ისტორია ვერ დაიწერა, ბოსტონმა Game 7 – ში წარმატებას ვერ მიაღწია. მაინც დასაფასებელია ის გზა რაც პლეიოფში განვლეს, მაგრამ ჩემპიონობისთვის, როგორც ჩანს, ადრეა.
მეორე მხრივ, მერვეადგილოსანი მაიამი ჰიტი გახდა აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული. ჯიმი ბატლერი გახდა კონფერენციის ფინალების MVP, ეს ჯილდო ლარი ბირდის სახელს ატარებს.
მაიამის დიდი უპირატესობა
გადამწყვეტ შეხვედრაში უფრო თანაბარ ბრძოლას ველოდი, მაგრამ ჰიტმა სელტიკსი ახლოსაც არ გაიკარა. 4-დან 3 მეოთხედი მოუგეს. მხოლოდ მესამე მეოთხედში დამარცხდნენ ერთი ქულით. ეგეც იმიტომ, რომ მეოთხედის ანგარიშს აღარავინ ადევნებდა თვალყურს, საერთო ანგარიშში მაიამი ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს.
ეს ფეხბურთი არ არის ყველაფერი 5 წუთში რომ დამთავრდეს. მაგალითად, პარალელი რომ გავავლოთ სტამბოლის ფინალთან, მახსოვს ერთი უცხოელი კომენტატორი ამბობდა, მილანმა რომ დამატებით დროში თამაში მოიგოს, უკმაყოფილო არავინ იქნება, მილანის ქომაგი ისტორიული თამაშისა და ტიტულის მოგებას აღნიშნავს, ლივერპულის ქომაგი კი ბედნიერი და ამაყი იქნება მისი გუნდის ასეთი თამაშით, მათ ხომ 0:3-დან მოატრიალესო.
მაგრამ ფეხბურთში ფინალი მართლა ფინალია, 7 თამაში არ გვაქვს, ან ყველაფერი მიგაქვს, ან არაფერი, კალათბურთში კი ყოველი მომდევნო მატჩის მერე შეგიძლია რეაბილიტაცია.
ახლა ბოსტონელებს შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ უბრძოლველად არაფერი დაუთმიათ.
ჯიმი ბატლერს იოკიჩი ელოდება
ორი დიდი ლიდერის დაპირისპირება გველის. ძალიან მოუხდება სუპერ ფინალს. ჯიმიმ სასწაული გზა გაიარა – ჯერ ანტეტოკუნმპო გაუშვა სახლში, მერე რეგულარული სეზონის MVP, თავის ჰარდენიანად, ბოლოს აგერ ტეიტუმი და მთელი ბოსტონიც მიაყოლა, ახლა კი ძალიან დიდი კაცი ელის ფინალში.
დენვერი დასავლეთ კონფერენციის ნომერი პირველი გუნდია, მიეჩვივნენ ლიდერობას, მაიამი კი აღმოსავლეთის მერვე გუნდია, რომელიც პლეიოფში გაცოცხლდა. მეტწილად, ჯიმი ბატლერის გარდასახვის გამო. ჯიმი თავიდან ბოლომდე საპლეიოფო მოთამაშეა.
სუპერ ფინალის პირველი შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება.
ტეიტუმი vs ბატლერი – სტატისტიკა
ჯეისონს არ გამოუვიდა კარგი თამაში, შეიძლება ითქვას, რომ ძალა აღარ ეყო. მართალია ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს საუკეთესო ტეიტუმი არ ყოფილა.
მის ანგარიშზე 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 5/13 – ზე.
ჯიმი ბატლერმა 28 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა. 7-დან 3 სამქულიანი ზუსტად ისროლა. FG – 12/28 ზე.
პრომოკოდი და მაისის შეთავაზება setantasports.com-ზე
სასიამოვნო სიახლე გვაქვს setantasports.com-ის მკითხველებისთვის. შეიძინეთ, ჩვენი პლათფორმის ერთთვიანი გამოწერა და მიიღეთ უფასოდ დამატებით 2 თვე.
1+2 შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა, რეგისტრაციისას გამოიყენოთ პრომოკოდი May23. ასეთ შემთხვევაში setantasports.com-ის სერვისით სარგებლობას 1 თვის ფასად 3 თვის განმავლობაში შეძლებთ.