სარჩევი
საქართველო vs ჩეხეთი - ყველაფერი მატჩის შესახებ | Setanta Sports
2024 ივნ 21, 02:03 შ-მდე
6 წუთის საკითხავი

საქართველო vs ჩეხეთი – ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი 22 ივნისს, ჰამბურგში, გერმანიის დროით 15:00, ხოლო თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

საქართველო vs ჩეხეთი – ისტორიაში პირველად

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტი და თან, ისტორიაში 36-ე ნაკრებია, ვისაც კი მთავარ ტურნირზე უთამაშია. საქართველო vs ჩეხეთი – აქამდე პირველი ნაკრებების დონეზე ეს გუნდები არასდროს შეხვედრიან.

ჩეხეთი იქნება 72-ე განსხვავებული გუნდი ვისაც საქართველოს ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდება. ევროპის მასშტაბით კი ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრები იქნება 52-ე გუნდი. ცხადია, UEFA-ს დაფარვის ზონის მიხედვით, ამ 51 ნაკრებში ისრაელიც და ყაზახეთიც იანგარიშებიან.

საქართველო ფოლკსპარკშტადიონზე პირველად ითამაშებს, ჩეხეთი კი – მესამედ. ჩეხებს აქამდე, ჰამბურგში ორივე მატჩი წაგებული აქვთ. 2006 წელს ჯგუფში იტალიის იმ ნაკრებთან მუნდიალზე დამარცხდნენ, რომელიც მოგვიანებით ჩემპიონი გახდა. ხოლო 2016 წელს გერმანიასთან მსოფლიოს შესარჩევში წააგეს.

ევროპის ჩემპიონატებზე ჩეხეთს ჩინებული სტატისტიკა აქვს. 1976 წელს ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში ჩემპიონები გახდნენ. დასავლეთ გერმანიას სწორედ მაშინ შეუგდო ანტონინ პანენკამ ცნობილი პენალტი და ამ კომპონენტში ახალი მიმდინარეობაც კი გაჩნდა.

ჩეხეთმა დამოუკიდებლად, 1996 წელს, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო. ფინალი გერმანიასთან წააგო.

ნახევარფინალი ითამაშა 2004-ში. ხოლო ბოლო 3 ტურნირიდან 2-ჯერ მეოთხედფინალამდე გავიდა. EURO 2024 ჩეხეთისთვის ზედიზედ მე-8 ევროპული ჩემპიონატია.

EURO 2024 – F ჯგუფის ცხრილი

ევროპის ჩემპიონატის პირველმა ტურმა მთელი რიგი კონტურები გამოკვეთა, თუმცა ცხადია, მე-2 ტური მეტს გაარკვევს.

პლეი ოფის საგზურიც ჯერ მხოლოდ 2 გუნდს აქვს მასპინძელ გერმანიას და ესპანეთს, რომელიც ერთადერთია, ვისაც კი ევროპის ჩემპიონის ტიტული დაუცავს(2008-2012).

EURO 2024-ის სატურნირო მდგომარეობა ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.

EURO 2024-ის მატჩების კალენდარი, განრიგი და შედეგები ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.

F ჯგუფს თურქეთი ლიდერობს, მეორე ადილზე პორტუგალიაა. ორივეს 3-3 ქულა აქვს, ჩეხეთი და საქართველო კი უქულოდ მე-3-4 ადგილებზე არიან.

ცხადია, ეს მატჩს დამატებით ინტრიგას შესძენს. ორივე გუნდი პლეი ოფის რელური შანსის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. ასეთ დროს აუტსაიდერს უპირატესობა აქვს ხოლმე, რადგან წაგებულების მატჩში მეტი წნეხი წყვილის ფავორიტზე მოდის.

ბურთების ბალანსში უპირატესობა ჩეხეთს აქვს. რადგან გერმანიის მოსაზღვრე ქვეყანამ პორტუგალიასთან 1-2 წააგო, საქართველომ კი – თურქეთთან 1-3.

როგორი გუნდია ჩეხეთი – ყველაზე ახალგაზრდა

ჩეხეთის ნაკრებს პორტუგალიასთან ქულის აღების კარგი შანსი ჰქონდა თუმცა გოლი 90+2 წუთზე გაუშვა. შესაძლოა, ივან ჰაშეკის გუნდი 2000-იან წლების დასაწყისის ნაკრებს საგრძნობლად ჩამორჩება, თუმცა საკუთარი იდენტობა შენარჩუნებული აქვს.

ფიზიკური, ხისტი და მობილური სათამაშო მანერა კვლავ ამ გუნდის ხელწერაა. კარგ ფიზიკურ კონდიციებს კი ასეთივე ტაქტიკური განსწავლულობა ემატება, საბოლოო ჯამში კი ვიღებთ გუნდს, რომლის დამარცხებაც პორტუგალიის ნაკრებსაც კი უჭირს.

ჩეხეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა ჰყავს. EURO 2024-ზე ჩეხეთის საშუალო ასაკი 25.5 წელია. ივან ჰაშეკის 26-კაციან განაცხადში მხოლოდ 3 ფეხბურთელია 30 წელს გადაცილებული.

გუნდის ლიდერი ცხადია, ტომაშ სოუჩეკია. მასთან ერთად, რა თქმა უნდა, პატრიკ შიკი უნდა გამოვარჩიოთ. ვესტ ჰემისა და ლევერკუზენის ფეხბურთელებს გუნდში გამორჩეული როლები აქვთ.

საგულისხმოა, რომ ნაკრებს დაუბრუნეს ვლადიმირ ცოუფალი. ვესტ ჰემის მარჯვენა მცველი დისცპილინის დარღვევის გამო ნაკრებიდან მოკვეთილი იყო.

