დენვერ ნაგეთსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსთან სერია დახურა – 4:1. ჯამალ მარის კარგი თამაშის შედეგად ორი ქულით დაამარცხეს მეტოქე. ლეიკერსისთვის სეზონი დასრულდა.
ოკლაჰომა სიტიმ პელიკანსს კიდევ ერთხელ მოუგო და მათ წვალებას წერტილი დაუსვა – 4:0. ზაიონმა დაბრუნება ვერ მოასწრო, ეს უკვე განაჩენია.
ბოსტონი მაიამისთან 3:1 იგებს და ერთ ნაბიჯშია სერიის დახურვასთან. ეს წყვილები გუშინდელი და ჩავლილი ამბავია. დღეს გამთენიისას კი სულ სხვა ამბები დატრიალდა.
ნიუ-იორკ ნიქსი vs ფილადელფია სიქსერსი
ფილადელფიამ ბეწვის ხიდზე გაიარა, წაგების შემთხვევაში ყველაფერი სრულდებოდა. წაგების შემთხვევაში ახლაც ყველაფერი დასრულდება. ასე რომ, სიქსერსი ვალდებულია კიდევ ერთი შეხვედრა მოიგოს.
ანგარიში 3:2 ია ნიქსის სასარგებლოდ. სიქსერსმა ოვერტაიმში შეძლო თამაშის მოგება და იმედის შენარჩუნება.
Game 6 ფილადელფიაში შედგება და დიდი ამბავი უნდა დახვდეთ ნიუ-იორკელებს.
ჯოელ ემბიდმა ვერ დაიწყო მაინც და მაინც კარგად, ორჯერ დააფარეს, ბურთსაც კარგავდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეძლო იმ სტატისტიკის დაგროვება, რომელსაც პლეიოფში უნდა აგროვებდეს გუნდის ლიდერი.
წუთნახევრით ადრე ნიქსი ხუთი ქულით გავიდა წინ და ყველაფერი დასრულებულს ჰგავდა, მაგრამ სიქსერსის რიგებში ფრინავდა ტაირის მაქსი, ისევე როგორც ბრანსონი ნიქსში.
55 წამით ადრე ნიქსი ექვსი ქულით წინ იყო. ამ დროს უბრალოდ შეცდომები არ უნდა დაუშვა და თამაში შენია.
30 წამით ადრე ნიქსი ისევ ექვსი ქულით წინ არის!
და გამოვარდა ტაირის მაქსი! ასეთ დროს რა უნდა გააკეთოს მოთამაშემ? სამქულიანი უნდა ჩააგდოს, And One ით. ჩააგდო სამიანი და დაჯარიმდნენ მასზე. ის ჯარიმაც ჩააგდო და ორ ქულამდე დაიყვანა სხვაობა.
ამას ნიქსის შეტევა მოჰყვა სადაც სიქსერსმა ჯარიმა აიღო, ჰარტმა ერთი გააფუჭა, ერთი ჩააგდო და სხვაობა სამი ქულაა.
და რა უნდა ქნას ამ დროს სიქსერსის იმ მოთამაშემ, რომელსაც ყველაზე მეტად წაუვიდა თამაში? თავის თავზე უნდა აიღოს ყველაფერი და ღრმა სამიანი უნდა ესროლოს.
ჩააგდო!
97:97
ბრანსონს ოთხი წამი ჰქონდა, თუმცა ვერაფერი მოასწრო და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. ოვერტაიმი დაიწყო ბრანსონის დომინაციით და გაგრძელდა მაქსის ჩვეული თამაშით. ფილადელფიამ 112:106 მოიგო.
წინ Game 6 და დიდი სანახაობა გველის.
ტაირის მაქსის ანგარიშზე 46 ქულა, 5 მოხსნა და 9 ასისტია. 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. FG – 17/30.
- ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 40 ქულა, 3 მოხსნა, 6 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 11-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 15/32.
- ჯოელ ემბიდის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 19 ქულა, 16 მოხსნა, 10 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 ბლოკი. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/19.
კლივლენდ კავალიერსი vs ორლანდო მეჯიქი
აი, დრამა ამას ჰქვია. კლივლენდ კავალიერსი საკუთარ არენაზე დაწინაურდა – 3:2. წინ Game 6 ია ორლანდოში. მეჯიქმა ისე დამაჯერებლად მოიგო ორი შეხვედრა თავის არენაზე, წესით თავდაჯერება არ უნდა აკლდეთ.
ეს შეხვედრა კლივლენდში საოცრად დრამატული გამოდგა და მასპინძლების გამარჯვებით 104:103 დასრულდა.
პაოლო ბანჩერომ გადაწყვიტა რომ ჯეილენ ბრანსონია, ისიც ასე გაუძღვა წინ ორლანდოს და საკმარისად ჩაყარა კიდეც, თუმცა, მისი ბოლო სამიანით მხოლოდ ანგარიშის ერთ ქულამდე შემცირება მოხერხდა. ეს იყო და ეს.
დონოვან მიჩელის ანგარიშზე 28 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 7-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/23.
პაოლო ბანჩეროს ანგარიშზე კი 39 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტია. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/24.
გოგა ბითაძეს არ უთამაშია. ორლანდოში გამართული შეხვედრებიდან გოგას 4 და 6 წუთი მისცეს, თუმცა, ქულების დაგროვება ვერ შეძლო.
მილუოკ ბაქსი vs ინდიანა პეისერსი
საოცარი გუნდია მილუოკ ბაქსი. პეისერსს ანგარიში 3:1 მიჰყავდა. იდეალური დრო იყო ყველაფრის დასარულებლად, რადგან ბაქსის რიგებში არც იანისი თამაშობს და არც ლილარდი, მაგრამ მილუოკმა მაინც შეძლო გამარჯვება.
კრის მიდლტონმა და ბობი პორტისმა ინდიანას კუდით ქვა ასროლინეს.
პეისერსის რიგებში კი ვეღარ გაიბრწყინეს ვერც სიაკამმა, ვერც ტერნერმა, ვეღარც ჰალიბარტონმა.
ძალიან ძალიან ახლოს არიან დაბრუნებასთანო – ასე თქვა დოკ რივერსმა მატჩის შემდეგ. თქვა იანისზეც და ლილარდზეც. აბა, ვის არ უნდა ახლა იანისის ნახვა პლეიოფებში? რა თქმა უნდა, ყველას სურს მისი დაბრუნება, მით უმეტეს, ასეთ დროს.
“ისინი აქ არიან, სათადარიგოთა სკამზე, რჩევებს გვაძლევენ და გვამხნევებენ, ვიცით რომ პარკეტზე მალე დაბრუნდებიან“, – თქვა კრის მიდლტონმა მატჩის შემდეგ.
მილუოკმა 115:92 მოიგო.
- კრის მიდლტონის ანგარიშზე 29 ქულა, 12 მოხსნა და 5 ასისტია. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/20.
- ბობი პორტისის ანგარიშზე 29 ქულა, 10 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/24.
სად ვუყუროთ?
ხვალ გამთენიისას ორი შეხვედრა გაიმართება:
ბოსტონ სელტიკსი vs მაიამი ბაქსი – 03:30
ლოს ანჯელეს კლიპერსი vs დალას მავერიქსი – 06:00
Setantasports.com-ზე ბოსტონისა და მაიამის ყურებას შეძლებთ.