, თუმცა შემართებამ და ბრძოლამ საბოლოოდ საჩვენო შედეგი მოიტანა.

ბუდუ ზივზივაძე – ელვერსბერგი 1-2 ჰაიდენჰაიმი

გადამწყვეტი როლი პლეი ოფში ლეო სიენზამ ითამაშა, თუმცა არც ბუდუს წვლილია მოკრძალებული. ბურთით თუ უბურთოდ საუცხოოდ მოთამაშე ქართველმა გადამწყვეტი გოლის კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა. გოლი კი როგორც მნიშვნელობით, ასევე კომბინაციის გამო, ესთეტიკით, გამორჩეული გამოდგა.

გოლის ეპიზოდს რაც შეეხება, მართლაც კარგი კომბინაცია გამოვიდა. მატჩის მიწურული იყო და ბურთის სწრაფმა მოძრაობამ თავისი გააკეთა.

ბუდუ ზივზივაძე – ტრავმა

2 თვის წინ ვოლფსბურგთან მოგებული შეხვედრის ბოლო წუთებზე ლუკას ნმეჩამ ბუდუს ტრავმა მიაყენა. ქართველი 1 თვის წინ დაბრუნდა, თუმცა აშკარა იყო, რომ კოჭის ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა.

ცხადია, ამაზეც ვისაუბრეთ. როგორც გაირკვა, ელვერსბერგთან მატჩებში ქართველს ტკივილით უთამაშია და სამწუხაროდ, საპასუხო შეხვედრის შემდეგ კოჭის ტრავმა გაუმიზეზებია.

რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას და კოჭის დაზიანებას, დღევანდელი მატჩის შემდეგ აშკარად კიდევ გავიმიზეზე, თუმცა ახლა ეს მეორეხარისხოვანია. ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, ბოლო მატჩებში ტკივილით ვთამაშობდი, რამაც გარკვეულწილად იმოქმედა ჩემს ბოლო თამაშებზე.

წინ სანაკრებო შესვენებაა, როდესაც საქართველოს ნაკრები ფარერის კუნძულებისა და კაბო ვერდეს ნაკრებებს ეთამაშება. ლუკას ნმეჩას ის ვარდა განსაკუთრებით დასანანი კი ამ ჭრილშია, რადგან ტრავმის პირობებში, დიდია ალბათობა, რომ ქართველს ის სანაკრებო შეკრება გაუცდეს, რომლის მეორე შეხვედრასაც მისი მშობლიური ქალაქი, ქუთაისი უმასპინძლებს.

ბუდუ ზივზივაძე – ბუნდესლიგა

ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგა 2025-26 ბოლო გუნდად დააკომპლექტა. მომდევო სეზონი გერმანიაში 16 აგვისტოს სუპერ თასით დაიწყება, ხოლო უშუალოდ ჩემპიონატი 22 აგვისტოს განახლდება.

ახალი სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება, იქამდე დიდი დროა. ეს დრო კი დასვენებისა და მომზადებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

მადლობა გულშემატკივრობისთვის, დიდი სურვილი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მეტად გაგახარებთ თქვენ და ქართველ გულშემატკივრებს.

ბუდუ ბუნდესლიგაში – თავგადასავალი მინიმუმ, კიდევ 1 წლით გრძელდება. ცხადია, ჰაიდენჰაიმისგან სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობასა და გაძლიერებას ველით, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრანკ შმიდტის გუნდს 1 სეზონის წინანდელი ბოხუმის მაგალთი აქვს, რომელიც ბუნდესლიგაში პლეი ოფის გზით სასწაულებრივად კი დარჩა, თუმცა შემდეგ შემადგენლობა ვერ გააძლიერა და ახლა უკვე ბუნდესლიგა 2-ში დაქვეითდა.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ბუნდესლიგა 2025-26

შესაბამისად, მომდევნო ბუნდესლიგური სეზონი, რომელიც 22 აგვისტოს დაიწყება, ასე დაკომპლექტდა.

ბაიერნი
ლევერკუზენი
აინტრახტი
დორტმუნდი
ფრაიბურგი
მაინცი
ლაიფციგი
ვერდერი
შტუტგარტი
მიონხენგლადბახი
ვოლფსბურგი
აუგსბურგი
უნიონ ბერლინი
ზანქტ პაული
ჰოფენჰაიმი
ჰაიდენჰაიმი
კიოლნი
ჰამბურგი