ბეილი წავიდა – რით დაგვამახსოვრა თავი

გარეთ ბეილმა კარიერა დაასრულა

გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. უელსელის ბოლო კლუბი ლოს ანჯელესი იყო. ბეილმა სულ რამდენიმე თვე ითამაშა MLS-ში და ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

ბევრ გულშემატკივარს უკმარისობის გრძნობაც დაუტოვა. თითქოს, გაცილებით მეტი შეეძლო, წესით და რიგით, თავისი თაობის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან ადრე აღმოჩნდა მადრიდის რეალის სათადარიგოთა სკამზე.

არადა, ასეთი რანგის ფეხბურთელები, ასეთ ასაკში, სკამზე არ სხდებიან.

სულ სხვაა ჩვენი პერსპექტივიდან დანახული, და სულ სხვა ბეილის პერსპექტივიდან აღქმული მისივე კარიერა. რას დაინახავს, როცა უკან მიიხედავს? პირველ რიგში, ჩემპიონთა ლიგის ხუთ თასს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს უკვე საკმარისია ბედნიერებისთვის.

პირველი ხმაური ბეილის ირგვლივ

მაიკონი მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველად ითვლებოდა, ნაკრებში დანი ალვესიც კი გადასვა სკამზე. ინტერი კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იყო. ჟოზე წავიდა, მაგრამ ვარსკვლავები დარჩნენ. რა თქმა უნდა, რედნაპის ტოტენჰემს ფავორიტის რანგში დაუხვდნენ და პირველ ტაიმში ოთხი გოლიც გაუტანეს, მაგრამ, მერე რაღაც უცნაური ამბავი დაიწყო.

თითქოს, სამი იდენტური გოლი გავიდა. მარცხენა ფლანგზე ათლეტური აღნაგობის უელსელი გარბის, ვერავინ აჩერებს, ვერავინ ეკარება, და მარცხენა ფეხით, ძლიერი დიაგონალური დარტყმით გააქვს გოლი.

ერთხელ, ორჯერ, სამჯერ..

მაიკონს არ იმჩნევს, ძანეტის არ იმჩნევს, არავის იმჩნევს.

ბეილი მაიკონის წინააღმდეგ - ინტერი 4:3 ტოტენჰემი | Setanta Sports
ბეილი მაიკონის წინააღმდეგ – ინტერი 4:3 ტოტენჰემი

ინტერის მცველები ბოლოს ასე ტიერი ანრიმ დაჩაგრა. მას მერე ასეთი უსუსური ინტერის დაცვა არასდროს გვენახა.

მილანელებმა მოიგეს 4:3, მაგრამ იცოდნენ, რომ ლონდონში კიდევ უფრო მეტად გაჭირდებოდა ამ ბიჭის გაჩერება.

იშვიათია ასეთი აფეთქება. მილანური მატჩის მერე ყველა ბეილზე საუბრობდა, ყველა მის აგენტს ეძებდა, მორატიმ თანხაც კი გაამზადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მისი ფასი ცამდე გაიზარდა და უმთავრესი გრანდები ჩაერივნენ საქმეში.

რა მოხდა აწგარდაცვლილ თეთრი გულების სტადიონზე? მოხდა ის, რასაც მთელი მსოფლიო ელოდა. გარეთ ბეილმა მაიკონი არც მეორე მატჩში დაინდო. და თუ ეს ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველს ასე ჩაგრავს, ესე იგი, ყველას დაჩაგრავს!

ბეილის ბოლო სეზონი ტოტენჰემში

ტოტენჰემს ყოველთვის ჰყავდა კარგი ფეხბურთელები, მათ შორის, უდიდესი ფეხბურთელებიც. მაგალითად, ლუკა მოდრიჩიც ტოტენჰემიდან გავიცანით უფრო ახლოს, მაგრამ ლუკას გავლენა არასდროს ყოფილა ტოტენჰემში ისეთი, როგორიც – ბეილის.

გარეთ ბეილის ბოლო სეზონი განსაკუთრებული მოვლენა იყო. ინგლისში არიენ რობენის სინდრომი გაავრცელა, – მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შესვლა და გასროლა! არ ატრიალებდა ყოველთვის ისე, როგორც რობენი, უმეტესად ძალაზე ჰქონდა გათვლა და არა ტექნიკაზე, მაგრამ გადიოდა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გოლი სანდერლენდთან, ბოლო გოლი მადრიდის რეალში გადასვლამდე. მცველი შეგნებულად უდგას ცენტრში, თითქოს კარნახობს, რომ ფლანგისკენ წავიდეს, მაგრამ ბეილი ჯიუტად მიდის ცენტრში, მაინც ატყუებს მეტოქეს და ულამაზესი გოლი გააქვს.

ამ დროს იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გარეთ ბეილს ყველაფერი შეეძლო. ბევრი კრიშტიანუ რონალდუსაც კი ადარებდა, ისეთივე ათლეტი იყო, ისევე ურტყამდა ჯარიმებს, მაღალი ნახტომით, თავით თამაშით, შორიდან გატანილი ულამაზესი გოლებით, მაგრამ.. ბეილი ბეილად დარჩა.

TOP 10 GARETH BALE GOALS FOR SPURS ? – Tottenham Hotspur Youtube Channel

სადებიუტო სეზონი რეალში

რთულია რეალში თამაში. ალბათ ყველაზე რთული. არავის დედამიწის ზურგზე ასეთი პრეტენზიული ქომაგები არ ჰყავს. ამ ხალხს მხოლოდ გოლებით ვერ გააკვირვებ, ამ ხალხისა და პუბლიკის გაკვირვება ძალიან რთული საქმეა.

