ბავშვთა ფეხბურთი, საძირკველი, უფრო ბალავარი, რომელსაც ბოლო წლებში საქართველოში ბევრად უკეთესად თლიან. შედეგიც სახეზეა, შედეგი საქართველოს პირველი ნაკრები და ევროპაში ქართველი ფეხბურთელების წარმატებაა.
თუმცა პრობლემები მაინც არსებობს. მათგან ყველაზე მწვავე, კი შესაძლოა, ბავშვებზე უნებური უარყოფითი გავლენა იყოს.
ვინ მოსთვლის, მინდვრის კიდესთან შეკრებილ მშობლებს რამდენჯერ დაუძაბავთ ვითარება მინდორზე?! კითხვა რეტორიკულია, ათამდე პირადად განმიმუხტავს.
ბავშვთა ფეხბურთი – გამარჯვებისთვის თუ სწავლისთვის
რისთვის თამაშობენ ბავშვები? პასუხი მარტივია და თითქოს ყველამ იცის, არა? ვარჯიშებზე ნასწავლი, ოფიციალურ თუ ამხანაგურ, მატჩში უნდა გადაიტანონ მოედანზე.
ფეხბურთის სულისკვეთებაც და შინაარსიც გამარჯვებისთვის თამაშია, კი ბატონო. თუმცა რის ფასად? ბავშვების ფსიქიკის, მსოფლმხედველობისა და შემართების დამახინჯების ხარჯზე?
ცხადია, არაო, – ყველა გეტყვის. გააჩერე ქუჩაში, 10-დან 10 მაგას გეტყვის, მაგრამ ბავშვების თამაშებზე ხშირად განსხვავებულ სურათს ვხედავთ ხოლმე.
მსაჯის გინება, თუნდაც საკუთარი შვილის მოტივაციისთვის გაუგებარი შეძახილები, რომელიც შეიძლება უფრო კონტრპროდუქტიულიც იყოს ხოლმე, მეტოქე გუნდიდან ბავშვის შეფასება “არ იცის” და სხვა მსგავსი რეპლიკებით.
არადა ბავშვები უპირველესყოვლისა სწავლისთვის თამაშობენ. გამარჯვებასაც სწავლა სჭირდება, თუმცა არა დამახინჯებულად, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მაგალითების მიცემით.
მე არც ტრიბუნა მომიდგამს და არც რაღაც ეფემერულზე ვწერ. ფეხბურთის სტადიონი ჩემთვისაც ემოციების თავშეყრის ადგილია, თუმცა არა ბავშვთა ფეხბურთი, მისი მატჩი და იქ არსებული გარემო.
“ფეხბურთის თამაშს ვაგრძელებთ”
მაშინ როდესაც საბურთალოს პირველი გუნდი ეროვნულ ლიგაში ჯერ კიდევ საწყის ნაბიჯებს დგამდა, გუნდი უფრო მეტად იყო აკადემიის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული.
ახალგაზრდულ გუნდს, ახალგაზრდა გიორგი ჭიაბრიშვილი წვრთნიდა. მაშინ მე საკომენტატორო საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი.
ერთ-ერთ შეხვედრაში საბურთალო დიდი ანგარიშით მარცხდებოდა. მორიგი გოლის გაშვების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის შეძახილი, თითქმის ცარიელ სტადიონზე მკაფიოდ ისმოდა: “არაუშავს, ბიჭებო. ფეხბურთის თამაშს ვაგრძელებთ!”.
იმ შეძახილის ექო დღემდე ყურში მაქვს. ცხადია, შინაარსის გამო. საბურთალო იმ საღამოს უტევდა, მარცხდებოდა თანაც უპირობოდ, თუმცა ახალგაზრდა გუნდი ქაოტურად არ თამაშობდა. ფრაზა “ფეხბურთის თამაშის გაგრძელებაც” ნასწავლის მინდორზე გადატანას გულისხმობდა.
