სარჩევი
თბილისელი ვარ ბიჭო! - დღე მეათე | Setanta Sports

ნაკრებს მატჩისწინა ვარჯიში აქვს დაგეგმილი, ვილის – მატჩისწინა პრესკონფერენცია აუფ შალკეზე. მე კი დავალება მივიღე რომ კითხვა დავსვა ბუდუზე. რატომ არ ათამაშეს, რას უკავშირდება მისი უთამაშებლობა, სად მარხია განხეთქილების თავი.. თუ ვაშლი.

არ მოვისურვე ამ კითხვის დასმა, რადგან უადგილოდ მივიჩნიე. პასუხიც კი დავწერე წინასწარ – ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია! აუცილებლად მოჰყვებოდა ამ კითხვას, რადგან მსოფლიოში ნებისმიერი ნორმალური მწვრთნელი, ამ კითხვას ასე პასუხობს. რატომ უნდა იკითხო ის, რაზეც წინასწარ იცი პასუხი?!

ჟურნალისტიკა კი გეუბნება რომ უნდა იკითხო, რადგან საზოგადოებაში ეს კითხვა გაჩნდა, და რადგან ასეა, მათი ხმა უნდა მიიტანო იქ სადაც საჭიროა და მერე პასუხიც გამოარბენინო, რაც არ უნდა მოსაწყენი და მოსალოდნელი იყოს.

მაინც არ ვიკადრე ეს ამბავი, თუმცა, კითხვა დაისვა. ვილიც გაბრაზდაო როგორც მოგვიანებით მითხრეს, მაგრად აენთოო და სულ ყეყეჩი და ბრიყვი ეძახა ყველასო. ამისთვის ყოფილა თურმე ეს კითხვა საჭირო, მწვრთნელის წყობიდან გამოსაყვანად. ეს ხომ კარგად იყიდება?! გაიტან მერე სხვადასხვა სოციალურ ქსელში რომ „ვილი გაბრაზდა“ და მოჰყვება ამას დიდი ამბავი, გამოხმაურება, „ლაიქი“ „შეარი“, ეს ყველაფერი კი მაფიქრებს იმაზე საერთოდ სხვაგან ხომ არ მოვხვდი? თუ ეს ყველაფერი აბსოლუტურად ზედმეტად, და ხანადახან ამაზრზენადაც კი მეჩვენება, ნუთუ მაინც არის ჩემი ადგილი ჟურნალისტიკაში? თუ ხალხი გავალდებულებს რომ ასეთი კითხვებიც დასვა, კონსპირაციულ თეორიებში შეხვიდე და აუფ შალკეს ფსკერამდე დაეშვა, სათადარიგო მინდვრის საფარს ქვემოთ, მაინც სწორ ადგილზე ვარ ვითომ?

აჰა, ისევ ეგზისტენციალურ კრიზისს ვუახლოვდები.

წავიდა იმედა პრესკონფერენციაზე, მე კი ფელბერტში წავედი ვარჯიშზე. აქეთ-იქით ვერ მოასწრებ. თუმცა, გადაიწევა ხოლმე ვარჯიში პრესკონფერენციის დროს. სანამ მწვრთნელი და ყველა ფეხბურთელი არ მოიყრის თავს ერთად, მანამდე ვარჯიშიც ვერ დაიწყება. ფელბერტში ჩასვლა კიდევ ყოველთვის მახარებს, განსაკუთრებით ის ადგილი სადაც ჩვენი ნაკრები ცხოვრობს და ვარჯიშობს. მართალია, პორტუგალიელების ბაზის მსგავსად გრანდიოზულად არ გამოიყურება, მაგრამ მაინც ზღაპრული ადგილია.

ვარჯიშზე ჩვეული სურათი ვიხილეთ, ყველა კარგ ხასიათზე, კარგი განწყობით, ვიღაც ხუმრობს, ვიღაცა ჯერ კიდევ გამოფხიზლებას ცდილობს. საბა ლობჟანიძის გამოჩენას ერთი-ორი გამამხნევებელი ტაშიც მივაყოლეთ და ჩვენმა მაგარმა ფოტოგრაფებმაც დაიჭირეს ოქროს კადრები.

ვარჯიშზე დასაშვები 15 წუთი ამოგვეწურა, მასალები ავტვირთეთ, რასაც, როგორც წესი, ძალიან დიდი დრო მიაქვს, იმიტომ, რომ ინტერნეტი საშინლად მუშაობს და წავედი იქვე ახლოს მდებარე კაფეში, იქ ვაპირებდი საფრანგეთი – პოლონეთის ყურებას. გზად ლაშა დვალიშვილი შემხვდა და მისი მომზადებული პორტრეტები გავახსენე, ტელეკომპანია მზეზე გავიდა – არველაძეებზე, ნემსაძეზე, კობიაშვილზე, ხიზანიშვილზე, ალბათ სხვა ფილმებიც იყო, ძალიან კარგად მახსოვს, მთელი ოჯახი ვუყურებდით ხოლმე, ახლა ვიხსენებ ეპიზოდებს და სულ სხვა ღირებულებას შეიძენდა დროში, უფრო მეტად მნიშვნელოვანიც გახდებოდა, ლაშამ კიდე მითხრა რომ ეს მასალა ვერ შეინახეს, ვერ მოუარეს და დაკარგეს. ტელეკომპანია მზესაც სხვა ტელევიზიების ბედი ხვდა წილად, ხელიდან ხელში გადადიოდა, პოლიტიკური მრწამსის შესაბამისად ჯიჯგნეს და ამ გლეჯვაში ეს უნიკალური მასალაც დაიკარგა.

