ასტანა vs დინამო თბილისი – ყველაფერი მატჩის შესახებ

ასტანა vs დინამო თბილისი - ყველაფერი მატჩის შესახებ | Setanta Sports

ასტანა vs დინამო თბილისი – საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს ყაზახეთში იწყებს. ფავორიტი ასტანაა, თუმცა უშანსოდ არც თბილისური გუნდია.

როგორი გუნდია ასტანა

ასტანა ყაზახეთის მოქმედი ჩემპიონია. ეს გუნდი ძველი ასტანას სამართალმემკვიდრე ფურცელსა და იურიდიულად არ არის, შესაბამისად, ამ ფორმაციის გუნდის ისტორიაც 2009 წლიდან იწყება.

ასტანა ხელისუფლების გუნდია. კლუბის მესაკუთრე, 2008 წელს შექმნილი ყაზახეთის საინვესტიციო ჰოლდინგია, რომლის ერთადერთი აქციონერიც ყაზახეთის მთავარობაა.

კლუბის მთავარი მწვრთნელი სომხური წარმოშობის ყაზახი სპეციალისტია. გრიგორი ბაბაიანი ასტანას სტრუქტურაში 2013 წლიდანაა. მთავარი მწვრთნელად კი ის კლუბში 2022 წელს, ოკუპანტების, მოსკოვის ცსკა-დან დაბრუნდა.

მისი ფორმაციის ასტანას 2022 წლის 14 სექტემბრიდან მოყოლებული 31 მატჩი აქვს გამართული. აქედან ბაბაიანის გუნდი მხოლოდ 5-ჯერ დამარცხდა.

ასტანა 3-4-2-1 და 4-2-3-1-ით თამაშობს. ბოლო ორი შეხვედრა ბაბაიანმა სამი მცველით დაიწყო. აქედან ჩემპიონატში აკტაუ კასპიის წინააღმდეგ გასვლაზე 2-1 მოიგო, ხოლო ბოლო შეხვედრა სუპერ თასის ნახევარფინალში ორდაბასისთან 0-2 წააგო.

საგულისხმოა, რომ ბოლო მატჩში ლიდერების დიდი ნაწილი ბაბაიანმა დაასვენა.

ვინ არიან ასტანას გამორჩეული ფეხბურთელები

გუნდის ძირითადი მეკარე იოსიპ ჩონდრიჩია. 29 წლის ხორვატი მეკარე ზაგრებიდანაა. 194 სმ სიმაღლის კარის დარაჯი ასტანაში სადებიუტო სეზონს ატარებს. ის ყაზახეთში ბოსნიური ჟრინსკიდან გადავიდა.

საგულისხმოა, რომ ჩონდრიჩს პენალტების მოგერიება ურიგოდ არ გამოსდის. 39 პენალტიდან 7 აღებული და 32 გაშვებული აქვს. ბოლო პენალტი, ხორვატ მეკარეს გიორგი ფანცულაიამ გაუტანა, რომელიც ახლახანს ქუთაისის ტორპედოში დაბრუნდა.

დაცვაში ბაბაიანმა სომხეთის ნაკრების კაპიტანი ვარაზდათ ჰაროიანი დაიმატა. კადისური გამოცდილების მქონე მცველი ბოლოს ანორთოსისში თემურ ქეცბაიასთან იყო.

1.85 სმ სიმაღლის მცველის გარდა დაცვაში ალექსა ამანოვიჩი გამორჩევაც შეიძლება. მაკედონიელის სანაკრებო მაქსიმუმი U21 იყო.

ნახევარმცველებისა და შემტევებისგან გამორჩეულები მაქს ებონგი, მარინ ტომასოვი, აბატ აიმბეტოვი, ფაბიან ოურეგა და დემბო დარბო არიან.

დარბო გუნდში ახალ მოსულია და ძირითადში არ მოიაზრება. ტომასოვი 35 წლისაა და გუნდის გამორჩეული ბომბარდირია. საუკეთესო ფორმაში კი აიმბეტოვია. ყაზახეთის ნაკრებისა და ასტანას ფორვარდს 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული 30 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი.

ამას გარდა, ახლახანს ასტანამ ორი ფეხბურთელი დაიმატა. ბოსნიის ნაკრების ნახევარმცველი სტეფან ლონჩარი ჟუპილერლიგის კორტრაიკიდან და აკტობედან მცველი ალექსანდრ მაროჩკინი.

