საქართველოს ნაკრებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია. თუმცა, ქართველ ფეხბურთელებს მიუღიათ მონაწილეობა, საბჭოთა კავშირის სახელით.
მათ შორის გამორჩეული ფეხბურთელებიც ყოფილან და ჩემპიონებიც გვყოლია, თანაც, არაერთი და არაერთხელ.
1982 წლის ჩემპიონატი
საბჭოთა ნაკრები ნახევარფინალამდე მივიდა, თუმცა, გერმანიის ნაკრებთან განადგურდა. სტაბილურად თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში ნუკრი კაკილაშილი, მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებს გოლიც გაუტანა.
ძირითადად შეცვლებზე შემოდიოდა გრიგოლ ცაავა. ყველაზე მცირე დრო დაუთმეს დავით პაიკიძეს.
1980 წლის ჩემპიონები – შენგელია და დარასელია
1980 წლის ჩემპიონატზე ჩემპიონობა იზეიმეს რამაზ შენგელიამ და ვიტალი დარასელიამ. შენგელია სამი გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ორი გოლი იუგოსლავიას გაუტანა (ორ სხვადასხვა შეხვედრაში) ერთი კი იტალიის ნაკრებს. იტალიასთან ვიტალი დარასელიამაც გამოიჩინა თავი.
იტალიის ნაკრებში თამაშობდნენ: ფრანკო ბარეზი, მაურო ტასოტი და კარლო ანჩელოტი.
ჩემპიონები – ყიფიანი, შენგელია და გუცაევი
1978 წლის ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა, ჩემპიონატი ოფიციალურად 23-წლამდელთა ფეხბურთელებისგან შედგებოდა და არა 21 წლამდელებისგან.
მეოთხედფინალში თანაბარი ბრძოლა იყო საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთის ნაკრებს შორის. საბჭოელები თერთმეტმეტრიანების სერიაში გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. ორრაუნდიან ბრძოლაში ერთი გოლის გატანა შეძლო რამაზ შენგელიამ.
ნახევარფინალში საბჭოელებმა ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხეს. დავით ყიფიანმა ორიდან ერთ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
ფინალში საბჭოელები უნგრელებს შეხვდნენ. პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორე კი საბჭოთა კავშირმა მოიგო 2:1. ორიდან ერთი გოლი ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა.
ყიფიანის ბენეფისი 1974 წელს
საბჭოთა კავშირი მეოთხედფინალში იუგოსლავიის ნაკრებს შეხვდა და 6:0 დაამარცხა. დავით ყიფიანმა ჰეთთრიქი შეასრულა – მე-7, მე-19 და 26-ე წუთებზე შეძლო გოლების გატანა.
ნახევარფინალში უნგრეთს 2:0 მოუგეს, ერთი გოლი ყიფიანმა შეაგდო, მეორე ბურიაკმა, (დავით ყიფიანის ახლო მეგობარი) თუმცა, განმეორებითი შეხვედრაში საბჭოთა ნაკრები ამავე სხვაობით დამარცხდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი საერთოდ გამოეთიშა ტურნირს.
ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, როცა ყიფიანი მოედნიდან გაიყვანეს. ტრავმის შესახებ არაფერი წერია და არც ის არის გამორიცხული რომ ასე ცუდად მოქცეოდნენ ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, ყიფიანს ხომ ყოველთვის ჩაგრავდნენ საბჭოთა ნაკრებში.
მთავარი მწვრთნელი ვალენტინ ნიკოლაევი გახლდათ.
ნოდია და გუცაევი 1972 წლის ჩემპიონატზე
გუნდს გივი ნოდია კაპიტნობდა, შემადგენლობაში იყო ვლადიმერ გუცაევიც. საბჭოთა ნაკრებმა მეოთხედფინალში გერმანია დაამარცხა – 3:1. სამიდან ერთი გოლი ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა.
მეოთხედფინალში გაანადგურეს ბულგარეთის ნაკრები 4:0. ერთი გოლის გატანა შეძლო კაპიტანმა, გივი ნოდიამ.
განმეორებით შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა – 3:3. ამჯერად ისევ ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა.
ფინალში საბჭოთა კავშირს ჩეხოსლოვაკეთი შეხვდა. პირველი მატჩი 2:2 დასრულდა. საბჭოთა ნაკრებიდან გოლები ბლოხინმა და გუცაევმა გაიტანეს.
განმეორებითი შეხვედრა ჩეხოსლოვაკებმა მოიგეს 3:1 და თასსაც დაეუფლნენ.
შესარჩევ ეტაპზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო მანუჩარ მაჩაიძე, თუმცა, ძირითად ბადეში სათამაშო დრო აღარ მისცეს.