ბედობა? – მე ბედობის მჯერა. არ ვიცი, ალბათ, ცრუ მორწმუნე უფრო არ მეთქმის, მაგრამ ამ შემთხვევაში ბედობის მაგიის მწამს. ამის მიზეზი ინდუქცია, დაკვირვება და მერე 2 იანვარზე გასწორებული 363 დღეც კი შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო პლაცებოს მაგვარი მგონია ბედობის ეფექტი. ამ სტატიაში შოთა არველაძის ბედობა გავიხსენოთ 2005 წელს.
ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტად არიან იმ წიაღით მოცულნი, რომელსაც საზოგადოდ ცრუ რწმენების სიბრტყედ ვნათლავთ ხოლმე.
მათგან ყველაზე საინტერესო შოთა არველაძის შოტლანდიური, აიბროქსული ისტორიაა.
დღეს 2 იანვარია, ბედობა და ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ყოფნის კარგად, მუშაობა, უფრო სწორად, თქვენთან setantasports.com-ის ციფრული გვერდებიდან საუბარიც მინდა, ტრადიციულად, დავიბედო.
ბედობა შოთა არველაძე
შეიძლება ამ დღის მაგიის სულაც არ გჯეროდეთ, გადაჭარბებულად ან სულაც სასაცილოდ გეჩვენებოდეთ ამ დღით მთელი წლის განსაზღვრის შესაძლებლობა, თუმცა თუკი, ბედობის ქართული კოლექტიური მეხსიერების საფეხბურთო განჯინას გამოაღებთ, იქ შოთა არველაძის ისტორია აუცილებლად დაგხვდებათ.
საქართველოს ნაკრებში 61 მატჩში 26 გოლის გამტანმა ფორვარდმა გლაზგოში 4 წელი გაატარა. შოთა რეინჯერსში 2001-2005 წლებში თამაშობდა.
ბედობა – შოთა არველაძე – ისტორია გლაზგოური კარიერის დასკვნით წელს ეხება, რომლის პირველი ნაწილიც შოთიმ რეინჯერსში, მეორე კი – ალკმაარში გაატარა. 2005 წელი არველაძეს მართლაც გამორჩეული ჰქონდა.
მის ეს ჩანახატი კი წლების წინ არტარეას ეთერში იყო.
“ვიწვალე ის წელი მაგრად, ტრავმები, აქეთ, იქით… მოვიდა ახალი წელი, ჩაიფიქრე, ისა, ესა…
დასვენება გვაქვს. მაგრად ცივა, მოყინულია მთელი გლაზგო.
ბედობას ხიზანას ვეუბნები, ბაზაზე მივდივარ, წამომყევი – მეთქი…
ტრავმას უკვე ვირჩენ… ხიზანა, რა თქმა უნდა, არ წამომყვა.
დღეს რომ ბუცი, წვივსაცავი,[ეკიპირება] არ ჩავიცვა, შანსი არ არის – მეთქი.
დილაა 11 საათი. მივედი ბაზაზე. ავიღე 20 ბურთი. რეინჯერსის ფორმა ჩავიცვი. გამოვედი მინდორზე. ავაგდე თავით შევაგდე, ავაგდე მარჯვენათი შევაგდე, ავაგდე მარცხენათი შევაგდე.
აქეთ კარში ხომ ვურტყი ყველანაირი, მერე იგივე მეორე კარში გავაკეთე…
ჯონ გრეკი რეინჯერსის ლეგენდაა, მოვიდა ბაზაზე, დამინახა, რომ მარტო დავრბოდი, ამ ცარიელ კარში ვურტყამდი. 2 საათს ვუხსნიდი, რას ნიშნავს ბედობა.
იმ წელს ერთად 25 გოლი გავიტანე…”
შოთა არველაძე