ბარსელონა vs ვალენსია – წინათქმა

დღეს, თბილისის დროით 23:00 ზე ბარსელონა ვალენსიას უმასპინძლებს და შეეცდება მეორე ადგილი დაიბრუნოს. მადრიდის რეალთან წაგებული კლასიკოს მერე სხვაობა უკვე 14 ქულაა. ბარსას ერთი მატჩით ნაკლები აქვს, მაგრამ ჩემპიონობაზე ფიქრი უკვე დამთავრებულია.

სამაგიეროდ, ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის, ჟირონამ ბარსას ერთი ქულით გადაასწრო და მეორე ადგილზე აინაცვლა.

ჩავი რჩება

კვირის მთავარი მოვლენა ჩავი ერნანდესის დარჩენაა მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ლაპორტამ მორიგი ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ისევ ჩავის ნდობა არჩია. ახლა ბარსას ფულიც არ აქვს იმისათვის, რომ ტოპ კლასის მწვრთნელი მოიწვიოს, და რომც ჰქონდეს, ძალიან გაჭირდება შესაბამისი კანდიდატის დათანხმება.

ასე ჩანს, ბარსა ჩავის ენდობა და ზაფხულში კიდევ ერთხელ შეეცდება შემადგენლობის გაძლიერებას. სასურველ ფეხბურთელთა შორის ასახელებენ ხვიჩა კვარაცხელიასაც.

ერთადერთი კარგი რაც ბარსას თავს ხდება აკადემიის გამართული მუშაობაა. ძირითადი გუნდი მუდმივად იღებს შევსებას, ყველა ერთ დონეზე, რა თქმა უნდა, ვერ ითამაშებს, მაგრამ ფაქტობრივად ყოველ წელს ერთ ვარსკვლავს იღებენ, რაც დიდი ამბავია.

ჩავი ახალგაზრდებს ენდობა, ჩანს კიდეც პოტენციალი იმისათვის, რომ გუნდი ძველ სიმაღლეს დაუბრუნდეს, მაგრამ პრობლემებიც თავს იჩენს ხოლმე – მძიმე, ან ქრონიკული ტრავმები. თუ არასრულწლოვნებს ასე დატვირთავ, ამ პრობლემებს ვერსად წაუხვალ.

სეზონის საუკეთესო მეკარე?

ლა ლიგაში ყველაზე ცოტა რეალს აქვს გაშვებული, მაგრამ თუ საუკეთესო მეკარეზე ვმსჯელობთ ეს სტატისტიკა დიდად ვერ დაგვეხმარება. ბევრი რამის გათვალისწინება გიწევს, პირველ რიგში, გუნდის – რამდენად დომინანტია, მერე დაცვის ხაზის, ბოლოს კი მეკარემდეც მიდიხარ. სტატისტიკას თუ უყურებ ყოველთვის კონტექსტის ძებნა მოგიწევს.

ძალიან ძლიერი მეკარეები არიან ლა ლიგაში თავმოყრილნი, შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებიც სწორედ ამ ლიგაში იყვნენ – კურტუა, შტეგენი, ობლაკი, და მამარდაშვილი.

ტიბოს დიდი ხანია ტრავმა აქვს. შტეგენსაც ბევრი გაუცდა. ობლაკი ყოველთვის სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს, მამარდაშვილს კი საოცარი პროგრესი აქვს. ის რაც მის მინუსად ითვლებოდა უკვე პლუსია – თერთმეტმეტრიანებს კარგად ვერ იგერიებდა, ამის გამო კრიტიკაც დაუმსახურებია, თავად ყველაზე კარგად გაიაზრა ეს მოცემულობა და სულ რაღაც რამდენიმე თვეში ნაკლი უპირატესობად აქცია.

ყველამ თავად განსაჯოს ასე მოკლე ხანში ნაკლის უპირატესობად ქცევას რამხელა შრომა და მენტალური ძალა სჭირდება.

ალბათ ვიქნები სუბიექტური, ვერ გავექცევი, მაგრამ შერჩენილი ობიექტურობითაც მიმაჩნია, რომ ამ სეზონის საუკეთესო მეკარეზე ვსაუბრობთ.

ეს კი ახალ და ძალიან საინტერესო კითხვას აჩენს – დარჩება თუ წავა? თუ წავა, მაინც საით გაუყვება გზას?

წინ ევროპის ჩემპიონატია, მამარდაშვილს დიდი დაკვირვება ისედაც აღარ სჭირდება, მაგრამ ეს სულ სხვა დონის ჩემპიონატი იქნება, ყველაფერი ხელის გულზე გამოჩნდება.

ვინ როგორ ფორმაშია?

ვალენსიას ბოლო ხუთ შეხვედრაში ორი მოგება, ორი წაგება და ერთი ყაიმი აქვს. გაიტანეს და გაუშვეს სამი გოლი. ვალენსიას ცოტა გააქვს და ცოტას უშვებს.

ბარსამ ლა ლიგის ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და ერთში დამარცხდა. ბარსამ გაიტანა რვა გოლი და გაუშვა სამი.

დანაკლისი

ბარსას გავი, ბალდე და დე იონგი დააკლდებიან. საეჭვოა პედრის თამაშიც, რომელიც მცირე დისკომფორტს გრძნობს და მხოლოდ სპორტდარბაზში ივარჯიშა.

ვალენსიას გაია, დიაკაბი და იარემჩუკი დააკლდებიან.

ბარსელონა vs ვალენსია – სად ვუყუროთ?

მატჩის ყურებას Setantasports.com-ზე შეძლებთ, ინგილსური და რუსული კომენტირებით.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე