სარჩევი
2024 მაი 25, 18:56 შშ
4 წუთის საკითხავი

თამაშის დასრულებამდე სამი წამით ადრე ლუკა დონჩიჩმა რუდი გობერი და მინესოტა სახლში გაუშვა, უფრო სწორად, სახლში დატოვა, რადგან მატჩი მინესოტაში ჩატარდა, – ლიგის საუკეთესო მცველს თავბრუ დაახვია, ნაბიჯი უკან ჯეიმს ჰარდენის სტილში და წავიდა სამქულიანი!

“დარჩით სახლში თქვენი…..” – მიაძახა ლუკამ გობერს, მატჩის შემდეგ კი თქვა არა ძმებო, არა სწორად გამიგეთ, მე სლოვენიურად ჩავილაპარაკე რაღაც სიტყვებიო.

ესეც გეიმ ორი. დალას მავერიქსი სერიაში უკვე 2:0 იგებს. ორივე მინესოტაში მოიგო. გააკეთა ის, რაც მინესოტამ გაუკეთა დენვერ ნაგეთსს, შემდეგ კი იოკიჩის ნაგეთსმა სერიის შემოტრიალება შეძლო და 3:2 წაიყვანა, აბა ვნახოთ, მინესოტას თუ შეუძლია იგივე გააკეთოს. 3:2 – დან დაქამბექება უკვე შეძლეს, 0:2-დან დაქამბექება კი სულ სხვა სირთულის საქმეა.

ედვარდსი დაღალეს, ედვარდსი დაკეტეს

ენტონი ედვარდსი უკვე მეორე თამაშია თავის თავს არ ჰგავს. მართლაც წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო ასეთ ასაკში, ჯერ კიდევ ასე გამოუცდელს საპლეიოფო ეტაპები ერთი ამოსუნთქვით გაეარა. მიუხედავად იმისა, რომ არც ლუკაა მაინცდამაინც ასაკოვანი, მაინც გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს, კაირიზე აღარაფერს ვამბობ. თუმცა, ედვარდსისგან მაინც მეტს ელიან, პირველ რიგში, გამოფხიზლებას ელიან, მაგრამ თუ მართლაც გადაღლასთან გვაქვს საქმე, მაშინ, ვერანაირი გამოფხიზლება ამას ვერ უშველის.

აქ უკვე სამწვრთნელო გუნდის მიმართ დაისმის კითხვა – რატომ ვერ შეძლეს მეტად რაციონალური მოქმედება? ძალების გადანაწილება იმისათვის, რომ ედვარდსი მზად ყოფილიყო?

რთული საქმეა, რა თქმა უნდა, ედვარდსი არის მოთამაშე, რომელიც ყოველთვის გჭირდება, ყოველ წუთს, მეორე მხრივ კი ამ ასაკში ასე ყველაფერს ერთად ვერ აიტანს, გამოცდილება ვახსენეთ და ძალების დაზოგვისა და გადანაწილების უნარიც გამოცდილებასთან ერთად მოდის.

სწორედ გადაღლილი ედვარდსის გაფუჭებულ პასს მოჰყვა დალასის შეტევა და ლუკას სამიანი. გული იჯერა დაწინაურების შემდეგ და პარკეტზე შემოვარდნილ თანაგუნდელებს ანიშნა – ჯერ ადრეა!

სწორიც იყო, ტაბლოზე სამი წამი ენთო, ეს კი კალათბურთში დიდი დროა, როცა ყველაფერს მეტოქის ნახევრიდან იწყებს. მსროლელები ნამდვილად ჰყავს მინესოტას, ყველაზე კარგად კი ნაზ რიდს წაუვიდა სამიანები, ჰოდა, დატოვეს რიდი პერიმეტრზე, მისცეს ბურთი, იმანაც ისროლა და დაახლოებით ისე ამოვარდა, როგორც ჯორდანის ნასროლი ინდიანას ფარში.

აი მერე კი გაიხარა მთელმა დალასმა და პარკეტზე ზეიმის დროც მოვიდა.

TNT-სთან ინტერვიუში ლუკამ აღნიშნა წინასწარ არ გვაქვს განსაზღვრული ბოლო სროლა ვის ექნება, მე თუ კაირის, ამას ყოველთვის მეტოქის დაცვა გვკარნახობს, კაიმ კი მითხრა მე მზად ვარო – ისიც დააყოლა, მომდევნო შეხვედრაში ალბათ არა მხოლოდ გობერი, არამედ ორი მცველი დამიდგება, რაც კაირის მისცემს მეტ სივრცესო.

ასეთი ამბები ტრიალებს ლუკას თავში. უახლოვდება ნელ-ნელა მიზანს, ოცნებას, თუმცა, სიჩქარე ახლა არ ივარგებს. დიდი უპირატესობა აქვს დალასს და ბოსტონს აღმოსავლეთში, ახლა თითქოს ასეთი ფინალიც იკითხება, მაგრამ.. ვნახოთ. მიმდინარე პლეიოფებში რამდენჯერმე ვნახეთ ქამბექი.

  • ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 21 ქულა, 5 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ბლოკია. 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 5/17.
  • ენტონი თაუნსის ანგარიშზე 15 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ბლოკია. 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 4/16.
  • ნაზ რიდმა 23 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. 9-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. 9-დან 8 რომ ჩაეგდო თამაშსაც მოიგებდა. FG – 8/13.
  • ორმაგი დუბლია რუდი გობერის ანგარიშზე – 16 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. FG – 6/10.

რაც შეეხება შეხვედრის MVP-ის, ლუკა დონჩიჩმა მიმდინარე პლეიოფებში მეხუთე სამმაგი დუბლი შეასრულა. ამ მხრივ, ახლოსაც არ არის მასთან არავინ. ნიკოლა იოკიჩს ორი სამმაგი დუბლი ჰქონდა.

ლუკას ანგარიშზე 32 ქულა, 10 მოხსნა და 13 ასისტია. 11-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/23.

კაირი ირვინგის ანგარიშზე 20 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/16.

სად ვუყუროთ?

ხვალ გამთენიისას, თბილისის დროით 04:30 – ზე, ინდიანა პეისერსი ბოსტონ სელტიკსს უმასპინძლებს Game 3-ში. შეხვედრას Setantasports.com-ი შემოგთავაზებთ.