მაინც გავაგრძელებ ძებნას, მაგრამ, ლაშამ თუ ვერ მიაგნო თავისივე მასალას, აბა მე სად უნდა ვიპოვო?!

ცოტა ხნით სკვერში გავჩერდი და ბავშვებთან ერთად ფეხბურთი ვითამაშე. ძირითადად თურქები და არაბები იყვნენ. უეფას ბეიჯმა აქაც დიდი ყურადღება მიიქცია. გკიდია გულ-მკერდზე ეს საშვი და ყველას დიდი კაცი ჰგონიხარ. თვალებში არც გიყურებენ, მხოლოდ ბეიჯს მიაშტერდებიან ხოლმე.

თურქი გოგოები კი ძალიან მაგრად თამაშობენ ფეხბურთს!

უკანა გზაზე კი მეტად უცნაური ამბავი გადამხდა, ჩავჯექი ავტობუსში და თქვენ ეს თბილისის ავტობუსი არ გეგონოთ, სულ რაღაც სამი კაცი ვზივართ. ერთ-ერთ გაჩერებასთან ველომრბოლელები დავინახე, ჩვენსკენ ამოდიოდნენ დაღმართიდან, ვერ ვიტყვი რომ ლენს არმსთრონგის ელვისებურებით მოქროდნენ, მაგრამ მაინც კარგი სანახავი იყო და დავაძრე ჩემი აიფონი, დავიწყე გადაღება და მძღოლმა მითხრა აქ ფანჯარა შეგიშლის, გადადი და გარეთ გადაიღეო, ვაჰ, ახლა რომ გადავიდე და დაგაზოს ამან, მერე სად მივდივარ?!

ხომ დამელოდები-მეთქი, ვკითხე. ხო, აბა რას ვიზამ, გადაიღე და აქა ვარო.

გადავხტი უცბად და დავიწყე გადაღება, თან ცალი თვალი ავტობუსისკენ მაქვს რომ ვერაგულად არ გამასწროს, მერე კი მივხვდი რომ ავტობუსი არსადაც არ წავა, უცნაურად ჯიგარი მძღოლი აღმოჩნდა. ჩავჯექი და წავედით!

საიდან ხარო? ქართველი ვარ-მეთქი და გაეცინა. ამ დროს ჩავთვალე რომ თურქი იყო, იმიტომ, რომ, როგორც წესი, თურქ მძღოლებს ეცინებათ ჩემს ქართველობაზე. ცოტა ჩათლახურად – ჰიაა ჰიაა, გურჯისტააან, მერე კი გეფერებიან მეზობლურად, მაგრამ ამ სიცილით გახვედრებენ რომ მოიგეს ეს პირველი თამაში და გადაგვაყოლეს კიდეც აგერ უკვე მეორე კვირაა.

ამან კიდევ ცოტა სხვანაირად გაიცინა და მივხვდი რომ არ იყო თურქი, მაგრამ ვერ მივხვდი საიდან იყო. რამდენი ენა იციო – მკითხა. ოთხი-მეთქი ვუპასუხე და რუსულიც ვახსენე ამ ოთხში, რუსული მეც ვიციო, ეგ კი არა, ქართულიც ვიციო და აქ უკვე მე გამეცინა.

მერე კიდევ ქართულად დააყოლა – შენა, პაპიროზი არა გაქვს?

ეეეე…

თბილისელი ბერძენი ყოფილა.

თბილისელი ვარ ბიჭოო – შემომძახა სიხარულით.

თბილისში დაიბადა. დამტვრეული ქართულით ისევ ლაპარაკობს. გიორგი მქვიაო მითხრა, ძალიან მენატრება საქართველო, ენა კი დამავიწყდა, მაგრამ იქ რომ ჩავდივარ ყველაფერი მახსენდება, სულ მინდა რომ დავბრუნდე, მაგრამ არ გამოდისო. დასევდიანდა ცოტა არ იყოს. ამის მერე ბოლო გაჩერებამდე სულ ქართულად ვილაპარაკეთ.

გადმოვიდა მერე, ფოტოც გადავიღეთ და სადგურზეც მომეხმარა, რას და როდის უნდა გავყოლოდი.

დამშვიდობებისას ცრემლი მოერია და მეც ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს რომ ვინმეს ასე მაგრად გავახარებდი. ამ შემთხვევაში მხოლოდ იარაღი ვიყავი ქართული ენისა და ქვეყნის ხელში, მაგრამ მაინც, შევასრულე ეს როლი, ვიყავი შუამავალი საქართველოსა და მის კიდევ ერთ დაკარგულ შვილს შორის.

კარგ ხასიათზე გავბრუნდი უკან. ყოველი დღე რაღაც ახალს მასწავლის.