სარჩევი
2024 მაი 20, 13:30 შშ
4 წუთის საკითხავი

მიმდინარე სეზონში განსაკუთრებით მაგარი პლეიოფები გვაქვს. არაფერი აკლია და ბოლომდე ასეთ სანახაობას უნდა ველოდოთ. სანამ Game 7-ზე ვიტყვით ორ სიტყვას, მანამდე კიდევ ერთ ფინალისტზე უნდა ითქვას – ლუკა დონჩიჩისა და კაირი ირვინგის დალასმა საქმე Game 7-მდე არ მიიყვანა და გილჯეს-ალექსანდერის ოკლაჰომა სერიიდან გააგდო – 4:2.

ლუკა დონჩიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 29 ქულა, 10 მოხსნა და 10 ასისტი. 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/15.

ძალიან კარგი თამაში ჰქონდა შაის, თუმცა, მისი 36 ქულა საკმარისი არ გამოდგა თამაშის მოსაგებად. ლუკა დონჩიჩი კი კონფერენციის ფინალს ითამაშებს, არ ვიცი რომელი გუნდი ერჩივნა ფინალში – დენვერ ნაგეთსი თუ მინესოტა ტიმბერვულვზი.

დენვერ ნაგეთსი vs მინესოტა ტიმბერვულვზი

იდეალური დრამატურგია ვნახეთ ამ სერიაში – ჯერ მინესოტამ მოიგო ორი მატჩი დენვერში და დიდი უპირატესობა მიიღო სერიაში, თანაც, მომდევნო ორი შეხვედრა სახლში ჰქონდა ჩასატარებელი. აქ, ამ ანგარიშზე ფავორიტად უკვე ენტონი ედვარდსის გუნდს თვლიდნენ. მერე დენვერმა მოიგო ორი თამაში მინესოტაში და Game 5-იც დააყოლა დენვერში – 3:2. ამ დროს ფავორიტად უკვე დენვერს თვლიდნენ, რადგან ასეთი ქამბექის მერე ძალიან რთულია თვითრწმენა დაიბრუნო, მაგრამ ზუსტად ამ გადამწყვეტ მომენტში ენტონი ედვრადსი აყვირდა – ყველას Game 7-ში გნახავთ თქვენი ასე და ისეო.

არ ვიცი რა დავარქვათ ამას – ხასიათის გამოვლინება? მამბა მენტალითი? ჯორდანის მორიგი შვილობილი?

რაც გნებავთ ის დაარქვით, მაგრამ უკვე ფაქტია, რომ ედვარდსი მთელ დენვერს დაემუქრა და მერე მუქარა აასრულა. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია იმ გზაზე გადასასვლელად, რომელზეც მხოლოდ დიად სპორტსმენებს უვლიათ.

პირველი ნახევრის მერე წარმოუდგენელიც კი ჩანდა მინესოტას ეს თამაში მოეგო, სხვაობა 20 ქულამდეც კი გაიზარდა, ჰგავდა რაღაცით ეს შეხვედრა რამდენიმე საათით ადრე ჩატარებულ მატჩს ნიქსსა და ინდიანას შორის. იქ ინდიანას ჰქონდა დიდი უპირატესობა პირველ ნახევარში, ნიქსმა გამოცოცხლება მესამე მეოთხედში დაიწყო, საწყის ხუთ წუთში შეძლეს კიდეც გაქცევა, აი მერე ყველაფერი წყალში ჩაიყარა, რადგან თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანეს.

ტიმბერვულვზმა კი შეძლო. სწორედ აქ გამოჩნდა, რომ მენტალური თვალსაზრისით გაცილებით მაღალ საფეხურზე არიან, ვიდრე ნიქსი. მენტალური მონსტრიც კი ჰყავთ გუნდში, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ნახეთ რა დღეშია.

დენვერმა პირველი ნახევარი 53:38 მოიგო. იოკიჩს თამაში წაუვიდა, ჯამალ მარი დაფრინავდა, აკეთებდა ყველაფერს რაც სურდა. მესამე მეოთხედში კი მინესოტა დაბრუნდა.

28:14 მოიგეს მესამე მეოთხედი.
32:23 მოიგეს ბოლო მეოთხედი.

საერთო ჯამში 98:90 დაფიქსირდა. მინესოტა კონფერენციის ფინალში დალას მავერიქსს შეხვდება. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მაგარი თამაშები გველის, მაგრამ ვერაფრით ვთავისუფლდები იმ განცდისგან, რომ ეს ნაადრევი ფინალი იყო.

ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 34 ქულა, 19 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ბლოკი. 10-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/28.

ჯამალ მარის ანგარიშზე 34 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტია. 12-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/27.

ორმაგი დუბლია ენტონი თაუნსის ანგარიშზე – 23 ქულა, 12 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/14.

ედვარდსის ნაქებმა ჯეიდენ მაკდენიელსმა 23 ქულას ექვსი მოხსნაც მიამატა.

თავად ედვარდსის ანგარიშზე კი 16 ქულა, 8 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა. 10-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/24.

ნიუ-იორკ ნიქსი vs ინდიანა პეისერსი

დრამა არც ამ სერიას აკლდა, უბრალოდ ეს შეხვედრა ნაადრევი ფინალის განცდას ნამდვილად არ ტოვებდა. აღმოსავლეთში ასე ვერ იქნება, თუ ბოსტონ სელტიკსი არ მონაწილეობს დუელში. ბოსტონი უკვე ფინალში იყო და მეორე ფინალისტს მშვიდად ელოდა.

დიდი ამბავია მედისონ გარდენზე Game 7-ის მოგება. ინდიანამ ისე დაიწყო თამაში მთელი დარბაზი გასუსული უყურებდა. მესამე მეოთხეში ცოტა გამოიღვიძა ქომაგმა, მერე კი ტაირის ჰალიბარტონმა ისევ მიაძინა მთელი ნიუ-იორკი.

ცოტა დასანანია, ჯეილენ ბრანსონი მთელი სერიის განმავლობაში დიდებულად თამაშობდა, ბოლო შეხვედრა კი ჩააგდო. ბოლო შეხვედრა ტაირისმა წაიღო.

ინდიანა პეისერსმა ოთხივე მეოთხედი მოგებით დაასრულა:

39:27, 31:28, 31:29, 29:25;

საერთო ჯამში 130:109 დაამარცხეს ბრანსონის ნიქსი.

ერთადერთი ვინც რაღაცას გახდა ინდიანას დიდებული დაცვის წინააღმდეგ დონტე დივინჩენცო იყო, რომელმაც ისევ ჩაყარა სამიანები, მაგრამ გადამწყვეტ, გარდამტეხ მომენტებში ისიც ვერ ახერხებდა შედეგიანად თამაშს.

მის ანგარიშზე 39 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 15-დან 9 სამქულიანი ჩააგდო! FG – 11/21.

ბრანსონის ანგარიშზე 17 ქულა და 9 ასისტია. 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/17.

შეხვედრის მთავარი დირიჟორი ტაირის ჰალიბარტონი იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა სათამაშო ტემპს და იდეალურად წარმართა შეხვედრა. მის ანგარიშზე 26 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 12-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/17.

ასე რომ, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ინდიანასა და ბოსტონ სელტიკსის ფინალს ვიხილავთ.

განრიგი

22 მაისს, თბილისის დროით 04:00 ზე, ბოსტონ სელტიკსი ინდიანა პეისერსს უმასპინძლებს.

23 მაისს, თბილისის დროით 04:30 ზე მინესოტა ტიმბერვულვზი დალას მავერიქსს უმასპინძლებს.