საინტერესოა, რომ პორტუგალიასთან მატჩში, ძირითადში, ივან ჰაშეკი ძირითადად ჩეხეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს დაეყრდნო. 11-დან 8 ფეხბურთელი, შიკის, სოუჩეკისა და ცოუფალის გამოკლებით, ეროვნული ჩემპიონატიდან იყო.

საქართველო vs ჩეხეთი – ვინ არის მსაჯი

საქართველო vs ჩეხეთი – მატჩის მსაჯი დანიელ ზიბერტი იქნება. გერმანელმა მსაჯმა ახლო წარსულში საქართველო 1-7 ესპანეთის მატჩიც იმსაჯა, რომელიც დინამო არენაზე გაიმართა.

ევროპის 2024 წლის მიმდინარე ჩემპიონატზე ზიბერტმა იტალია 2-1 ალბანეთის მატჩი მე-4 არბიტრის როლი უკვე მოირგო. საინტერესოა მისი კომენტარიც:

“არ მაქვს ილუზია, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ფინალი ვიმსაჯო, აქ ყოფნითაც ბედნიერი და მადლიერი ვარ”.

40 წლის მსაჯი აღმოსავლეთ ბერლინშია დაბადებული. გერმანული ელიტურ სამსაჯო კატეგორიას კი 2021/22 სეზონიდან ეკუთვნის. უმსაჯია კატარის მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროპის წინა ჩემპიონატზე.

სხვათა შორის, 2021 წელს გლაზგოში იმ პანდემიურ ევროპაზე შოტლანდია 0-2 ჩეხეთი განსაჯა, რომელიც ჩეხების გამარჯვებით დასრულდა. სწორედ იმ მატჩში იყო პატრიკ შიკმა ევროპის ჩემპიონატის ტურნირის საუკეთესო გოლი რომ გაიტანა. შიკი მაშინ რონალდუსთან ერთად, 5-5 გოლით, ჩემპიონატის საუკეთესო თანაბომბარდირი გახდა.

სამსაჯო გუნდში ჰამბურგში, ასევე იან ზაიდელი რაფაელ ფოლტინი და ირფან პელიტო იქნებიან.

ლაიფციგიდან VAR-ის ოთახში კი მარკო ფრიცი, დევიდ ქუთი და პაულ ვან ბოეკელი იმუშავებენ.

იცოდი თუ არა რომ

ჩეხეთის ნაკრების მეკარეების მწვრთნელი რადეკ ჩერნის თბილისში ნათამაშები აქვს. ის იმ სლავიას ღირსებას იცავდა, 2004/05 წლების სეზონში დინამო თბილისმა გასვლაზე გატანილი გოლის წესით რომ დაამარცხა.

ეს უეფას თასის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხდა. (3-1, 0-2) ორივე მატჩში კარს ჩერნი იცავდა, დღეს ნაკრებში მისი ასისტენტი მატუშ კოზაჩიკი კი თადარიგში იყო.

სად და როდის იქნება საქართველო vs ჩეხეთი

საქართველო vs ჩეხეთი ჰამბურგში, ფოლკსპარკ შტადიონზე გაიმართება. სტადიონის ტევადობა 57 700-ია, თუმცა სანაკრებო მატჩებისას ის 51 500 ხდება.

მატჩი გერმანიის დროით 15:00, საქართველოს დროით კი 17:00 საათიდან დაიწყება.

სად ვუყუროთ საქართველო vs ჩეხეთს

საქართველოში EURO 2024-ის მატჩებს საზოგადოებრივი მაუწეყებელი გადმოსცემს. ცხადია, საქართველო vs ჩეხეთის მატჩის პირდაპირი რეპორტაჟიც პირველ არხზე იქნება.

ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარს შეუძლია ერთად ეთნოგრაფიულ მუზეუმში უქომაგოს. ფეხბურთი მუზეუმში – PUB 44 და Setanta Sports-ი ფეხბურთის გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ეთნოგრაფიული მუზეუმის სივრცეში ეპატიჟება.

საქართველო vs ჩეხეთი ქომაგების მსვლელობა

დორტმუნდის შემოგარენიდან, სადაც მეტწილად ქართველი ქომაგების უმეტესობა იყო ბაზირებული, ჰამბურგამდე Deutsche Bahn-ის მეშვეობით დაახლოებით 3 საათზე ოდნავ მეტი დრო სჭირდება.

ჰამბურგი გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და დორტმუნდისა და მის შემოგარენში მყოფი ქალაქებისგან გაბარიტებით, არქიტექტურით და კულტურით განსხვავდება.

ქართული სპორტის ქომაგები ტრადიციულ მსვლელობას მატჩამდე, ჰამბურგშიც მოაწყობენ. სასტარტო პოზიცია კი შტელინგენი იქნება.

შეკრება ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან, ხოლო მსვლელობა 11:00-დან დაიწყება. ქომაგების მსვლელობაში მონაწილეობის მსურველებს, რეკომენდირებულია ეცვათ თეთრი მაისურები.

უშუალოდ ფოლკსპარკ შტადიონზე ქომაგები ჩრდილოეთ ტრიბუნაზე განლაგდებიან. UEFA-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ბილეთებიც სწორედ Nordtribüne-ზე იქნება.

საქართველო vs ჩეხეთი – 21 ივნისის განრიგი

საქართველოს ნაკრების წინასამატჩო ვარჯიშს ფელბერტში, საკუთარ ბაზაზე საქართველოს დროით 12:00 გამართავს. ვილი სანიოლის პრესკონფერენცია კი ასევე საქართველოს დროით 20:45-ზე ჰამბურგში, ფოლკსპარკშტადიონზე გაიმართება.

ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ივან ჰაშეკის პრესკონფერენცია კი საქართველოს დროით 15:45-ზე გაიმართება.