სარჩევი

NBA-ის სადისციპლინო კომისიამ განაჩენი გამოიტანა – ჯა მორანტი რვა თამაშს გამოტოვებს. მას შეეძლება 20 მარტს დაუბრუნდეს პარკეტს, დალას მავერიქსთან შეხვედრაში.

მანამდე სასჯელი მემფისმაც დააკისრა. მორანტმა შვებულების აღება გადაწყვიტა, რათა ამ ყველაფრისგან დისტანცირებულიყო. საქმე ეხება 4 მარტს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჯა მორანტი დენვერის ღამის კლუბში იარაღმომარჯვებული ცეკვავდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯას მსგავსი პრობლემა ექმნება. უფრო მძიმედ იყო საქმე, როცა არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდა და იარაღით ემუქრებოდა, მაშინ მორანტი მძიმე სასჯელს გადაურჩა და არც ახლა მიუღია ისეთი სასჯელი, რომ ჩადენილი ინანოს, აი, დასაფიქრებლად კი საკმარისი უნდა გამოდგეს.

ჯა ფსიქოლოგიურ დახმარებასაც გაივლის, იქნებ ფსიქოლოგმა მაინც გაარკვიოს რა კომპლექსი სტანჯავს 23 წლის ვარსკვლავს, რომელსაც ყველაფერი აქვს, და მაინც იარაღისკენ გაურბის ხელი.

საქმეში ჩაერთო NBA-ის კომისარი ადამ სილვერი და დირექტორატის სხვა წევრებიც. სილვერი მორანტს შეხვდა, საუბრის დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს რაზე ისაუბრეს მხარეებმა.

თავს ნუ დაიღუპავ ბიჭო, ნიჭს ნუ გაფლანგავ, აივერსონი გაიხსენე..” – იქნებოდა ალბათ რაღაც მსგავსი.

საჯაროდ კი ასეთი განცხადება გააკეთა:

ჯას საქციელი იყო უპასუხისმგებლო, დაუფიქრებელი და პოტენციურად დიდი საფრთხის შემცველი. გასათვალისწინებელია, რომ ის გავლენიანი სპორტსმენია, ჰყავს უამრავი გულშემატკივარი, ბავშვები მისგან ცუდ მაგალითს არ უნდა იღებდნენ. ჯა ნანობს ჩადენილს და აცნობიერებს პასუხისმგებლობას გუნდისა და გულშემატკივრის მიმართ“, – თქვა სილვერმა.

იმედია მსგავსი რამ აღარ განმეორდება, იმედია ჯა მორანტი სრულად შეძლებს ნიჭის რეალიზებას, რადგან, არაფერია იმაზე სევდიანი სანახავი, როგორც გაფლანგული ტალანტი.