სარჩევი

კოპა დელ რეის ნახევარფინალში ბარსელონა მადრიდის რეალს უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა ბერნაბეუზე ბარსას სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.

ლა ლიგის ბოლო ტურში გუნდებმა დიდი ანგარიშით მოიგეს, ბარსელონამ ელჩე დაამარცხა გასვლაზე 4:0, მადრიდის რეალმა კი ვალიადოლიდი გაანადგურა 6:0.

ბარსელონა 11 ქულით უსწრებს რეალს, ეს კი ლა ლიგაში ძალიან დიდი უპირატესობაა, სასწაული უნდა მოხდეს რომ ბარსამ ჩემპიონობა ხელიდან გაუშვას, სასწაული კი ამ ჩემპიონატში იშვიათად ხდება ხოლმე.

ტრიპლეტისთვის

ბარსელონა ტრიპლეტისთვის იბრძვის. ერთი ტიტული უკვე მოგებული აქვს, სუპერ თასის ფინალი სწორედ რეალს მოუგო. ლა ლიგაში დიდი უპირატესობით არის წინ, კოპა დელ რეის ნახევარფინალს კი ასევე უპირატესობით ხვდება.

სეზონის გადარჩენისათვის აუცილებელია, რომ ბარსელონამ სამივე ეს ტიტული მოიგოს. მხოლოდ ამით თუ დაბალანსდება ევროთასებზე განცდილი სირცხვილი. ჯერ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა, შემდეგ კი ევროპა ლიგის დატოვება მანჩესტერ იუნაიტედთან ჯახში.

თუმცა, ფინანსური თვალსაზრისით ამ საქმეს უკვე აღარ ეშველება. ბარსელონა ვერაფრით შეძლებს იმ თანხის გამომუშავებას, რაც სეზონის წინ იანგარიშეს, ლაპორტამ ყველაფერი დადო სასწორზე და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი მიიჩნია მინიმუმად. ჯგუფში ჩარჩენამ კი მისი გათვლები თავდაყირა დააყენა.

მიუხედავად ამისა, სამი ტიტული მაინც საქმეა. ჩავის კი დიდი ნდობა აქვს.

ჯერ კიდევ სამ ფრონტზე

სამი ტიტულის თეორიული შანსი მადრიდის რეალსაც აქვს, ეს კი ის გუნდია, რომელიც მუდმივად სათვალავში უნდა გყავდეს, თუნდაც მცირედი შანსი ჰქონდეს, მაინც არ უნდა მოადუნო ყურადღება თორემ შენს ზემოთ აღმოჩნდება. აქვს ამ კლუბს ამის უნარი.

რეალს 0:1 დან მოუწევს თამაშის დაწყება. ცუდია, თუმცა, კამპ ნოუზე მოუგიათ, მათ შორის, მოუგიათ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ძირითადში დაიწყებენ თამაშს. კოლოსალური გამოცდილება უმაგრებთ ზურგს და მატჩის მოტრიალება ხომ იციან და იციან. ასე რომ, აქ დასრულებული არაფერია, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება.

დაახლოებით ერთ კვირაში კი მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ჩელსის შეხვდება. მათთვის მთავარი ტურნირი მაინც ჩემპიონთა ლიგაა. ლა ლიგას ტიტულების რეკორდული მაჩენებლით ლიდერობენ, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგას, უყვართ ეს ტურნირები, სამეფო თასი კი დიდად არ ანაღვლებთ. ნაწილობრივ, პარადოქსულია, მაგრამ ასეა.

რეალის წარმატებული თუ წარუმატებელი სეზონი, ყოველთვის ჩემპიონთა ლიგით იზომებოდა.

დანაკლისი

ბარსელონას აუცილებლად დააკლდება დებელე და პედრი. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში გაცილებით ადრე ელოდნენ მათ დაბრუნებას, მაგრამ ასე არ მოხდა. რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა, არადა, ჩავის ბარსელონაში ორივე ეს ფეხბურთელი შეუცვლელია.

დიდია ალბათობა, რომ შეხვედრას დე იონგი და კრისტენსენიც გამოტოვებენ. ფრენკი დე იონგს, შესაძლოა საუკეთესო სეზონი აქვს ბარსელონაში. როგორც იქნა, აჩვენებს იმ დონეს, რა დონეზეც აიაქსში თამაშობდა. ჩავიმ მიაღწია და სწორი პოზიცია და როლი შესთავაზა.

კრისტენსენი კი ბარსელონას ბრწყინვალე დაცვის ერთ-ერთ ბურჯად იქცა. აქვე ვახსენოთ რომ ეს დაცვა მხოლოდ შიდა ჩემპიონატებში ბრწყინავს, ევროთასებზე კი საშინელი შეხვედრები ჩაატარეს.

კრისტენსენის შემცვლელს ჩავი მატჩის დღეს გაგვანდობს, – ან ალონსო, ან გარსია.

ასე რომ, დანაკლისი დიდია.

მადრიდის რეალს ფერლანდ მენდი დააკლდება. აქ მადრიდელებს დიდი უპირატესობა აქვთ. მენდის შეცვლას რეალი ყოველთვის შეძლებს.

სეტანტაზე!

კოპა დელ რეის ნახევარფინალს ბარსელონასა და მადრიდის რეალს შორის Setantasports.com-ზე იხილავთ. შეხვედრა ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.