ჰალიდ დოლტმურზიევი ბრიუგეს მოთამაშეა. ინგუში ფეხბურთელი ბელგიაშია დაბადებული. 15 წლის ფორვარდი ბრიუგეს 16-წლამდელთა გუნდის ლიდერია და საქართველოს სახელით თამაში სურს.
მისი სახელის ძიებისას ინტერნეტ რესურსებში წერია, რომ ბელგიაში მის თაობაში გამორჩეული შემტევია. ჰალიდი ცენტრფორვარდია და ბრიუგეს 16-წლამდელთა გუნდის ბომბარდირია. მას 22 მატჩში 23 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს.
ინგუში ფეხბურთელი საქართველოს სახელით ითამაშებს. ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში გაჰყვება.
ვინ არის ჰალიდ დოლტმურზიევი
ჰალიდ დოლტმურზიევი ბელგიაშია დაბადებული. მისი მამა, უმალატი ინგუშეთიდან ბელგიაში 2000 წელს, 22 წლის ასაკში გადაბარგდა.
ჰალიდი შუათანა ძმაა. უფროსი ძმაც, ადალბეკიც სპორტსმენია. ის ჯუდოს მისდევს. ინგუში ოჯახი ბელგიის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს. როგორც პრესაში იწერება, ფეხბურთელმა ინგუშური ენა კარგად იცის.
ფეხბურთის გარდა სპორტულ ნაწილში სპორტსმენი მძლეოსნობითაც არის დაკავებული.
საინტერესოა, რომ ჰალიდის Instagram გვერდზე ინგუშეთის ისტორიის შესახებ ჩანახატებსა და ფოტოებსაც შეხვდებით.
ჰალიდის სტარტი – ნიუპორტი, სერკლ ბრიუგე და ბრიუგე
ჰალიდ დოლტმურზიევმა ფეხბურთის თამაში ნიუპორტში დაიწყო. მაშინ ის 4.5 წლის იყო. 3 წლის შემდეგ ის სერკლ ბრიუგეს სკაუტებმა შენიშნეს.
საინტერესოა, რომ მამას ბიჭის ფეხბურთზე მიყვანა უკვე 3 წლის ასაკში სურდა. 8 წლამდე ის ასაკით უფროსებთან თამაშობდა.
ჰალიდმა სინჯები წარმატებით გაიარა და სერკლ ბრიუგეს აკადემიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელადაც ჩამოყალიბდა.
როგორც მისი მამა ამბობს ინგუშურ პრესასთან საუბარში, ბრიუგე სერკლ ბრიუგეს მატჩებს აქტიურად აკვირდებოდა. მიზეზი კი ჰალიდის მიმართ ინტერესი იყო.
უმალატ დოლტმურზიევს ბრიუგეში უთხრეს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ბელგიური ფეხბურთის გრანდის სკაუტებს ჰალიდის არცერთი თამაში გამოუტოვებიათ.
ბრიუგეს დოლტმურზიევი 2022 წლის გაზაფხულზე შეუერთდა. 1 წელში ის უკვე ახალი გუნდის ლიდერად იქცა. setantasports.com-ისთვის ცნობილია, რომ მოკლე დროში ჰალიდს კონტრაქტს პირველი გუნდიდან გაუფორმებენ.
22 მაისს ფეხბურთელი 16 წლის გახდება, როგორც ჩანს, ბელგიურ კლუბში სწორედ ამას ელიან.
ფეხბურთელის მენეჯერები სანდრო ჭელიძე და პეტრე სარდანაძე არიან. ქართველი აგენტები S & P Sportsagency-ის წარმოადგენენ. მის მამასაც აქვს საქართველოსთან კავშირი და, რაც მთავარია, თავად ფეხბურთელს საქართველოს სახელით თამაში სურს.
ინგუშეთისა და საქართველოს კავშირი
ინგუში და ქართველი ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში მეგობრობა და სიახლოვე მტკიცედაა გამჯდარი.
სსრკ-ს გადაწყვეტილებით 1944 წელს ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა გააუქმეს და ის საქართველოსას შეუერთეს. თუმცა მომდევნო ათწლეულში ინგუშეთმა სტატუსი დაიბრუნდა.
იქ ჩასახლებულმა ქართველებმა კი ადგილობრივებს კუთვნილი მიწა და სამოსახლოები უკან დაუბრუნეს.
ამ ისტორიული პასაჟის გარდა კავშირი ლიტერატურასა და სოციალურ ნაწილშიც არსებობს.
სულ ბოლო ამბავი კი ჩვენი ხალხების მეგობრობის ნაწილში ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. სატვირთო ავტომობილების ქართველ მძღოლებს ინგუშეთში, ამინდის გამო პრობლემები შეექმნათ, მათ კი ინგუშები გულუხვად გაუმასპინძლდნენ და დახმარება აღმოუჩინეს.
შეჯამებისთვის, ჰალიდ დოლტმურზიევის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაში როგორც სპორტული, ასევე კულტურული თვალსაზრისით მხოლოდ მისასალმებელი იქნება.