რატომ არის მატჩში ფავორიტი ასტანა

უპირველესყოვლისა ასტანას უკეთესი კოეფიციენტი ჰქონდა. ამიტომაც ყაზახეთის ჩემპიონი წყვილში განთესილია, დინამო თბილისი კი ცხადია, განუთესავი.

დინამო თბილისის შემადგენლობის ღირებულება Transfermark-ის მიხედვით 8.93 მილიონი ევროა, ასტანასი კი – 13.83 მილიონი.

ეს გადამწყვეტი ფაქტორი სულაც არ არის და ამის ნათელი, თანაც ქართული რეალობის მაგალითი გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი ლოკომოტივის მიერ მოსკოვის დინამოს დამარცხებაა, თუმცა საორიენტაციოდ მაინც გამოდგება.

2016 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის გაზაფხული შემოდგომის სისტემაზე გადასვლა მიზნად საკვალიფიკაციო ეტაპებზე ქართული გუნდების ტონუსში ყოფნას და ამ მხრივ უპირატესობის შექმნას ემსახურებოდა.

ჩემპიონატი ყაზახეთშიც მიმდინარეობს, ამიტომაც ეს პოტენციური უპირატესობაც ბათილდება.

გასათვალისწინებელია სატრანსფერო პოლიტიკაც. ეს საკითხი ხომ ქართული კლუბების აქილევსის ქუსლია.

არათანმიმდევრული დაფინანსების სისტემის გამო, ასევე, ბაზრის საერთო მოთხოვნებთან შედარებით დაბალი რესურსების გამო, ქართული კლუბები მუდმივად ზედ საკვალიფიკაციო ეტაპების წინღა ახერხებენ ხოლმე ტრანსფერებს. ეს კი შეუთამაშებლობის პრობლემას აქტუალურს ხდის.

მართალია დინამო თბილისის ამ ფორმაციის გუნდს ეს შედარებით ნაკლებად ეხება, თუმცა ყველაფერი შედარებითია. ამ კომპონენტში მოწინააღმდეგეს დინამო თბილისი ნამდვიალად არ ჩამორჩება.

ასტანას სატრანსფერო პოლიტიკასაც ჰიბრიდული და, განვითარებადი ქვეყნისთვის, დამახასიათებელი უფრო ეთქმის, ვიდრე თანმიმდევრული და ერთ ვერტიკალზე გასწორებული.

გამორჩეულ ფეხბურთელთაგან რამდენიმე გუნდში 1 წლის მისულია.

საერთო ჯამში, კონკრეტულად დღევანდელ მატჩში ფავორიტი მართალია ასტანაა, თუმცა წყვილში შანსები მაინც თანაბრად უნდა შეფასდეს, რადგან შემადგენლობებს, რომ თავი დავანებოთ, გარემო ფაქტორები, ხომ თბილისში დინამოს სასარგებლოდ შემოტრიალდება.

რას ცვლის ხელოვნური საფარის მოედანი

უპირატესობა ამ კომპონენტში ასტანას მხარესაა. ხელოვნურ საფარს, რაც არ უნდა მოდერნიზებული იყოს, ბუნებრივი საფარისგან ამორტიზება, ბურთის მოძრაობის სისწრაფე და ტრაექტორია განაპირობებს.

როდესაც ამ საფარზე მუდმივად თამაშობ, მის ეკოსისტემასთან ბოლომდე ადაპტირებული ხარ. მოკლე დროში კი ამის გაკეთება შედარებით რთულია.

ამის მიუხედავად FIFA და UEFA შემოწმებულ და სერთიფიცირებულ გაზონზე მატჩების ჩატარების ნებართვას გასცემს.

სკანდალი ასტანა არენის ხელოვნურ საფარზე

ასტანა არენის ხელოვნურმა საფარმა ბოლო პერიოდში დიდი სკანდალი გამოიწვია. ყაზახეთის დედაქალაქში საფარი 2020 წელს იტალიურმა კომპანიამ Limonta Sport-მა ჩაიტანა.

მისი მფლობელი სიამაყით ამბობდა, მალე მილანისა და რეალის დარი საფარი გვექნებაო. თუმცა რამდენიმე თვის წინ გაირკვა, რომ მას ბოლო თაობის საფარის თანხას 336 მილიონ ტენგეს, რაც 2 მილიონ ლარამდეა, სრულად არ უხდიდნენ.

