ბარსელონა vs პსჟ – წინათქმა

დღეს თბილისის დროით 23:00 ზე ბარსელონა სენ ჟერმენს უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა – 3:2. შეხვედრას დამატებითი მოტივიც თან ახლავს, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებულად ელის – როგორ დახვდება მონჟუიკი უსმან დემბელეს?

როგორ დახვდებიან დემბელეს?

ელიან რაღაც ისეთს, რაც ლუიშ ფიგუს დამართეს კამპ ნოუზე. რა თქმა უნდა, დემბელეს მიმართ ასეთი სიძულვილი არ არსებობს, ეს უფრო მცირეხნიანი ეფექტია, უსმანმა ბარსას კარში გატანილი გოლი აღნიშნა და ამან ძალიან გააბრაზა ქომაგი, რომელიც წლების მანძილზე არ კარგავდა დემბელეს იმედს, მან კი სწორედ მაშინ დატოვა კლუბი, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

დემბელე დანახარჯისა და შემოსავლის შეფარდების თვალსაზრისით ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერია ბარსელონას ისტორიაში. გარდა იმისა, რომ მოედანზე ვერ გაამართლა იმედები და ნეიმარის ჩანაცვლებასთან ახლოსაც არ ყოფილა, მისი მკურნალობის პროცესმა წაიღო ძალიან დიდი ფინანსური რესურსი.

ასევე, უსმანს დღემდე ვერ პატიობენ ლივერპულთან გაფუჭებულ მომენტს, რომლის მერეც ლიონელ მესი მიწაზე გაწვა და ხელები წაიშინა თავში, მიუხედავად იმისა, რომ ბარსას ანგარიში 3:0 მიჰყავდა. მესის ასეთი რეაქცია ჰქონდა იმიტომ, რომ იცოდა ენფილდზე რა რთული თამაში ელოდათ წინ. დანარჩენი ისტორიაა.

საქმე მხოლოდ გაფუჭებულ მომენტში არ არის, დემბელემ დაარტყა ისე, როგორც განვლო მთელი ბარსელონური კარიერა – არასერიოზულად მიუდგა ამ მომენტს, უდიერად, დაუდევრად, უპასუხისმგებლოდ. აი, ამას ვერ პატიობენ და რაღაც განსაკუთღებული დახვედრა მართლაც უნდა ვიხილოთ.

ჩვენი დროის კლასიკა

მანჩესტერ სიტი მადრიდის რეალისა არ იყოს, ბარსელონასა და სენ ჟერმენის დაპირისპირებაც კლასიკად ჩამოყალიბდა. არა მხოლოდ მოედანზე შეხვედრების გამო. კაი გვარიანი სიძულვილია ამ ორ კლუბს შორის, და მართალია ლაპორტა ურთიერთობის დალაგებას შეეცადა, მაგრამ ყველა ხვდება რომ ეს უბრალოდ მისი მეთოდებია, მტრობა კი გრძელდება.

პარიზელებმა ბარსელონას ზუსტად მაშინ მიაყენეს დარტყმა, როცა ყველაზე სუსტი ხელმძღვანელობა ჰყავდათ. ბართომეუს მმართველობა არათანმიმდევრული და ხშირად აბსოლუტურად გაუგონარი ქმედებებით ბარსელონას ნელ-ნელა ანადგურებდა, ამ დროს კი გამოჩნდა კატარის ფონდი, რომელმაც სირცხვილი ვერ აიტანა და ამ სირცხვილის მთავარი შემოქმედი თავისთან წაიყვანა – ნეიმარის ტრანსფერმა საფეხბურთო მსოფლიო შეცვალა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თანხა არა კლუბმა, არამედ სახელმწიფომ გადაიხადა. ეს იყო პასუხი 1:6 ზე.

თითქოს ჟოან გასპარის ბარსას ისტორია განმეორდა – კლუბს დიდი ჩავარდნა დაეწყო, როცა ლუიშ ფიგუში სარეკორდო თანხა მიიღო, მაგრამ გონივრულად ვერ დახარჯა. შედარებით მცირე ჩავარდნა დაეწყოთ, როცა ასევე სარეკორდო თანხა მიიღეს ნეიმარში და ვერც ამჯერად დახარჯეს ჭკვიანურად. უფრო დიდი ჩავარდნისგან კლუბი ლიონელ მესიმ იხსნა, რომლის გარშემოც ყოველთვის შესაძლებელია კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა, მაგრამ ამ ყველაფერს ფინანსური კრიზისიც მოჰყვა და ბარსა ნელ-ნელა ჩამოიშალა.

