სარჩევი
2023 დეკ 28, 10:10 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

NBA-ში მორიგი დღის თამაშები გაიმართა და ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილების საბაბი გვაქვს. სანდროს უთამაშებლობა ისედაც პრობლემაა, ახლა კი გოგა ბითაძეს უმცირებენ სათამაშო დროს, მიუხედავად იმისა, რომ NBA-ში კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს.

მესამეადგილოსანი ფილადელფია მეოთხეადგილოსან ორლანდოს შეხვდა, მატჩის ბოლოს მეჯიქი მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა და წინ მაიამი გაუშვა.

სიქსერსი vs მეჯიქი

ფილადელფია გაცილებით ძლიერი გუნდია, ამიტომაც ლოგიკური შედეგი დადგა, ფილას ისევ აკლია ჯოელ ემბიდი, მაგრამ მოსაგები მოიგო. ახლა რთულია იმის თქმა ჯოელს რომ ეთამაშა რამდენ წუთს მიიღებდა გოგა, იქნებ სასტარტოშიც დაეწყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო შეხვედრებს აღარ იწყებს ხუთეულში.

ორლანდოს დასამარცხებლად ტაირის მაქსის გარჯაც საკმარისი გამოდგა. ახლა წარმოიდგინეთ, მეჯიქს რომ ბანჩერო გამოაკლდეს რა გუნდი იქნება, საერთოდ რა დარჩება მათი შეტევებისგან.

გოგამ 9 წუთი ითამაშა, ამ დროის მანძილზე ორი ქულა, ერთი მოხსნა და ოთხი ბლოკი ჰქონდა. FG – 1/1.

არადა, გოგამ წინა შეხვედრაში ვაშინგტონთან 12 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა. ვიფიქრე სასტარტოში დააბრუნებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა, დრო შეუმცირეს. ახლა ყურები არ უნდა ჩამოყაროს, დანებების დრო არ არის, NBA-ი ასეთი ადგილია, ერთი წუთით არ გაქვს მოდუნების საშუალება, ადგილი ცოტაა, მსურველი ძალიან ბევრი.

ფილადელფიამ 112:92 მოიგო.

  • ტაირის მაქსის ანგარიშზე 23 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტია.
  • პაოლო ბანჩერომ 19 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.

რეგურალური სეზონი

დალასი vs კლივლენდი – 110:113
დონჩიჩის ანგარიშზე 39 ქულა, 7 მოხსნა და 6 ასისტია.

ჰიუსტონი vs ფინიქსი – 113:129
დურანტის ანგარიშზე 27 ქულა, 10 მოხსნა და 16 ასისტია.

ოკლაჰომა vs ნიქსი – 129:120
გილჯეს-ალექსანდერმა და ჯეილენ უილიამსმა 36-36 ქულა აიღეს.

ბრუკლინი vs მილუოკი – 122:144
იანისის ანგარიშზე 32 ქულა, 10 მოხსნა და 8 ასისტია.

ვაშინგტონი vs ტორონტო – 102:132