საინტერესო დღე იყო NBA-ში. უკვე ქართველი ქომაგისთვისაც გაცილებით საინტერესო ხდება ყველაფერი, რადგან სანდრო მამუკელაშვილი სტაბილურად იღებს სათამაშო დროს.
ჩვენ კი, ლეიკერსით დავიწყოთ.
ლეიკერსი vs ფინიქსი
ორი მთავარი ვარსკვლავის გარეშე შედგა მატჩი. არც ლებრონ ჯეიმსი ყოფილა პარკეტზე, არც კევინ დურანტი. ლეიკერსმა დევისის დაბრუნების შემდეგ თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორა და კითხვებიც აღარ ისმის – ეს გუნდი პლეიოფში ითამაშებს.
ფინიქსთან მოგება კიდევ ერთი დასტური იყო – ლეიკერსმა 122:111 მოიგო.
ენტონი დევისის ანგარიშზე 27 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრაა. სულ რაღაც ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. დევისს არცერთი სამქულიანი არ უსვრია.
აღსანიშნია ოსტინ რივზის ორმაგი დუბლი – 25 ქულა, 11 ასისტი, 4 მოხსნა.
ფინიქსის შემადგენლობაში კიდევ ერთი მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა დევინ ბუკერმა – 33 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი. დევინმა 3 სამქულიანიდან ერთი ჩააგდო.
კრის პოლის ანგარიშზე კი 18 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრაა. კრისმა 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა. ფინიქსი კი მეოთხე ადგილს იკავებს.
დალასი vs გოლდენ სტეიტი
ლუკა დონჩიჩი ხუთმატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა პარკეტს. სამაგიეროდ, კაირი ირვინგი დაშავდა, ასე რომ, ისევ ერთი ვარსკვლავის იმედად დარჩა დალას მავერიქსი.
დაძაბული შეხვედრა გამოდგა, გოლდენ სტეიტმა 127:125 იმარჯვა.
ძალიან სახალისო ეპიზოდი იყო შეხვედრის მესამე მეოთხედში, გუნდები ტაიმაუტზე გავიდნენ, პარკეტზე დაბრუნებული დალასი კი არასწორ ფარს იცავდა, გოლდენ სტეიტის მოთამაშეებმა ყველაზე მარტივი ქულები მოიპოვეს NBA-ის ისტორიაში.
თუ ანგარიშს გავითვალისწინებთ შეიძლება ითქვას, რომ ეს ეპიზოდი გადამწყვეტი გამოდგა.
მატჩის შემდეგ კი მიზეზებზეც ითქვა, თურმე, მსაჯს არ გაუფრთხილებია დალასის მოთამაშეები, რომ ბურთს გოლდენ სტეიტს აძლევდა, არადა, ტაიმაუტამდე სხვაგვარად განსაჯა.
ლუკას ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 30 ქულა, 17 ასისტი, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა. მშვენიერი შედეგია. ლუკამ 10-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
მოწინააღმდეგე ბანაკში კი სტეფ კარის ორმაგი დუბლი ვნახეთ – 20 ქულა, 13 ასისტი, 5 მოხსნა. სტეფმა 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
ჩემპიონები მეექვსე ადგილს იკავებენ დასავლეთ კონფერენციაში. დალასი კი მეცხრე პოზიციაზეა.
მამუკელაშვილი vs მილუოკი
სანდროს სან ანტონიო მილუოკთან 130:94 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, მამუკელაშვილი უკმაყოფილო არ უნდა იყოს, ახლა მისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა, მაღალი მიზნები კი წლებთან ერთად მოვა.
მილუოკი უძლიერესი შემადგენლობით გავიდა პარკეტზე, სამმა მოთამაშემ შეძლო ორმაგი დუბლის შესრულება, – იანისმა, მიდლტონმა და ბობი პორტისმა.
ანტეტოკუნმპოს ანგარიშზე 31 ქულა, 14 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ბლოკია. იანისმა 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
მიდლტონმა 19 ქულა, 10 ასისტი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
ბობი პორტისმა კი 19 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს. 28 წუთი მიიღო სათამაშოდ. 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ბლოკი – ასეთია მისი მონაგარი. სანდრომ 4 სამქულიანიდან ვერცერთი ვერ ჩააგდო. FG 6-13 ზე.
მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეშია.