გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 – ზე დაიწყება.
გერმანელები სამგზის ევროპის ჩემპიონები არიან – 1972, 1980, 1996 წლებში. ასევე სამჯერ აქვთ ფინალი წაგებული, და სამჯერ გავიდნენ მესამე ადგილზე. მათ მსგავსად სამი ევრო აქვს მოგებული ესპანეთის ნაკრებსაც, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
ლიოვის შემდგომ გერმანიის ნაკრებს ვერ აქვს საქმე კარგად. თავდაპირველად ლიოვს შეექმნა პრობლემები, შედეგიც არ ჰქონდა კარგი და აღარც ხარისხი იყო დამაკმაყოფილებელი. თაობათა ცვლაში რაღაც ვერ აეწყო კარგად. მის ნაცვლად ფლიკი მიიყვანეს, მაგრამ ვერ გაამართლა და დროც აღარ მისცეს, რაც გერმანელებს მაინცდამაინც არ ახასიათებთ.
ასე მივიღეთ სათავეში ნაგელსმანი.
შოტლანდიის ნაკრებისთვის ეს მეოთხე ევროპის ჩემპიონატი იქნება, მონაწილეობა მიიღეს – 1992, 1996 და 2020 წლის ჩემპიონატებზე.
საკვალიფიკაციო ეტაპი
გერმანიის ნაკრებს, როგორც მასპინძელს კვალიფიკაცია არ გაუვლია. შოტლანდიის ნაკრები კი საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდა ჯგუფში. მათი პერსპექტივიდან ალბათ არც თუ ისე რთული ჯგუფი იყო. პირველ ადგილზე ესპანეთის ნაკრები გავიდა, მეორე ადგილისთვის კი ნორვეგიის ნაკრებთან ჰქონდათ ჯახი, რასაც მშვენივრად გაართვეს თავი და 17 ქულით ჯგუფიდან გავიდნენ.
ევროპის ჩემპიონატის ფორმატის ცვლილების შედეგად მეორე ადგილოსანს აღარ უწევს პლეიოფში თამაში, პირდაპირ ხვდება ფინალურ ეტაპზე.
შოტლანდიამ საქართველოს ნაკრები იმ ცნობილ, წვიმიან დღეს დაამარცხა. საქართველოში ფრედ 2:2 ითამაშა. მთავარ კონკურენტთან, ნორვეგიის ნაკრებთან სახლში 3:3 ითამაშეს, გასვლაზე კი 2:1 დაამარცხეს.
შოტლანდიელთათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ესპანეთის ნაკრების დამარცხება, ანგარიშით – 2:0.
მოკლედ, არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი.
რა ითქვა მატჩის წინ – იულიან ნაგელსმანი
“ტონი კროოსი ძალიან გამოცდილი მოთამაშეა, ჩვენთის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რადგან მოედანზე ყოველთვის ძალიან მშვიდია. ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია ბურთი მისცე და როგორც წესი, ის არ დაკარგავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ახალგაზრდებისთვის. ჩემპიონთა ლიგა მეექვსედ მოიგო! წარმოუდგენელი მიღწევაა”.
“მისი დათანმხება ნაკრებში დაბრუნებაზე მარტივი არ ყოფილა, მას სურდა ზუსტად სცოდნოდა რის შეცვლას ვაპირებდით, სურდა სცოდნოდა რისი ნაწილი უნდა გამხდარიყო. ერთ-ერთი პირველი საუბრისას მითხრა რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ იგრძნობდა რომ ამ გუნდს გამარჯვებისთვის ბრძოლა შეუძლია. ყოველი მომდევნო ნაბიჯის საქმის კურსში იყო, მერე კი მითხრა – მე ვიქნები ამ გუნდის ნაწილი, let’s rock!”, – თქვა იულიან ნაგელსმანმა.
“შოტლანდიელებს პრემიერლიგიდან კარგად ვიცნობ, განსაკუთღებით ენდი რობერტსონს, სკოტ მაკტომინეისა და ჯონ მაკგინს. ისინი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ საუკეთესო ლიგაში, მაგრამ, ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხით შეგვიძლია თამაში და დიდი პოტენციალი გვაქვს, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს რომ შოტლანდიას დავამარცხებთ”, – თქვა ილქაი გიუნდოგანმა.
რა ითქვა მატჩის წინ – სტივ კლარკი
“ვიცით რომ წინ დიდი მატჩია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი თამაშია ოთხგუნდიან ჯგუფში. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და თავიდან ბოლომდე ამაზე ვიქნებით ფოკუსირებულნი. გახსნითი მატჩი შოუს ნაწილია, მაგრამ ეს ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს”.
“ყველა გუნდს პატივს ვცემთ, მაგრამ არავისი გვეშინია. ვიცით, რომ გერმანია კარგი გუნდია, მაგრამ საღამოს შეგვიძლია ვაჩვენოთ რომ ჩვენც კარგი გუნდი ვართ. მგონია, რომ მზად ვართ. მინდორზე, რა თქმა უნდა, მოსაგებად გავდივართ, სხვაგვარად, საერთოდ რა აზრი აქვს მოედანზე გასვლას?! – თქვა სტივ კლარკმა.
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანიის ნაკრები – მანუელ ნოიერი – კიმიხი, რუდიგერი, ტაჰი, მიტელშტადტი – ენდრიხი, კროოსი, მუსიალა, გიუნდოგანი – ჰავერცი;
შოტლანდიის ნაკრები – განი – ჰენდრი, მაკკენა, ტირნი, რელსტონი – მაკტომინეი, მაკგრეგორი, გილმორი, რობერტსონი, მაკგინი – ადამსი;