და თუ გიორგი ჭიაბრიშვილს, საქართველოს 3-გზის ჩემპიონსა და წლის საუკეთესო მწვრთნელს, აქვს უნარი ოფიციალურ დონეზე მართებულად მიუდგეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, უფრო ადრეულ ასაკში, სადაც სასწორზე ფაქტობრივად არაფერი დევს, გამარჯვების დივიდენდის თვალსაზრისით, რა გვემართება?
გამარჯვება თუ ფეხბურთით გამარჯვება
ჩემს ბავშვობაში, როდესაც თავადაც ვთამაშობდი, ერთ-ერთი სოლიდური აკადემიის ჩემი ასაკის გუნდს წარსულში ცნობილი მწვრთნელი ჰყავდა. მისი გუნდები ფიზიკურობით გამოირჩეოდნენ.
“ავედიიიით” – დაიყვირებდა მეკარე, ცენტრალურ თავდამსხმელად ფიზიკური ფორვარდი იდგა, გაუშვებდა მისკენ ბურთს და მიდიოდა ჭიდაობა.
“პირველიიი” ან “მეორეეე” – თავისუფალ ან გადმოვარდნილ ბურთზე ბრძოლა და გაუთავებელი ფიზიკური ორთაბრძოლები. ფეხბურთი ნაკლები იყო. იმიტომ კი არა, რომ იმ გუნდს ეს არ შეეძო. არა! მიდგომა იყო ასეთი – ბავშვთა ფეხბურთში თითქმის, ყველა მოსაგებად თამაშობდა.
დღესაც ასეა, ფეხბურთი გამარჯვების სურვილის გარეშე არ არსებობს, თუმცა 2010-იანებიდან თანდათან მიდგომა თითქმის უნისონში შეიცვალა. უპირატესი მნიშვნელობა ფეხბურთს ენიჭებოდა, ხოლო გამარჯვებას – მეორე. მიზანი მოგება იყო, მხოლოდ ფეხბურთის თამაშით.
ცხადია, ორმხრივი გამონაკლისები მანამდეც იყო და დღესაცაა, თუმცა მიდგომა შეიცვალა და ეს ცნობიერების კვალდაკვალ მოხდა.
ახლაც იგივეა საჭიროა ბავშვთა ფეხბურთის მატჩის დროს ჯებირებთან მდგომი, ან მსხდომი მშობლებისა და ტექნიკურ ზონებში მყოფი მწვრთნელებისგან.
აბა ბავშვს მსაჯის მიმართ პატივისცემა როგორ ჩაებეჭდება, მამა, დედა, მწვრთნელი, მძღოლი, ბიცოლა, ბიძა, მღვდელი ან ძმა, თუ მას აგინებს, აკნინებს და მზად არის ფიზიკურადაც გაუსწორდეს?!
ესეც დისციპლინის ნაწილია და თუ მას დიდი არღვევს, ბავშვს რამდენიც არ უნდა უხსნას თეორიულად, ვერაფერს მიაღწევს.
დინამოს აკადემია 3:1 ინტერის აკადემია – ბავშვთა ფეხბურთი
ეს წერილი ძალიან არასასიამოვნო მოვლენას ეხება, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება ახლახანსაც ვნახეთ.
უფრო სწორად, ვერ ვნახეთ, გვიანღა გავიგეთ. თითქმის 1 კვირის წინ დინამოსა და ინტერის აკადემიების 9-წლამდე გუნდების მატჩის დროს მწვრთნელმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მწვრთნელებსა და მშობლებთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად კი მსაჯი ღუდუშაურის სახელობის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში, სახის მძიმე დაზიანებებით მოხვდა.
შემთხვევა ნოდარ ახალკაცის სახელობის ფესტივალზე მოხდა, რომელიც თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.
ინტერის აკადემიამ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მწვრთნელი პოსტიდან და აკადემიიდან გაათავისუფლა.
მომხდარზე სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი იმსჯელებს.