სარჩევი
2023 თებ 09, 13:04 შშ
1 წუთის საკითხავი

დალასი ლოს ანჯელეს კლიპერსს ესტუმრა და 110:104 დაამარცხა. ახალი ისტორიის ათვლა დაიწყო, კაირი ირვინგი პარკეტზე გავიდა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ისტორია კი გამორჩეული შეიქმნება, შესაძლოა კარგად დასრულდეს, შესაძლოა ცუდად, მაგრამ განსაკუთრებული ყველა შემთხვევაში იქნება, რადგან კაირის შემთხვევაში სხვაგვარად შეუძლებელია.

ლუკას არ უთამაშია, ახლა ყველა მის დაბრუნებას ელის. მთელი საკალათბურთო მსოფლიო ლუკასა და ირვინგის დუეტის მოლოდინშია. დონჩიჩი სკამზე იჯდა და კაირის ყველა ჩაგდებულ ქულას აპლოდისმენტებით ეგებებოდა.

საერთოდ, ისე ჩანს, რომ კაირის კარგად დახვდნენ. ეს კი მისთვის მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ბრუკლინში შექმნილი გარემოთი უკმაყოფილო იყო.

ირვინგმა 37 წუთი გაატარა პარკეტზე, 24 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. 8-დან 4 სამქულიანი გამოიყენა.

თამაშის შემდეგ ირვინგს ძირითადად კევინ დურანტის შესახებ ეკითხებოდნენ:

ერთხელაც არ მიგრძვნია, რომ დურანტი გაბრაზებული ყოფილიყოს ჩემი გადაწყვეტილებების გამო, ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ყოველთვის ვცდილობთ ერთმანეთს გავუგოთ, როგორც ძმები ისე ვიზრდებით”, – თქვა კაირიმ.

დონჩიჩის დაბრუნებას მალე ელიან, მას ქუსლის ტრავმა აწუხებს. დალასი მომდევნო შეხვედრას საკრამენტოსთან გამართავს.