სარჩევი

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი სტარტს 21 ივნისს აიღებს. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი მასპინძელი იქნება და პირველ შეხვედრას პორტუგალიის ნაკრებთან გამართავს.

პორტუგალიის ნაკრები ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი ახალგაზრდული ნაკრებებით, თუმცა, ეს ტურნირი არასდროს მოუგიათ, ფინალი კი სამჯერ წააგეს – 1994, 2015 და 2021 წლებში.

ჩემპიონატზე მისვლისკენ კი ყველას მოგიწოდებთ, არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების სანახავად, რადგან შეუძლებელია ამ ჩემპიონატზე მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა არ ითამაშონ, უბრალოდ, ამის შესახებ ჯერ არ ვიცით. ჯერ არასდროს მომხდარა, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე მსოფლიო რანგის ვარსკვლავს მაინც არ ეთამაშოს.

საუკეთესოები

გადავავლოთ თვალი ჩემპიონატის ოქროს ბურთის მფლობელებს და ვნახოთ სხვადასხვა დროს ვინ გამოიჩინა თავი:

  • 1978 – ვაჰიდ ჰალიხოჯიჩი (იუგოსლავია, ბოსნია)
  • 1980 – ანატოლი დემიანენკო (საბჭოთა კავშირი, უკრაინა)
  • 1982 – რუდი ფიოლერი (დასავლეთ გერმანია)
  • 1984 – მარკ ჰეიტლი (ინგლისი)
  • 1986 – მანოლო სანჩესი (ესპანეთი)
  • 1988 – ლორან ბლანი (საფრანგეთი)
  • 1990 – დავორ შუკერი (იუგოსლავია, ხორვატია)
  • 1992 – რენატო ბუსო (იტალია)
  • 1994 ლუიშ ფიგუ (პორტუგალია)
  • 1996 – ფაბიო კანავარო (იტალია)
  • 1998 – არნაუ (ესპანეთი)
  • 2000 – ანდრეა პირლო (იტალია)
  • 2002 – პიოტრ ჩეხი (ჩეხეთი)
  • 2006 – კლაას-იან ჰუნტელაარი (ნიდერლანდები)
  • 2007 – როისტონ დრენტე (ნიდერლანდები)
  • 2009 – მარკუს ბერგი (შვედეთი)
  • 2011 – ხუან მატა (ესპანეთი)
  • 2013 – ტიაგუ (ესპანეთი)
  • 2015 – ულიამ კარვალიო (პორტუგალია)
  • 2017 – დანი სებალიოსი (ესპანეთი)
  • 2019 – ფაბიანი (ესპანეთი)
  • 2021 – ფაბიო ვიეირა (პორტუგალია)

სიმბოლური ნაკრები

21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ყველა დროის სიმბოლური ნაკრებიც არის შერჩეული, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. თუმცა, ძალიან რთულია ამ ნაკრებში კარის შეღება და რომელიმე ვარსკვლავის ადგილის დაკავება.

ამჟამად სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე – მანუელ ნოიერი (გერმანია)

მცველები – ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი), მატს ჰუმელსი (გერმანია) ჯორჯო კიელინი (იტალია), ალესანდრო ნესტა (იტალია)

ნახევარმცველები – ფრენკ ლამპარდი (ინგლისი) ანდრეა პირლო (იტალია) ჩავი ერნანდესი (ესპანეთი) მესუტ იოზილი (გერმანია)

თავდამსხმელები – ფრანჩესკო ტოტი (იტალია) რაულ გონსალესი (ესპანეთი)

ეჭვგარეშეა, რომ ახალი ვარსკვლავების დაბადებას მივადევნებთ თვალყურს. იქნებ ვინმემ თავისი ფავორიტიც ამოირჩიოს და მერე მთელი ცხოვრება მისი გულმხურვალე ქომაგიც შეიქნას.

ამიტომ, მოედანზე მისვლისკენ მოგიწოდებთ, მერე თქმა რომ არ მოგიხდეთ – ამ ფეხბურთელს ჩვენს ქვეყანაშიც აქვს ნათამაშები, მაგრამ სტადიონზე წასვლა არც მიფიქრიაო.