სარჩევი

ქართველებმა ითამაშეს, მაგრამ ბევრი არც არაფერია სათქმელი. ეს გოგას საუკეთესო თამაში ნამდვილად არ ყოფილა, სანდრო მამუკელაშვილი კი სეზონის დასაწყისიდანვე მცირე დროს იღებს და როგორც წესი ვერაფერს ასწრებს.

ორლანდო მეჯიქი ისევ დამარცხდა ბოსტონ სელტიკსთან, სან ანტონიომ კი პელიკანსთან ვერაფერი გააწყო.

ბოსტონო vs ორლანდო

ისევ ეს გუნდები, ისევ “თიდი გარდენი” და იდენტური სცენარი. ორლანდომ იბრძოლა იქამდე სანამ პაოლო ბანჩეროს ენერგია და კლასი ეყო, მერე დანებებისკენ წავიდა საქმე. ბანჩერო ერთადერთი იყო ორლანდოდან ვისაც თამაში წაუვიდა. მხოლოდ პირველ მეოთხედში უკვე 19 ქულა ჰქონდა და სწორედ მისი დამსახურებით მოიგეს 31:27.

მეორე ნახევარში კი ბოსტონმა იმძლავრა, თუ მიმდინარეობისას ანგარიში თანაბრდებოდა ესეც პაოლოს დამსახურებით, ბოსტონს ყველაფერში ჰქონდა უპირატესობა, რაც ლოგიკურია. ფარქვეშ, პერიმეტრზე, სისწრაფეში, სიზუსტეში, უფრო აგრესიულიც იყო, საკუთარ კედლებშიც თამაშობდა და საბოლოოდ შედეგიც შესაბამისი დადგა – 114:97.

  • პორზინგისმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 10 მოხსნა.
  • ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 31 ქულა, 5 მოხსნა და 6 ასისტია.
  • საუკეთესო იყო პაოლო ბანჩერო, რომელმაც ასევე ორმაგი დუბლით დახრა შეხვედრა – 36 წუთში 36 ქულა, 10 მოხსნა და 1 ასისტი.
  • გოგა ბითაძემ 26 წუთში 4 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი, 2 ჩაჭრა და 3 ბლოკი მიითვალა. FG – 2/6.

ორლანდო მეჯიქი მეოთხე ადგილზე რჩება აღმოსავლეთ კონფერენციაში და მომდევნო შეხვედრას მეხუთეადგილოსან მაიამისთან გამართავს.

ბოსტონი, რა თქმა უნდა, პირველზეა, მომდევნო მატჩი კი გოლდენ სტეიტ უორიორზთან არის ჩანიშნული.

სან ანტონიო vs პელიკანსი

შეხვედრის დაწყებამდე ძველი სპურსი გაგვახსენეს, ვიღაცას შეიძლება ცრემლიც მოადგა თვალზე, ის ძველი სპურსიც ისე გაქრა, როგორც 2000-იანების კალათბურთი, ახლა სხვა დროა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

ტონი პარკერი შეიყვანეს სან ანტონიოს დიდების დარბაზში. აქამდე რას აკეთებდნენ არ ვიცი.

სან ანტონიო კი ისევ დამარცხდა. ამჯერადაც დიდი ანგარიშით. ვემბიმ ამჯერადაც ორმაგი დუბლი შეასრულა. ადაპტირება სწრაფად გაიარა, NBA-ის სისწრაფესაც ეგუება, მაგრამ ამ გუნდში როგორ უნდა გაიზარდოს რთული სათქმელია.

ზაიონ უილიამსონმა კი მისი პირველი All Star Game გაგვახსენა, გაიქცა თავისუფალ სივრცეში, გაფრინდა ბურთის ჩასატენად და ფარს გაარტყა. თავადაც ბევრი იცინა, მაგრამ ისევ მის წონაზე დააფიქრა ხალხი. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა გონებაში რაღაცას ხატავ, სხეული კი არ გემორჩილება.

პელიკანსმა მარტივად მოიგო – 146:110.

  • ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზე 17 ქულა, 13 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 ბლოკია. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/13.
  • სანდრო მამუკელაშვილს რვა წუთი დაუთმეს, ამ დროის მანძილზე 2 ქულა და 2 ასისტი დააგროვა. 3-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო. FG – 1/4.
  • პელიკანსიდან გამოირჩა ბრენდონ ინგრამი 26 და მაკალუმი 29 ქულით. სიჯეიმ 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.
  • ვალანჩუნასმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 16 მოხსნა. ზაიონის სტატისტიკა შედარებით მოკრძალებული იყო – 15 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი.

სან ანტონიო სპურსი დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე რჩება და მომდევნო შეხვედრას მილუოკთან გამართავს.

პელიკანსი მერვე პოზიციაზეა და მომდევნო მატჩი მემფისთან ექნება.

რეგულარული სეზონი

  • მილუოკი vs ჰიუსტონი – 128:119
    დემიენ ლილარდმა 39 ქულა და 11 ასისტი შესძინა გუნდს.
  • ფინიქსი vs ვაშინგტონი – 112:108
    კევინ დურანტის ანგარიშზე 28 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტია.
  • პორტლენდი vs გოლდენ სტეიტი – 114:118