პარიზელების, ან, თუ გნებავთ კატარელების როლი ბარსას ჩამოშლაში არც თუ ისე მცირეა.

ბარსას ნაქები დაცვა კილიან მბაპეს წინააღმდეგ

მართალია ჯერ ოქროს ბურთს ვერ შეწვდა, რადგან ამ ინდივიდუალური ჯილდოს აღება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ კილიან მბაპე უკვე დიდი ხანია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. არ არსებობს დღეს მოთამაშე, რომელიც ამხელა სხვაობას ქმნიდეს მოედანზე, და თუ ვინმეს ეჭვი შეაქვს მის შესაძლებლობებში ეს მისივე ბრალია – შეაგვიანდა პარიზის დატოვება.

როგორც იწერება მადრიდის რეალში მისი გადასვლა დროის ამბავია, ახლა უკვე დარწმუნებით წერენ ამას, თუმცა, სანამ პრეზენტაციაზე არ ნახავენ მანამდე ყველას უჭირს დაჯერება. იქ რა და როგორ დახვდება ცალკე ამბავია და ნუ შევყვებით, ჯერ ბარსელონაში ჩავა კილიანი და ეცდება გუნდი ნახევარფინალში გაიყვანოს. კილიან მბაპე შევჩენკოს მერე იყო პირველი ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას კამპ ნოუზე შეუსრულა ჰეთთრიქი. ახლა სხვა სტადიონზე მოუწევს თამაში, მაგრამ მისი დაჭერა კვლავინდებურად რთული იქნება.

პირველ შეხვედრაში ბარსამ სიღრმიდან ითამაშა, მაქსიმალურად შეამცირეს სივრცე ცენტრალურ მცველებსა და მეკარეს შორის. ისე ჩანს რომ არც მოგებული მატჩის მერე გარისკავენ, მით უმეტეს, რომ მბაპეს გარდა, დემბელეს გაჩერებაც მოუწევთ, როგორც მინიმუმ იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ უსმანი ძალიან სწრაფია.

მას შემდეგ რაც ბარსელონას დაცვის ხაზში 16 წლის კუბარსი გამოჩნდა გუნდს არ წაუგია. პაუ 17 წლის გახდა, ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი მცველია. ასეთ ასაკში მცველებს ძალიან იშვიათად ენდობიან, მაგრამ ჩავიმ იცის რასაც აკეთებს და აღმოჩნდა რომ ძალიან სწორად აკეთებს.

კონკურენცია დიდია – პაუს კრისტენსენთან და მარტინესთან მოუწია ძირითადისთვის ბრძოლა, თითქოს მესამე ვარიანტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძირითადის წევრად იქცა და ახლა წარმოუდგენელიც კია ბარსას დაცვა მის გარეშე.

ყველაზე კარგი ამბავი ბალანსია ორ ცენტრალურ მცველს შორის. ისეთივე ბალანსი, როგორიც კარლეს პუიოლსა და ჟერარ პიკეს ჰქონდათ. არაუხო ხისტი, ფიზიკურად ძლიერი, ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, უყვარს დასწრებაზე თამაში და ხშირად შედის ბრძოლაში. პაუ პოზიციურად გაცილებით ძლიერია, უფრო რბილი შეხება აქვს ბურთთან და გაცილებით კარგად ამოაქვს ბურთი. შესაძლოა, ბარსელონას დაცვის ხაზის იმ დუეტს ვადევნებდეთ თვალს, რომელიც მთელი ათწლეული იქნება დაცვის ბურჯი. ასეთი საფუძველი ჩანს და ვნახოთ რა გველის წინ.

მანამდე კი გამოცდაა – კილიან მბაპე იქნება დასაჭერი.

ბარსელონა vs პსჟ – სად ვუყუროთ?

ბარსელონასა და სენ ჟერმენის შეხვედრის ყურებას სეტანტას სატელევიზიო არხებსა და Setantasports.com – ის პლატფორმაზე შეძლებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე