სარჩევი

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელია!

ისტორიული მიღწევაა. ტოპ 5 ლიგაში ქართველ ფეხბურთელს არ ღირსებია მსგავსი აღიარება. ერთადერთი, გიორგი ქინქლაძე გახდა ტოპ ლიგაში თავისი კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი.

სერია ა-ს საუკეთესოობა კი სულ სხვა სიმაღლე და აღიარებაა. ლოგიკურიც არის, ქინქლაძე მიუხედავად გულშემატკივართა აღიარებისა პრემიერ ლიგიდან გავარდა, კვარაცხელია კი ქვეყნის ჩემპიონი გახდა, თანაც, ნაპოლისთან ერთად, რომელსაც მარადონას შემდეგ არ ჰქონია სკუდეტო მოგებული.

კვარას მთავარი ოპონენტი მისივე თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი იყო. The Athletic-მა ოსიმენი დაასახელა საუკეთესოდ. რასაკვირველია, ოფიციალურად ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობას გაცილებით დიდი წონა აქვს, ვიდრე ცალკეული გამოცემის აღიარებას.

საუკეთესოების სია

შედარებით ახალი ჯილდოა. დიდი ისტორია ნამდვილად არ აქვს. პირველად სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი 1997 წელს დააჯილდოვეს. რობერტო მანჩინის ხვდა ეს პატივი წილად.

ახლა ვნახოთ ლეგიონერები, რომელთაც საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვეს:

  • რონალდო – 1998 წელს;
  • ზინედინ ზიდანი – 2001 წელს;
  • დავიდ ტრეზეგე – 2002 წელს;
  • პაველ ნედვედი – 2003 წელს;
  • კაკა – 2004 წელს;
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 2008, 2009 და 2011წელს;
  • დიეგო მილიტო – 2010 წელს;
  • კარლოს ტევესი – 2015 წელს;
  • მაურო იკარდი – 2018 წელს;
  • კრიშტიანუ რონალდუ – 2019 და 2020 წელს;
  • რომელუ ლუკაკუ – 2021 წელს;
  • რაფაელ ლეაუ – 2022 წელს;

მშვენიერი კომპანიაა, ვერაფერს იტყვი.

კვარამ მოლოდინს გადააჭარბა

სეზონის წინ, Setantasports-თან ინტერვიუში Il Napolista-ს მთავარმა რედაქტორმა პროგნოზი გააკეთა – კვარა სერია ა-ს აღმოჩენა გახდებაო. ეგეც არის, აღმოჩენაც გახდა და მთლიანად ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც. მოლოდინი დიდი ჰქონდათ, თუმცა, კვარამ ამ მოლოდინსაც გადააჭარბა.