მეორე წრეზე წავედით, Game 2 კლივლენდისა და ორლანდოს შეხვედრით გაიხსნა. ისე მოხდა რომ მასპინძლები დღის სამივე თამაშში ორი მოგებით დაწინაურდნენ. მეორე შეხვედრა მოიგეს კლივლენდმა, დენვერმა და ნიქსმა.
ოღონდ, სათქმელი ბევრია – კლივლენდ კავალიერსისა და ორლანდო მეჯიქის თამაშისგან განსხვავებით, დანარჩენ ორ შეხვედრაში თანაბარი და დრამატული ბრძოლა ვიხილეთ.
მოდი, ბითაძის გუნდით დავიწყოთ.
კლივლენდ კავალიერსი vs ორლანდო მეჯიქი
კლივლენდი ორი მოგებით დაწინაურდა. გოგა ბითაძეს კი არც ამჯერად მისცეს სათამაშო დრო. ამ წყვილს შორის, შესაძლოა, ყველაზე სწრაფად დასრულდეს ყველაფერი. ჯერ წინ არის ორლანდოში გასამართი თამაშები და კლივლენდი ნამდვილად არ არის დაუმარცხებელი, მაგრამ ორლანდო მაინც ვერ ტოვებს საპლეიოფო გუნდის შთაბეჭდილებას.
რატომღაც მგონია, რომ ფლეი ინში მოხვედრის შემთხვევაში, ვერც გააღწევდნენ პლეიოფამდე. თუმცა, გამორჩეული ვარსკვლავი მათაც ჰყავთ პაოლო ბანჩეროს სახით.
კლივლენდმა 96:86 მოიგო. მესამე მეოთხედისთვის სხვაობა 22 ქულამდეც კი გაიზარდა. პირველი სამი მეოთხედი მოიგეს, ბოლო მეოთხედში კი თავს მოდუნების უფლება მისცეს.
- დონოვან მიჩელის ანგარიშზე 23 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 10-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/22.
- ჯარეტ ალენის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 16 ქულა, 20 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი. FG – 6/10.
- პაოლო ბანჩეროს ანგარიშზე კი 21 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/20.
ნიუ-იორკ ნიქსი vs ფილადელფია სიქსერსი
შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე, ფილადელფია სიქსერსი ხუთი ქულით იყო წინ, ძალიან ახლოს გამარჯვებასთან, ძალიან ახლოს გეიმ ორის წაღებასთან და საერთო ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ ნიქსის ლიდერმა სხვაგვარად გადაწყვიტა.
ჯეილენ ბრანსონმა ჯერ სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში ორ ქულამდე შეამცირა. სიქსერსმა ბურთი შემოიტანა თამაშში და მაშინვე დაკარგა, ჯეილენ ბრანსონმა აქაც დიდი როლი ითამაშა ბურთის აღებაში, პერიმეტრზე დევინჩენცო მოინახა, რომელმაც სამიანი გააცუდა, მაგრამ ნიქსმა ფარზე ბურთი მოხსნა და ისევ დევინჩენცო დარჩა პერიმეტრზე, ამჯერად ჩააგდო – 102:101.
ნიქსმა საბოლოოდ 104:101 მოიგო. ბოლო სროლა ემბიდმა დაიტოვა და ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
რთული წარმოსადგენი იყო რომ ემბიდისა და მაქსის ასეთი თამაშის შემდეგ ნიქსი ორი მოგებით დაწინაურდებოდა. წინ გეიმ ორი და გეიმ სამი გველის – ფილადელფიაში.
- ჯოელ ემბიდის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 34 ქულა, 10 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ბლოკი. 9-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/29.
- ტაირის მაქსის ერთი მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე – 35 ქულა, 9 მოხსნა, 10 ასისტი. 11-დან 5 სამიანი ჩააგდო. FG – 12/22.
- ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 24 ქულა, 8 მოხსნა და 6 ასისტია. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/29.
- ჯოშ ჰარტის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 21 ქულა, 15 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/16.
დენვერ ნაგეთსი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსი
ენტონი დევისი ახტა და ნაგეთსის სათადარიგო სკამზე დაეშვა. თავი რომ ასწია მის გარშემო უკვე სიგიჟე ხდებოდა, ნაგეთსის მოთამაშეები მოგებას ზეიმობდნენ, დევისი არც შეიმჩნიეს, ფაქტობრივად თავისი ზეიმის ნაწილად აქციეს.
ჯამალ მარი ჰაერში აიტაცეს და აბურთავეს ასე სტაფილოსფერი ბურთივით. ჯამალმა ბოლო ორქულიანი ისროლა და თამაში მოიგო.
მატჩის შემდეგ ენტონი დევისს კითხეს – რა მოხდა ბოლო მომენტში?
ენტონიმაც მოკლედ უპასუხა – ჯამალ მარიმ ისროლა.
მერე მიკროფონი გამარჯვებული რეპერივით მიაგდო და საპრესკონფერენციო დარბაზი დატოვა.
ლებრონ ჯეიმსი მთელი სეზონია მაღალი პროცენტით ისვრის სამიანებს. ამ შეხვედრაშიც კარგი იყო. 15 წამით ადრე კიდევ ერთი გაუშვა და ჰქონდა შანსი ლეიკერსი სამი ქულით წინ გაეყვანა, მაგრამ ვერ შეძლო. მერე მარიმ ბურთი წამოიღო და თამაში მოიგო – 101:99.
დენვერ ნაგეთსმა 20 ქულიანი უპირატესობა აღმოფხვრა.
- ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 27 ქულა, 20 მოხსნა, 10 ასისტი, 2 ჩაჭრა. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/16.
- ჯამალ მარის ანგარიშზე 20 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ბლოკია. 5-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო, FG – 9/24.
- პირველი ორი მეოთხედი ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მოიგო. მეორე და მესამე მეოხედი კი დენვერ ნაგეთსმა.
- ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 26 ქულა, 8 მოხსნა, 12 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/19.
- ორმაგი დუბლია ენტონი დევისის ანგარიშზეც – 32 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. FG – 14/19.
სად ვუყუროთ?
თბილისის დროით 24 აპრილს, გამთენიისას, Game 2-ის კიდევ სამი თამაში გაიმართება:
- მინესოტა ტიმბერვულვზი vs ფინიქს სანსი – 03:30
- მილუოკ ბაქსი vs ინდიანა პეისერსი – 04:30
- ლოს ანჯელეს კლიპერსი vs დალას მავერიქსი – 06:00
Setantasports.com-ის პლატფორმაზე მინესოტასა და ფინიქსის შეხვედრას იხილავთ.