მთავარი სიახლეები

Game 2 დასრულდა – მაიამიმ ბოსტონთან გაათანაბრა

Game 2-ის უკანასკნელი შეხვედრებიც ჩატარდა. ქალაქების ცვლილების დრო მოვიდა. ორი შეხვედრიდან ერთში ანგარიში გათანაბრდა, მეორეში კი მასპინძლების უპირატესობა გაიზარდა.

არ ვიცი ვინ რას ელოდა, მაგრამ მაიამიმ ბოსტონში მოიგო და ეს დიდი ამბავია. მით უმეტეს, ჯიმი ბატლერის გარეშე.

ბოსტონ სელტიკსი vs მაიამი ჰიტი

ჰიტმა 10 ქულით, 111:101 მოიგო. ტაილერ ჰირო მართლა გმირი გახდა, ბემ ადებაიომ ასევე შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. გინდა თუ არა, დაგაფიქრებს იმაზე ამ ორ კაცს ჯიმი ბატლერი რომ შეურთდება მერე რა ამბავს დაატრიალებენ.

ჯიმის აქვს შანსი სერიაში დაბრუნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი პოზიტიური მუხტი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაიამიმ მის გარეშე შეძლო გამარჯვება, თანაც, ბოსტონში. ახლა მაიამი მეტად თვითდაჯერებული იქნება, დიდი რწმენით საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.

ბოსტონი კი მტაცებელს ჰგავს, რომელიც სიმშვიდეს არ კარგავს და იცის რომ ჯერ ყველაფერი წინ არის. მსხვერპლი, შესაძლოა, აღარ ჰყავს თათებში მოგდებული, მაგრამ იქვე ტრიალებს და ვერსად წაუვა.

პირველი მეოთხედში ბოსტონი დამარცხდა – 27:28
მეორე მეოთხედი – 34:30
მესამე მეოთხედი – 18:27
მეოთხე მეოთხედი – 22:26

  • ტაილერ ჰირომ ორმაგი დუბლი შეასრულა – 24 ქულა, 14 ასისტი, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა. 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/13.
  • ბემ ადებაიოს ანგარიშზე 21 ქულა, 10 მოხსნა და 2 ასისტია. FG – 9/13.
  • ჯეისონ ტეიტუმმა 28 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/20.
  • ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე კი 33 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/23.

ოკლაჰომა სიტი vs ნიუ ორლეან პელიკანსი

ვნახეთ ის, რასაც ბევრი პირველ შეხვედრაში ელოდა – ოკლაჰომამ პელიკანსი გაანადგურა. ზაიონმა თუ დაბრუნება ვერ მოასწრო პელიკანსს ოკლაჰომასთან შანსი არ ექნება. მხოლოდ ის დარჩება გასარკვევი რამდენ შეხვედრაში დასრულდება სერია.

მაკკოლამს საშინელი დღე ჰქონდა, ჯერ უილიამსმა ისეთი მოძრაობით ჩაუარა კოჭებში გადატეხა და თავზარდაცემული ისე დაეცა კინაღამ კისერიც მოიტეხა. მერე კიდევ, შესვენებაზე ხურდებოდა და ბურთი მოხვდა პირდაპირ სახეში.

პელიკანსს კიდევ ჰქონდა დრო და იწვალა, მაგრამ მაკკოლამმა აქ წააგო თამაში. ამდენს კაცი ვერ გაუძლებს.

მესამე მეოთხედში ინგრამსაც გვარიანად მოხვდა ნეკნებში, ტაიმაუტზე კი ამ ნაცემ ხალხს ზაიონი წამოადგა თავზე და ტაქტიკური გარჩევა დაუწყო, ო, ღმერთო, ინგრამის სახე უნდა გენახათ! ზაიონი ძალიან დიდი, მასიური ბზიკი ეგონა ალბათ, ძალიან შემაწუხებლად რომ დაფრინავდა ინგრამის ირგვლივ.

არ უშველა ამ ბზუილმა პელიკანსს. კაცმა არ იცის რა ცოდნა დაღვარა უილიამსონმა, მაგრამ, ფაქტია, პელიკანსს არაფერი ეშველა.

ზაიონისთვის იდეალური გამოწვევა იქნებოდა შაის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ამისთვის ჯანმრთელობაა და საღად ყოფნაა საჭირო. არ გამოდის ეს ამბავი. ჰოდა, წააგო პელიკანსმა 92:124.

  • შაის ანგარიშზე 33 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/19.
  • ინგრამის ანგარიშზე 18 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. FG – 10/5.

სად ვუყუროთ?

თბილისის დროით 26 აპრილს Game 3 აიღებს სტარტს.

ორლანდო მეჯიქი vs კლივლენდ კავალიერსი – 03:00

ფილადელფია სიქსერსი vs ნიუ-იორკ ნიქსი – 03:30

ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs დენვერ ნაგეთსი – 06:00

Setantasports.com ზე შეგიძლიათ ლეიკერსისა და დენვერის შეხვედრას მიადევნოთ თვალყური.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე