სარჩევი
2024 მაი 03, 15:28 შშ
3 წუთის საკითხავი

ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება იანის ატენტოკუნმპომ. ბაქსი მის გარეშე ამ სერიას ვერ მოიგებდა. ცალკეული თამაში კი ბატონო, მაგრამ სერიის მოგება შეუძლებელი იყო. დაბრუნდა ლილარდი, თუმცა, მისი ყოფნა საკმარისი არ გამოდგა.

პეისერსი გავიდა შემდეგ ეტაპზე სადაც ნიუ-იორკ ნიქსს შეხვდება. ნიქსმა ფილადელფია დაამარცხა, ჯერჯერობით საუკეთესო სერია გამოდგა, ვნახოთ დალასი და კლიპერსი რას იზამენ.

ნიუ-იორკ ნიქსი vs ფილადელფია სიქსერსი

ფილადელფიამ ნიუიორკელებს უმასპინძლა და დახვედრაც ისეთი მოუწყვეს, როგორიც ამ არენას ეკადრება. პირველიდან ბოლო წამამდე ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო, იგრძნობოდა ეს ემოცია ვარსკვლავების თითოეული მოძრაობის შემდეგ. მთავარი ვარსკვლავი კი მაინც ჯეილენ ბრანსონი გამოდგა. მან მოიგო ეს სერია.

თუმცა, მარტო ვერავინ ვერასდროს იგებს. ბრანსონს კარგი თანაგუნდელები ჰყავს, ამ შეხვედრაში კი განსაკუთრებით გამოირჩა დივინჩენცო. პირველ მეოთხედში ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო, რამაც ნიქსს გაქცევის საშუალება მისცა, 22 ქულითაც კი იყვნენ წინ.

მეორე მეოთხედი ფილადელფიამ წაიღო, დარჩენილი ორი კი ძალიან თანაბრად წარიმართა. ბოლოს არ ეყო სიქსერსს ეფექტურობა, რაღაც არ ეყო, ტაირის მაქსი იყო ეს რაღაც. შეძლეს და დაკეტეს, ფილადელფიამ კი ბრანსონის დაკეტვა ვერაფრით მოახერხა.

დონტე დივინჩენცოს ანგარიშზე 23 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა და 3 ბლოკია. 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/18.

ჯეილენ ბრანსონმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 41 ქულა, 3 მოხსნა, 12 ასისტი. 8-დან 3 სამქულიანი ზუსტად ისროლა. FG – 13/27.

Game 5 ხელიდან გავუშვით, მატჩის შემდეგ გასახდელში სიჩუმე იყო, კარგი სტარტი გვქონდა სერიაში და ვიცოდით რომ ეს დაგვეხმარებოდა. არ აქვს მნიშვნელობა როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. კიდევ ერთი შანსი მოგვეცა სერიის დახურვის და ეს შანსი ხელიდან აღარ გავუშვით“, – თქვა მატჩის შემდეგ ჯეილენ ბრანსონმა.
  • ორმაგი დუბლია ჯოელ ემბიდის ანგარიშზეც – 39 ქულა, 13 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/25.
  • ტაირის მაქსის ანგარიშზე 17 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/18.

ინდიანა პეისერსი vs მილუოკ ბაქსი

არც ამჯერად გამოვიდა რამე. არათუ იანისის გარეშე, ბაქსი მასთან ერთადაც კი არ ჰგავდა ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს. ამ სეზონში ნამდვილად არა.

სეზონის წინ გაძლიერდნენ, დემიენ ლილარდი დაიმატეს, რომელიც დიდი ძალაა, მაგრამ სეზონის მიმდინარეობისას ბევრი პრობლემა ამოტივტივდა, ჯერ მწვრთნელი გაუშვეს, მერე რივერსი მოვიდა, რაც თავიდანვე საკამათო და წინააღმდეგობრივი ამბავი იყო. ახლა კი ბაქსი გავარდნილია.

თავის მხრივ, პეისერსი ეტაპობრივად ჩამოყალიბდა კონკურენტუნარიან და საპლეიოფო გუნდად. ამ გზაზე NBA-ის თასიც დაეხმარა, სადაც ასევე გააგდეს მილუოკ ბაქსი.

  • დემიენ ლილარდის ანგარიშზე 28 ქულა, 2 მოხსნა და 4 ასისტია. 12-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/16.
  • ტაირის ჰალიბარტონის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 17 ქულა, 10 ასისტი, 6 მოხსნა. 10-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/16.