სარჩევი

აი ისევ NBA-ის თასს მივუბრუნდით, ჯგუფებში ლიდერები გამოიკვეთნენ, საუკეთესოები პლეიოფებში გადაინაცვლებენ და ორი გუნდიც მიჰყვება, რომელთაც რეგულარულში ექნებათ ყველაზე მაღალი კოეფიციენტი.

ითამაშა ორლანდომ, დამაჯერებლად მოიგო და გოგა ბითაძემ კუთვნილი წუთებიც მიიღო.

ორლანდო vs ტორონტო

როგორც ვივარაუდეთ გოგას სათამაშო დრო გაეზარდა, ამჯერად 31 წუთი მიიღო. ამ დროსთან მიმართებით მისი სტატისტიკა ნამდვილად არ ყვირის, თვალსაც არავის მოჭრის, მაგრამ გოგას ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. მწვრთნელიც კმაყოფილი იყო. ასეც აღვნიშნეთ წინა მიმოხილვებისას, გოგა გუნდის ორგანული ნაწილია, პოზიციური თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, მისი ჩაყენებული ბლოკებიც რაღაცას დაემსგავსა.

პირველ მეოთხედში საკუთარ ფარზე მოხსნა და ასისტი ერთი იყო, თავი ასწია და ძალიან კარგი გრძელი პასი გააკეთა. მომდევნო ეპიზოდში კი პარკეტიდან ასხლეტით ეფექტური ასისტი მიითვალა, გავიდა მცირე მონაკვეთი და ისევ იმავე სტილში კიდევ ერთი ასისტი მიითვალა.

ასე რომ, გოგას ამ კომპონენტშიც ძალიან მომატებული აქვს. მთავარია არ გაჩერდეს. მისი პოტენციალი ბოლომდე უნდა რეალიზდეს.

და რა მოხდა პირველი მეოთხედის მიწურულს? საფირმო დაფარება ვიხილეთ! გარი ტრენტ ჯუნიორი ჰაერიდან ჩამოხსნა, დაეცა მის ფერხთით და ორლანდოშიც მიხვდნენ რომ გოგას მეტი დრო ეკუთვნის.

მეჯიქმა 126:107 მოიგო.

გოგას ანგარიშზე 5 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა და 5 ბლოკია! ამ ხუთი ბლოკიდან ერთი პასკალ სიაკამზე მოდის, ერთიც შროდერზე. შეიძლება ითქვას რომ ბოძებული დრო გამოიყენა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • ატლანტა vs ინდიანა – 152:157
  • ფილადელფია vs კლივლენდი – 119:122
  • ფინიქსი vs პორტლენდი – 120:107
  • ლეიკერსი vs იუტა – 131:99