სარჩევი

მაიამიში Game 3 შედგა. დენვერმა თამაში მოიპარა და წინ გავიდა – 2:1. ნაგეთსი მთელი მატჩის მანძილზე ძალიან დამაჯერებელი იყო, მეოთხე მეოთხედის დასაწყისში უკვე ყველაფერი ნათელი გახდა.

ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მარი გახდნენ პირველი თანაგუნდელები, რომელთაც ფინალში სამმაგი დუბლი შეასრულეს. მართლაც, უიშვიათესი მოვლენაა.

იოკიჩი & მარი

მაიამის არჩეულმა ტაქტიკამ აღარ იმუშავა. ჯოკერს ყველაფერი გამოსდიოდა, მარი კი მთელი საპლეიოფო სერიის მანძილზე ბრწყინავს. პლეიოფების დასაწყისში სწუხდა, მეტი რა უნდა გავაკეთო რომ მაღიარონო, ახლა საბოლოოდ დაადუმა კრიტიკოსები. დენვერი აღარ არის მხოლოდ ჯოკერის გუნდი. მისი გავლენა განუზომელია, მარამ ჯოკერი მარტო არ არის, აქვეა ჯამალ მარიც.

მატჩის წინ იწერებოდა თითქოს ჯოკერს სივრცეს მისცემდნენ მეტი ქულა აეღო, ფარზე ხშირად წასულიყო, რადგან კონტრშეტევებზე უკან სწრაფად დახევა ვერ შეძლებოდა, ცოტა აბსურდულს ჰგავდა თავიდანვე ეს ყველაფერი და ასეც მოხდა, იოკიჩმა მაინც ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც სურდა.

დენვერმა 109:94 მოიგო.

პირველი მეოთხედი თანაბრად – 24:24 დასრულდა. მომდევნო სამი კი დენვერმა გამარჯვებით დაასრულა.

სტატისტიკა

ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე 32 ქულა, 21 მოხსნა, 10 ასისტი და 2 ბლოკია. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. და ეს ყველაფერი ფინალში. ჯოკერის შემხედვარე ალბათ სირცხვილით იწვის ყველა, ვინც MVP-ის ჯილდო ჯოელ ემბიდს გადასცა.

ნიკოლა იოკიჩი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც სუპერ ფინალში 30 ან მეტი ქულა, 20 ან მეტი მოხსნა, 10 ან მეტი ასისტი დააგროვა.

ჯამალ მარის ანგარიშზე 34 ქულა, 10 მოხსნა, 10 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

საერთო ჯამში ამ ორი მოთამაშის ანგარიშზე 66 ქულა, 31 მოხსნა და 20 ასისტია – მორჩა თამაში. როცა ორი მოთამაშე ამას ახერხებს, იქ მეტოქეს შეუძლია ფარხმალი დაყაროს.

და რა თქვა ნიკოლამ მატჩის მერე?

სიმართლე გითხრათ სტატისტიკა დიდად არ მანაღვლებს, მთავარი მოგებაა, თუ ვერ მოიგებ ამ სტატისტიკას არც არავინ გაიხსენებს“.

ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 28 ქულა, 2 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ბლოკია. ჯიმიმ 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ბემ ადებაიოს ანგარიშზე 22 ქულა, 17 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ბლოკია.