ბოსტონი ლეიკერსი NBA-ის მთავარი კლასიკაა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ ფორმაშია, ამაზე დიდი დაპირისპირება უბრალოდ არ არსებობს.
ბოსტონს ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდა წაგებული, ლოს ანჯელეს ლეიკერსს კი წინა ტურში ენტონი დევისი დაუბრუნდა, მასთან ერთად ამ გუნდს ყველას დამარცხება შეუძლია.
ჯეისონ ტეიტუმი თამაშზე კობი ბრაიანტის გამოსახულებიანი მაისურით გამოცხადდა, ლებრონიც ტრადიციულად გახურდა და დავიწყეთ!
ძირითადი დრო 105:105 დასრულდა. წესით და რიგით, ეს თამაში ლეიკერსს უნდა მოეგო. ბოლო წამებზე თავის თავზე აიღო თამაში ლებრონ ჯეიმსმა, ვერავინ შეაჩერა, ჰაერში აიწია და ხელშიც მაგრად მოხვდა, მაგრამ მსაჯებმა ვერ დაინახეს.
ბევრი იყვირა ლებრონმა, მაგრამ არაფერი შეცვლილა, არადა თამაშის უმთავრეს მომენტზე იყო საუბარი. შეიძლება ითქვას, რომ ლეიკერსს გამარჯვება წაართვეს.
ოვერტაიმის წინ პატრიკ ბევერლი პარკეტზე კამერით შემოვარდა და მსაჯს სახეზე ააფარა, – ეს დარღვევა რანაირად ვერ დაინახეო. ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა – ტექნიკური ჯარიმა.
ბევერლი აუთ!
ბოსტონმა ოვერტაიმი 20:16 მოიგო, საბოლოო ანგარიში 125:121 დაფიქსირდა.
ჯეიმსის ანგარიშზე 44 წუთში 41 ქულა, 9 მოხსნა და 8 ასისტია. მან 12-დან 6 სამქულიანი გამოიყენა, – ლებრონს უყვარს ბოსტონი.
ენტონი დევისის ანგარიშზე 16 ქულა, 10 მოხსნა და 4 ასისტია. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
უესტბრუკის ანგარიშზე 12 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ჩაჭრაა.
კარგი იყო პატრიკ ბევერლიც, – 15 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
ბოსტონის რიგებში იფრინა ჯეილენ ბრაუნმა – 39 წუთში 37 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი, ერთი ჩაჭრა და ერთი ბლოკი ჰქონდა.
ტეიტუმის ანგარიშზე 30 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და ერთი ბლოკია.
ბოსტონი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ლეიკერსი დასავლეთში ისევ მე-13 პოზიციაზეა.
ფილადელფია vs დენვერი
დიდი ბიჭების ჯახი! – შეგვიძლია ასეც დავარქვათ.
ნიკოლა იოკიჩი პარკეტს დაუბრუნდა, ჯოელ ემბიდი კი ცოტა ნაწყენი უნდა იყოს აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულს მიღმა რომ დატოვეს.
მეტი რა უნდა ქნას? ყველა შეხვედრაში ამტკიცებს, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
შეიძლება ითქვას, რომ ემბიდმა იოკიჩი დაჩაგრა. იოკიჩის დაჩაგვრა კიდე მხოლოდ უმაღლესი დონის ვარსკვლავს შეუძლია.
38 წუთში 47 ქულა! 18 მოხსნა! 5 ასისტი, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკი! – როგორ დარჩა ეს კაცი სასტარტო ხუთეულს მიღმა?!
ჰარდენის ანგარიშზე 17 ქულა, 4 მოხსნა და 13 ასისტია.
ნიკოლა იოკიჩმა 24 ქულა, 8 მოხსნას, 9 ასისტსა და 2 ბლოკს მოუყარა თავი.
სხვა თამაშები ასე დასრულდა:
- ბრუკლინი – ნიუ იორკ ნიქსი 122:115
- დეტროიტი – ჰიუსტონი 114:117
- ორლანდო – ჩიკაგო 109:128
- ატლანტა – კლიპერსი 113:120
- მინესოტა – საკრამენტო 117:110
- პალიკანსი – ვაშინგტონი 103:113
- სან ანტონიო – ფინიქსი 118:128
- იუტა – დალასი 108:100
- პორტლენდი – ტორონტო 105:123