ბერნაბეუზე მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც დი სტეფანოც კი ახსოვთ მოედანზე. იქიდან მოყოლებული რა აღარ უნახავთ, გინდა თავისი და გინდა მეტოქის ფეხბურთელისგან, ტაშს არ დაიშურებენ, მთავარია ერთი წამით მაინც სუნთქვა შეუკრა.

გარეთ ბეილის წარდგენა მადრიდის რეალში, სანტიაგო ბერნაბეუზე

ბერნაბეუზე ბეილის მიმართ ალბათ სტვენა მეტი იყო. არ მოუხდა რეალსა და ლა ლიგას ისე, როგორც პრემიერ ლიგას უხდებოდა, მაგრამ რამდენიმე წარუშლელი ამბავი მაინც დატოვა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დოღი მესტალიაზე. ფსიქოლოგიური დარტყმა, რომელიც მარკ ბარტრას მიადგა. ბარტრას დღემდე კოშმარებში ესიზმრება ბეილი, ის გარბის, ეს კი ვერ ეწევა.

კოპა დელ რეის ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა და რეალს სამეფო თასი მოაგებინა.

მომდევნო დღე ჰგავდა ინტერთან თამაშის შემდგომ დღეს, – ყველა ბეილზე საუბრობდა.

ფინალი – რეალი-ლივერპული

ვერ მიიღო რეალში ისეთი როლი, როგორიც წარმოედგინა. ვერც მოდრიჩს გაუტოლდა, ვერც ბენზემას, ვერც კროოსს, მით უმეტეს, რონალდუს, მაგრამ თავის საქმეს ყოველთვის აკეთებდა.

ლივერპულთან ფინალში კი გადამწყვეტი როლი ითამაშა გამარჯვებაში. ბევრს მიაჩნია, რომ მთავარი პერსონა მაინც კარიუსი იყო, მაგრამ ბეილმა ისეთი გოლიც გაიტანა, სადაც კარიუსს ბრალი არ ჰქონია.

გოლი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. სავიჩევიჩის, ზიდანის, მანჯუკიჩისა და კრესპოს გოლებთან ერთად. ვიღაცისთვის, შესაძლოა საუკეთესოც იყოს.

Real Madrid 3:1 Liverpool 2018/2019 Champions League Final – Uefa Youtube Channel

უელსელებისთვის ნამდვილად ასეა.

შეცვლაზე შემოსულმა ბეილმა ორი გოლი გაიტანა და რეალს მეცამეტე ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

ბეილი კლუბში – ბეილი ნაკრებში

დიდი ჯიუტი ვინმე გამოდგა. მძიმე ხასიათით. ჩათვალა, რომ არ იმსახურებდა ისეთ დამოკიდებულებას, როგორიც რეალში მიიღო. არც ძირითადისთვის უბრძოლია თავგამოდებით. უბრალოდ, კომფორტულად მოთავსდა სათადარიგოთა სკამზე, ხანდახან გოლფს ითამაშებდა და კიდევ ერთხელ იტყოდა, რომ არსადაც არ მიდის. რეალში თავს კარგად გრძნობს.

არადა, მთელი საფეხბურთო მსოფლიო ელოდა, რომ პრემიერ ლიგაში დაბრუნდებოდა, იმავე დონეზე თუ არა, დიდ ფეხბურთს მაინც ითამაშებდა, მაგრამ ძალიან დიდი დრო დაიკარგა, ბეილმა ტოტენჰემში დაბრუნება დააგვიანა. აღარც მოტივაცია ეტყობოდა, აღარაც ხალისი, აღარც ენთუზიაზმი.

სულ სხვა ამბავი იყო ეროვნულ ნაკრებში. აქ ნამდვილად გრძნობდა ბეილი სიყვარულსაც და დაფასებასაც. ამიტომ, ბოლო წლებში ნაკრების შემადგენლობაში ბევრად კარგი ფეხბურთი ითამაშა.

უელსს მხოლოდ 1958 წელს ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები. მას შემდეგ ყველა გამორჩეულ უელსელზე ამბობდნენ, რომ მუნდიალზე ვერასდროს ითამაშებდნენ, – იან რაში, რაიან გიგზი და სხვები.

ბეილმა წერტილი დაუსვა ამ ამბავს. სადაც ფეხბურთს თამაშობენ, თავისი ნაკრები ყველგან გაათრია. ის ეროვნული გმირია.

Bale goals for Wales – Uefa Youtube Channel

ევრო 2016-ის ნახევარფინალი იყო მისი ნაკრების მწვერვალი! მეოთხედფინალში ძალიან ძლიერი ბელგიის ნაკრებიც დაამარცხეს. არც პორტუგალია ჩანდა დაუმარცხებელი, მაგრამ მხოლოდ ბეილი ვერაფერს გახდა.

უდავოდ, უელსის საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

თუმცა, კონკრეტულად პრემიერ ლიგაში, ალბათ გიგზი უფრო მაღლა დგას.

გოლფი?

გოლფი უყვარს ბეილს.

გოლფი უყვარს გვარდიოლასაც.

პეპი უდიდეს ენერგიას ხარჯავს ფეხბურთზე და გოლფით ისვენებს.

ბეილმა კი ფეხბურთელობისას დაიწყო დასვენება და გოლფს მოახმარა ენერგია. ახლა საკმარისი დროც ექნება და ძალაც, შეუძლია დაიჭიროს ჯოხი და იქნიოს ელმო მაკელროივით.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე