რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს რომლის მოქალაქეა კალათბურთელი და რომლის – იარაღით მოვაჭრე.
ბრიტნი გრინერი თავისუფალია. ამერიკელმა ქალმა კალათბურთელმა 294-დღიანი პატიმრობის შემდეგ რუსეთი დატოვა. 32 წლის მოთამაშე რუსეთიდან ჯერ აბუ დაბიში, შემდეგ კი შინ, ტექსასში, სან ანტონიოში დაბრუნდა.
მისი გათავისუფლება ოფიციალურ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი. მხარეებმა პატიმრები გაცვალეს. აშშ-მ რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიკტორ ბუტი გადასცა, სანაცვლოდ კი ოკუპანტებმა გრინერი გაათავისუფლეს.
ვიკტორ ბუტი აშშ-ის პენიტენციურ სისტემაში სასჯელს 10 წელია იხდის. მისი მეტსახელი სიკვდილით მოვაჭრეა. მის დაბრუნებაზე ოკუპანტების საგარეო საქმეთა უწყებამ თქვა, – “კარგია, რომ რუსეთის მოქალაქე, მის მიწას დაუბრუნდა”.
ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატის 2-2-გზის გამარჯვებული რუსებმა შერემეტიევოს აეროპორტში 17 თებერვალს დააკავეს. მიზეზად კი მის ბარგში კანაფის ზეთის 1 გრამზე ნაკლები რაოდენობის აღმოჩენა დაასახელეს.
10-თვიანი პატიმრობის შემდეგ გრინერის გათავისუფლებას ლებრონ ჯეიმსიც გამოეხმარა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ოფისს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.