სარჩევი

პირველ რიგში, უნდა ითქვას რუდი გობერზე. თანაგუნდელს შესვენების დროს უშნოდ გაარტყა ხელი და ამის გამო მოიკვეთა. მინესოტამ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება.

Play In-ში, ლეიკერსის წინააღმდეგ, რომელსაც ენტონი დევისი ჰყავს, რუდი გობერს რომ თამაშიდან მოკვეთავ, კარგს არაფერს უნდა ელოდო. არ ვამბობ, რომ რუდი დევისს დაიჭერდა, მაგრამ ასეთ შეხვედრაში საუკეთესო რესურსი აუცილებლად უნდა გამოიყენო.

მგლებმა კარგად დაიწყეს

მინესოტამ პირველი ნახევარი 60:49 მოიგო. კარგი უპირატესობაა ასეთი თანაბარი თამაშისთვის. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ლეიკერსმა თავის მოედანზე ითამაშა, რაც გარკვეულ მომენტებში დიდ უპირატესობას ანიჭებდა.

მესამე მეოთხედში მინესოტამ გაქცევა შეძლო, ლეიკერსმა ისევ ამოქაჩა, საბოლოო ჯამში 9 ქულიანი დისტანცია მივიღეთ – 86:77.

თამაშს ეტყობოდა, რომ სწრაფად შეიძლებოდა ყველაფერი შეცვლილიყო. მინესოტამ ნაადრევად დაიწყო პლეიოფზე ფიქრი, ლეიკერსს კი გაცილებით მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავს, ორი დიდი ვარსკვლავი, რომელთა წინააღმდეგაც რთულია რამეს გახდე.

ბოლო მეოთხედში ლებრონ ჯეიმსმა თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სამიანი ისროლა და ანგარიში გაათანაბრა – 95:95. ამ ანგარიშით მივიდნენ გუნდები ბოლო წამებამდე. რა თქმა უნდა, ლებრონი დაესხა მეტოქის ფარს, მთელი ყურადღება მასზე გადავიდა, მარტო დარჩენილ შრუდერს გადააწოდა და არის! სამქულიანი – 98:95.

ლეიკერსს 1,4 წამი აშორებდა პლეიოფს.

რა უნდა მოხდეს, რომ ამ დროში ლეიკერსმა მოგება ხელიდან გაუშვას? შეუძლებელია. ვერაფერი მოხდება.

მაგრამ მოხდა!

მინესოტამ, რა თქმა უნდა, ტაიმაუტი აიღო. კაილ ანდერსონმა საპირისპირო ფლანგზე გადაკიდა ბურთი მაიკ კონლიზე, დრო ფაქტობრივად აღარ არის, კონლი ისვრის და…

ენტონი დევისი ჯარიმდება, კონლის სამი სროლა ექნება!!

არც კი ვიცი კარიერის განმავლობაში დევისს აუღია თუ არა ამაზე ცუდი ჯარიმა. ალბათ არა. ლეიკერსის ქომაგს კინაღამ გულმა დაარტყა.

ახლა ამის ჩაგდება არ გინდა? კონლი მიდის ნიშნულთან, დრო ტაბლოზე – 0,1 წამი. ვალდებული ხარ რომ სამივე ჩააგდო. სხვაგვარად არ გაპატიებენ, არავინ გაპატიებს, არც საკუთარ თავს აპატიებ და გაგყვება ეს ამბავი ცხოვრების ბოლომდე.

პირველი სროლა ყველაზე სანერვიულო გამოდგა, ბურთმა ფარზე იხტუნა, გულმა საგულეში, მაინც ჩავარდა. მეორე ზუსტი სროლის შემდეგ კულმინაციამდეც მივედით, კონლის ზედიზედ მესამე უნდა ჩაეგდო და ჩააგდო. რკინის ნერვები აღმოაჩნდა. ხელიც არ აკანკალებია.

წავედით ოვერტაიმში.

დამაჯერებლად ოვერტაიმში

ამას ნიშნავს საკუთარი კედლები. თითქოს მინესოტას უნდა მიეღო უპირატესობა, ლეიკერსმა მიიღო დარტყმა და ბოლო წამს გაუშვა მოგება ხელიდან, მაგრამ პირიქით მოხდა, ფსიქოლოგიურად ლეიკერსი უფრო მზად აღმოჩნდა, მეტოქე დაჩაგრა და დამაჯერებლად მოიგო – 10:4. საბოლოო ჯამში – 108:102.

წინ ჯა მორანტის მემფისელი გრიზლები არიან. ძალიან ძალიან კარგი თამაშები გველის.

მოდი, დავიწყოთ ბოდიშით

მატჩის შემდეგ ლებრონ ჯეიმსი ენტონი დევისის გონებაგაფანტულობაზე ხუმრობდა, კარგ ხასიათზე იყო, დევისმაც სიცილ-სიცილით მოიბოდიშა, ასე ცვლის ყველაფერს გამარჯვება. წაგების შემთხვევაშიც იგივე სიტყვებს მოვისმენდით, ოღონდ სიცილის გარეშე.

ლებრონ ჯეიმსმა 30 ქულა, 10 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. 38 წლის კაცმა 45 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი მიითვალა. წარმოუდგენელი ამბავია.

ორმაგი დუბლია დევისის ანგარიშზეც – 24 ქულა, 15 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 3 ბლოკი.

თქვენი არ ვიცი და, ენტონი ედვარდსისგან მეტს ველოდი – 9 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი მიითვალა, 45 წუთში. 9-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო. არ იყო მისი თამაში.

მინესოტა პელიკანსისა და ოკლაჰომას შორის გამარჯვებულს შეხვდება და კიდევ ერთი შანსი ექნება პლეიოფში მოსახვედრად.