ის იტალიელი კაცი ამბობდა ან ჩემი 193 მილიონი ტენგე დამიმატეთ, ან არადა საფარს ავიღებ და წავიღებო. ბოლოს როგორ დალაგდნენ, ამაზე ინტერნეტ წყაროებში ოფიციალური ინფორმაცია არ იძებნება, თუმცა მას შემდეგ ასტანა არენაზე ასტანამაც ითამაშა და ყაზახეთის ნაკრებმაც.

ასტანა vs დინამო თბილისი – ვინ არის მსაჯი

მატჩის მთავარი მსაჯი 34 წლის კრისტიან პეტრუ ჩიოკირკა იქნება. რუმინული წარმოშობის არბიტრი ავსტრიის მოქალაქეა და FIFA-ში სწორედ ავსტრიის სახელითაა რეგისტრირებული.

ბუქარესტში დაბადებულ მსაჯს რომელიმე ქართული კლუბისა და ან ნაკრების მატჩი არ უმსაჯია და არც სამსაჯო ბრიგადაში ყოფილა.

მეტიც, ყაზახებთანაც მას მხოლოდ 1 თანაკვეთა აქვს. ყაზახეთის U17 პორტუგალიასთან განადგურდა.

უმეტესწილად მას UEFA ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ტვირთავდა. საკვალიფკაციო ეტაპებზე მსაჯობა გასულ სეზონში დაიწყო. ჩიოკირკას მსაჯობა გვერდით არბიტრად აქვს დაწყებული 10 წლის წინ.

შიდა დონეზე კი ავსტრიის ბუნდესლიგისა და თასის მატჩებს აქტიურად მსაჯობდა. შესაბამისად, მასზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ოთარ კიტეიშვილისგან, ლუკა ლოჩოშვილისგან ან გურამ გიორბელიძისგან შეიძლება.

რაც შეეხება მსაჯობის სტილს, შერეულია. რთულია, გადაჭრით თქვა მკაცრ, ორთოდოქსულად მსაჯობის მიმდევართა კატეგორიაშია თუ არა. აქვს მატჩები სადაც 10-მდე ბარათი აქვს ნაჩვენები და არის მატჩები, სადაც შეხვედრა საერთოდ უბარათოდ ჩაამთავრა.

როგორი ამინდია ასტანაში

ყაზახეთის დედაქალაქში დღეს, ამ კვირაში ყველაზე მაღალი 39 გრადუსი სიცხეა ნავარაუდები. ეს კი სასიამოვნო ამბავი ვერაფრით იქნება.

მატჩის დაწყების დროისთვის ტემპერატურა 35 ცელსიუსი იქნება, დასასრულისკენ კი – 29.

ამის გათვალისწინებით მატჩის ავსტრიელი არბიტრი გამაგრილებელ ან წყლის შესვენებას გამოიყენებს. მათ შორის სხვაობა ქრონომეტრაჟშია. თუკი 2014 წელს ბრაზილიაში პაუზა სამ წუთს გრძელდებოდა, ევრო 2020-სა და კატარის მუნდიალზე დრო 1 წუთიდან 1.5 წუთამდე ჩამოვიდა.

დინამო თბილისის განაცხადი ასტანას წინააღმდეგ

დინამო თბილისი ყაზახეთის დედაქალაქში 21 ფეხბურთელით გაემგზავრა. საქართველოს ჩემპიონს ტრავმის გამო ანზორ მექვაბიშვილი ვერ დაეხმარება.

მეკარეები: გიორგი ლორია, ლუკა კუტალაძე, დავით კერესელიძე

მცველები: ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლუკა ლაკვეხელიანი

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, გაბრიელ სიგუა, ბარნს ოსეი, გიორგი ხარაიშვილი, იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი

შემტევები: უსმანე კამარა, მუსა სანგარე, დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი.

რა თქვა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე

სად და როგორ ვუყურო ასტანა vs დინამო თბილისი-ის მატჩს

ასტანა vs დინამო თბილისი საქართველოს დროით 18:00 საათიდან დაიწყება. ამ დროს კი ყაზახეთში 20:00 საათი იქნება.

პირდაპირ რეპორტაჟი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე