სარჩევი

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ ორლეან პელიკანსს ზაიონ უილიამსონი გამოაკლდა, მაიამი ჰიტს კი ჯიმი ბატლერი, მაინც ორივემ შეძლო გადამწყვეტი თამაშის მოგება და პლეიოფში გასვლა.

მოიგეს ისე რომ კითხვაც არ დატოვეს. სადაო არაფერია. ორივე გუნდმა დაიმსახურა. პლეიოფებში ძალიან დააკლდებათ თავიანთი ლიდერები, მაგრამ მაინც არის იმედი რომ სერიის ბოლოს დაბრუნდებიან. ასე რომ, ორივე გუნდი უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მეტად გაწელოს საპლეიოფო სერია.

ნიუ ორლეან პელიკანსი vs საკრამენტო კინგსი

ასეთ სუსტ თამაშს საკრამენტოსგან ნამდვილად არ ველოდი. ორივე ვარსკვლავმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა, მაგრამ კალათბურთი გუნდური სპორტია, გასაგებია რომ ერთ მოთამაშესაც კი ძალიან დიდი გავლენა აქვს საბოლოო შედეგზე, მაგრამ გუნდურობას მაინც ვერ აღემატება ვერანაირი ინდივიდუალიზმი.

საკრამენტო ორი მოთამაშის გუნდია – საბონისის და ფოქსის. გასულ სეზონში უკეთესი თამაშები ჰქონდათ. უფრო ორგანიზებული გუნდი იყო და მეტი ინოვაციაც ჩანდა მათ თამაშში. ახლა მათი არავის ეშინია.

პელიკანსს გამოაკლდა ზაიონი, მაგრამ ჰყავს ბრენდონ ინგრამი, ასევე, დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშე, რომელიც არანაკლებ დაიტანჯა ტრავმებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მისი და ზაიონის დუეტს პლეიოფშიც ვნახავ.

  • ბრენდონის ანგარიშზე 37 წუთში 24 ქულაა, 6 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ბლოკი. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/20.
  • იონას ვალანჩუნასის ანგარიშზე 27 წუთში 19 ქულა, 12 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ბლოკია. FG – 8/16.
  • დომანტას საბონისის ანგარიშზე ორმაგი დუბლია, 42 წუთში 23 ქულა ჩააგდო და 14 მოხსნა დააგროვა. პლუს 7 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი. FG – 9/14.
  • ფოქსის ანგარიშზე 42 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 16-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/29.

როგორც ხედავთ დე’არენ ფოქსმა 4 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამისათვის 16 სროლა დასჭირდა, რაც ამ რანგის მოთამაშისთვის ძალიან ბევრია. 11 გაცუდებული სროლა პოტენციურად 11 დაკარგულ ბურთს ნიშნავს. ასე თამაშის მოგება არ გამოვა.

პელიკანსმა მეორე მეოთხედში დიდი უპირატესობა მოიპოვა და აღარც გაუშვია ხელიდან. კინგსი მდევრის როლში იყო, თუმცა, ვეღარც პელიკანსს დაეწია და პლეიოფის კარიც დახურული დახვდა.

მაიამი ჰიტი vs ჩიკაგო ბულზი

ჯიმი ბატლერი რამდენიმე კვირით იუქმებს, მაიამიმ ჩიკაგო 112:91 დაამარცხა და ყველაზე რთული მეტოქე ერგო აღმოსავლეთ კონფერენციაში. ძალიან კარგი სანახავი იქნებოდა ჯიმი ბოსტონის წინააღმდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხდება ეს ამბავი.

აი, თუ Game 6-მდე, ან Game 7-მდე მივედით, რაც რთულად წარმოსადგენია, შეიძლება ბატლერმა მოასწროს კიდეც დაბრუნება.

  • ბულზთან კი საუკეთესო თამაში ჰქონდა ტაილერ ჰიროს, მის ანგარიშზე ორმაგი დუბლია, 33 წუთში 24 ქულა, 10 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა. ერთი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/17.
  • შედარებით მოკრძალებული იყო ბემ ადებაიო – 32 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ბლოკი. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 5/8.
  • ბულზის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ჰქონდა ნიკოლა ვუჩევიჩს – 16 ქულა, 14 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/17.
  • დემარ დეროზანის ანგარიშზე 22 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 6-დან 3 სამქულიანი ზუსტად გამოიყენა. FG – 8/16.

მაიამიმ მესამე მეოთხედში გაწყვიტა ჩიკაგო წელში. ბოსტონთან პირველი შეხვედრა ხვალ, 21 აპრილს, თბილისის დროით 21:00 ზე გაიმართება.

დასავლეთ კონფერენცია

დიდებული შეხვედრები გველის წინ. დასავლეთს დაძაბულობა არც რეგულარულში აკლდა, არც ფლეი ინში. პლეიოფში კი დიდ სანახაობას ველით.

მინესოტა ტიმბერვულვზი vs ფინიქს სანსი – 20 აპრილს, თბილისის დროით 23:30 ზე.
დენვერ ნაგეთსი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსი – 21 აპრილს, თბილისის დროით 04:30 ზე.
ლოს ანჯელეს კლიპერსი vs დალას მავერიქსი – 21 აპრილს, თბილისის დროით 23:30 ზე.
ოკლაჰომა სიტი vs ნიუ ორლეან პელიკანსი – 22 აპრილს, თბილისის დროით 05:30 ზე.

აღმოსავლეთ კონფერენცია

კლივლენდ კავალიერსი vs ორლანდო მეჯიქი – 20 აპრილს, თბილისის დროით 21:00 ზე.
ნიუ-იორკ ნიქსი vs ფილადელფია სიქსერსი – 21 აპრილს, თბილისის დროით 02:00 ზე.
ბოსტონ სელტიკსი vs მაიამი ჰიტი – 21 აპრილს, თბილისის დროით 21:00 ზე.
მილუოკ ბაქსი vs ინდიანა პეისერსი – 22 აპრილს, თბილისის დროით 03:00 ზე.

სად ვუყუროთ?

მატჩების ყურებას სეტანტა სპორტის სატელევიზიო არხებსა და პლატფორმაზე Setantasports.com ზე შეძლებთ.