NBA-ის თასი – ფინალისტები გამოვლინდნენ

ესეც ასე. შიდა ტურნირის ფინალისტები უკვე ვიცით. არ ვიცი ვის რა მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ მე ნამდვილად არ ველოდი, რომ მილუოკი ამ ეტაპზე დაგვემშვიდობებოდა. თუმცა, ისიც აღგვინიშნავს – ერთ მატჩიან დუელში ყველაფერი შესაძლებელია.

ინდიანასთან ფავორიტად მილუოკი ითვლებოდა, ლეიკერსისა და პეისერსის შეხვედრაში კი თანაბარ, დრამატულ დაპირისპირებას ელოდნენ. ჰოდა, არც პირველი შეხვედრის პროგნოზი გამართლდა, არც მეორე.

მილუოკი vs ინდიანა

პირველი ნახევარი თანაბრად წარიმართა, მილუოკიმ ორი ქულით 29:27 მოიგო. პარკეტზე იყო იანისი, ლილარდი, მიდლტონი, ლოპესი, ბიზლი, შეიძლება ითქვას რომ საჩემპიონო გუნდი იყო გამოყვანილი.

პეისერსს კი ორი მთავარი კაცი ჰყავდა ჯანზე – მაილს ტერნერი და ტაირის ჰალიბარტონი, რომელიც NBA-ის თასის MVP-ის წოდების მთავარი პრეტენდენტია.

მეორე ნახევარი ინდიანას უპირატესობით წარიმართა, პეისერსმა 9 ქულით შეძლო გაქცევა. მილუკი დაცვაში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, კარგ ჯახს ელოდნენ მაილს ტერნერსა და ბრუკ ლოპესს შორის, მაგრამ მაილსი თუ ასე დაჩაგრავდა, ამას ბევრი ვერ წარმოიდგენდა.

მნიშვნელოვან მომენტებში იანისი იღებდა თამაშს თავის თავზე და სხვაობას ამცირებდა, მაგრამ ისევ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მარტო თამაშობს, მეორე მეოთხედში ლილარდის ყოფნა არაფერში წაადგა.

ბაქსს რაიმე უნდა შეცვალა და შეცვალა კიდეც, ვწერდით ამ გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალაზე, რომელიც არა იანისი, არამედ ზუსტი სამქულიანების უნარია. ასეც მოხდა, მეორე ნახევარში მიდლტონის, ლილარდისა და ლოპესის სამიანებით ბაქსმა თამაშში დაბრუნება შეძლო – 94:91.

ბოლო მეოთხედი კი ისევ ტაირის ჰალიბარტონის იყო. იფრინა ამ კაცმა. აბსოლუტურად ყველა კომპონენტში გამოიჩინა თავი და ინდიანას გამარჯვება მოუტანა – 128:119.

MVP! MVP! MVP!

ისევ ამ შეძახილების ფონზე დატოვა ტაირისმა პარკეტი.

კარგი გაკვეთილი იქნება ბაქსისთვის, საჭირო დასკვნებს თუ გამოიტანენ სამომავლო პლეიოფებში ძალიან გამოადგებათ. იქნებ, იქაც გადაიკვეთოს ამ ორი გუნდის გზა, ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნებოდა.

  • იანისმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 37 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ბლოკი. FG – 13/19.
  • ლილარდის ანგარიშზე 24 ქულა, 7 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/20.
  • კრის მიდლტონმა 20 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
  • ბრუკ ლოპესის ანგარიშზე 18 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი და 4 ბლოკია. 10-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
  • ორმაგი დუბლი შეასრულა მაილს ტერნერმა – 26 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/18.
  • ორმაგი დუბლია ჰალიბარტონის ანგარიშზეც – 27 ქულა, 7 მოხსნა, 15 ასისტი, 1 ბლოკი. 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/19.

ლეიკერსი vs პეისერსი

ეს ტურნირი ლებრონ ჯეიმსისთვის მოიგონეს. მეფეს ენერგია აღარ ჰყოფნის პლეიოფებამდე, ახლა კი ჯანზეა, ჯერ არ გადაღლილა, ჯანმრთელია, ერთი ამოსუნთქვით შეუძლია ბურთი წაიღოს და მთელ შიდა ჩემპიონატს თავზე გადაატენოს. თავადაც ხვდება ამას, აბსოლუტურად ყველა ხვდება ვინც თვალს ადევნებს, და რა თქმა უნდა, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

ლეიკერსს პერიმეტრიდან წაუვიდა თამაში, ლებრონი ღრმა სამიანებს ისროდა, აგდებდა, ცენტრიდან კი ისეთ რეიდებს აკეთებდა, როგორიც ძველი ლებრონისგან გვახსოვს. მოგვენატრა ასეთი ლებრონი, დაგეშილი, აგრესიული, ყველაფრის შემძლე ლებრონ ჯეიმსი.

პეისერსის მხრიდან კი უმეტესად იმედგაცრუება ვნახეთ. ინგრამს თითქოს შური უნდა ეძია ლეიკერსზე, ბარკლის მოლოდინი ასეთი იყო, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი გვინახავს. ზაიონი კი საერთოდ ჩაიკარგა. როგორც ჩანს, პეისერსი ჯერ მზად არ არის ასეთი შეხვედრებისთვის.

მესამე მეოთხედში ანგარიში 110:71 იყო ლეიკერსის სასარგებლოდ. 39 ქულიან უპირატესობას ამ მომენტისთვის არავინ ელოდა. თამაშიც აქ მორჩა. მეოთხე მეოთხედი საჩვენებელ გამოსვლას დაემსგავსა.

საბოლოოდ, ლეიკერსმა 133:89 მოიგო. 44 ქულით!

  • ლებრონის ანგარიშზე 23 წუთში 30 ქულა, 5 მოხსნა და 8 ასისტია. 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/12.
  • ორმაგი დუბლი ჰქონდა ენტონი დევისს – 16 ქულა, 15 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა, 2 ბლოკი. FG – 5/10.
  • ზაიონის ანგარიშზე 13 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტია.
  • ინგრამის ანგარიშზე 9 ქულა, 3 მოხსნა და 7 ასისტი. 3-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო.

სად ვუყუროთ ლეიკერსი vs პეისერსის ფინალს?

ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და ინდიანა პეისერსის ფინალი ლას ვეგასში, თბილისის დროით 05:30 ზე გაიმართება. ფინალისთვის თვალის მიდევნებას Setantasports.com-ზე შეძლებთ.

როგორც მინიმუმ, შეგვიძლია ვთქვათ რომ ძალიან საინტერესო ფინალი გველის. ორი მთავარი კანდიდატით MVP-ისთვის: ლებრონ ჯეიმსისა და ტაირის ჰალიბარტონის სახით.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე