სარჩევი

Game 5, Madison Square Garden, ნიუ-იორკ ნიქსმა ინდიანა პეისერსი დაამარცხა და სერიაში წინ გავიდა – 3:2. ჯეილენ ბრანსონის მორიგი დიდებული პერფორმანსი ვიხილეთ, პეისერსს კი მომდევნო შეხვედრაში საკუთარი არენის იმედი ექნება, თუ მოიგეს Game 7 გველის წინ.

დაწინაურდა დენვერ ნაგეთსიც. უკვე დააქამბექეს, ერთი მოგებაც და კონფერენციის ფინალში გავლენ. მინესოტას სადავეები გაექცა, ნაადრევად დაიწყეს ფინალზე ფიქრი, ჩემპიონებთან, იოკიჩთან, ასე არ შეიძლება.

ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ ამ ორი შეხვედრიდან ორივეში ავცდეთ Game 7-ს. მე მგონი რომ ერთ დუელში მაინც ვიხილავთ გადამწყვეტ ბრძოლას.

ნიუ-იორკ ნიქსი vs ინდიანა პეისერსი

ნიქსმა სახლში დამაჯერებლად მოიგო – 121:91. ოთხივე მეოთხედი მოგებით დაასრულა:

პირველი მეოთხედი – 38:32
მეორე მეოთხედი – 31:22
მესამე მეოთხედი – 27:21
მეოთხე მეოთხედი – 25:16

ინდიანამ უშანსოდ წააგო. თითქოს მალევე დაყარეს ფარ-ხმალი და ყველაფერი Game 6-ს მიანდეს. დაზოგეს ძალები, რათა სახლში გაცილებით დიდი ენერგიით დახვდნენ ნიუ-იორკელებს.

ნიქსს შანსი აქვს 2000 წლის მერე პირველად გავიდეს კონფერენციის ფინალში. ამისათვის ეს გუნდი მზად არის, ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომლის ირგვლივაც კარგი შემადგენლობაა შემოკრებული, მაგალითად ინდიანასთან შეხვედრაში მაილს მაკბრაიდსაც კი კარგი მონაკვეთები ჰქონდა, მის ანგარიშზე 17 ქულაა, 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ესაია ჰარტენშტაინის ანგარიშზე ამჯერად 17 მოხსნა იყო. დივინჩენცოს სტატისტიკა ასე კარგად არ გამოიყურება, მაგრამ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, მის ანგარიშზე 8 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკია. ამჯერად სამიანები არ წაუვიდა, 6-დან ვერცერთი ვერ ჩააგდო. წინა შეხვედრაში 6-დან ერთი ჩააგდო. არადა, ინდიანასთან სერია სულ სხვა პროცენტებით დაიწყო.

ორმაგი დუბლია ჯოშ ჰარტის ანგარიშზე – 18 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/16.

ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 44 ქულა, 4 მოხსნა და 7 ასისტი. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, FG – 18/35.

პასკალ სიაკამმა 22 ქულით დაასრულა შეხვედრა, მაილს ტერნერმა 13 ქულით, ტაირის ჰალიბარტონმა კი 11 ქულა აიღო. ორმაგი დუბლი არავის ჰქონია, ყველაზე ახლოს პასკალი იყო, რომელსაც 22 ქულასთან ერთად 8 მოხსნა ჰქონდა.

ინდიანას დიდი სამეულისგან გაცილებით მეტს ელიან, საკუთარ კედლებში ახერხებენ კიდეც იმედების გამართლებას. ჰოდა, ვნახოთ ამჯერად როგორ იქნება საქმე.

Game 6 17 მაისს არის ჩანიშნული.

დენვერ ნაგეთსი vs მინესოტა ტიმბერვულვზი

იოკიჩს მატჩის წინ MVP-ის ჯილდო გადასცეს. მესამე კარიერაში. იმ გამოტევებულ ერთზე ალბათ ძალიან ედარდება, რომელიც ემბიდმა წაიღო, მაგრამ ეს დანაკლისი ბეჭდით შეავსო.

სეზონის საუკეთესო მოთამაშე სეზონის საუკეთესო მცველის წინააღმდეგ – გადასარევი ანონსია. უბრალოდ, იმხელა სხვაობაა ამ ორ მოთამაშეს შორის რომ ინტრიგა თავიდანვე მკვდარია. ნიკოლა იოკიჩი სერბულ დრაკონს ჰგავს, რომელიც არ მოასვენეს და იქამდე უჩიჩხინეს სანამ არ გაეღვიძა, ახლა კი დაფრინავს და ცეცხლს აფრქვევს.

შეიწვა რუდი გობერი.

ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია მის წინააღმდეგ თამაში. რასაც უნდა იმას აკეთებს და თუ ხელის შეშლას მოისურვებ ყოველ ჯერზე უარეს შედეგს მიიღებ. ამიტომ, ხანდახან მეტად თვითდესტრუქციული აზრი მოგივა თავში – იქნებ სჯობდეს საერთოდ დავანებოთ თავი? იქნებ ჯობია მივუშვათ და გააკეთოს რაც უნდა?!

ასეთი აზრი იმ მცველებს მოსდიოდათ თავში ვისაც შაკილ ონილის წინააღმდეგ უწევდა თამაში. ჰოდა, დაბრუნდა ეს დომინაცია, დაბრუნდა ტერორი ფარქვეშ.

იოკიჩის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 40 ქულა, 13 ასისტი, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 15/22.

აარონ გორდონის ანგარიშზეც ორმაგი დუბლია – 18 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა. FG – 7/14.

18-18 ქულაა ენტონი ედვარდსისა და რუდი გობერის ანგარიშზე. ედვარდსს ერთი ასისტი დააკლდა ორმაგ დუბლამდე. რუდიმ კი 18 ქულას 11 მოხსნა მიამატა და ორმაგი დუბლიც მიითვალა.

23 ქულაა თაუნსის ანგარისზე – 5-დან 2 სამქულიანი ზუსტად ისროლა.

ასე რომ დენვერ ნაგეთსი წინ გავიდა. მინესოტას წაგების უფლება აღარ აქვს, ან მოიგებს Game 6-ს და გადამწყვეტ მატჩამდე მივალთ, ან, დენვერი გავა კონფერენციის ფინალში.

შეხვედრა 17 მაისს, თბილისის დროით 04:30 ზე გაიმართება.

სად ვუყუროთ?

ხვალ გამთენიისას Game 5-ის ორი შეხვედრა გაიმართება. ბოსტონ სელტიკსი კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლებს, თბილისის დროით 03:00 ზე. ხოლო ოკლაჰომა სიტი დალას მავერიქსს მიიღებს 05:30-ზე.

Setantasports.com – ზე ოკლაჰომასა და დალასის შეხვედრას იხილავთ.