ზაზა ფაჩულია ნაპოლისა და მილანის შეხვედრას დაესწრო. დიდად ფეხბედნიერი ვერ გამოდგა მისი სტუმრობა, რადგან ნაპოლი საკუთარ კედლებში განადგურდა – 0:4.
ეჭვგარეშეა, რომ ეს შედეგი გავლენას იქონიებს სამომავლო დაპირისპირებაზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
ზაზა ფაჩულიამ კი მატჩის წინ ჯანფრანკო ძოლასთან ერთად ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიაზე:
“სან ფრანცისკოდან ჩამოვფრინდი ჩვენი ბიჭის სანახავად, რათა მისთვის მხარი დამეჭირა. ის მთელი ქვეყნის წარმომადგენლად იქცა. ეს ბევრს ნიშნავს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ის მომავალ თაობებს შთააგონებს, ძალიან ამაყი ვარ და თამაშის დაწყებას ველი”.
“სტადიონზე საქართველოს ძალიან ბევრ დროშას ვხედავ, ჩემს ცოლს ხუმრობით ვუთხარი რომ ნახევარი ქვეყანა აქ არის ჩამოსული, უკვე აღნიშნეთ, რომ სპეციალური ფრენები სრულდება კვარასთვის, ამით გაკვირვებული არ ვარ, ასეთი ხალხი ვართ, როცა კალათბურთს ვთამაშობდი მილიონნახევარი ხმა მივიღე ოლ სთარზე მოსახვედრად, არ მიკვირს, ქართელებს ძალიან უყვართ სპორტი, განსაკუთრებით ფეხბურთი, ახლა კი გვყავს სუპერვარსკვლავი და, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყანა მის გვერდით არის”.
“მომწონს ნაპოლი, ახალგაზრდული და შემართული გუნდია, მომწონს მათი მიდგომა საქმის მიმართ, დისციპლინა საკმაოდ მაღალ დონეზეა, კარგად გაწვრთნილი გუნდია. ფეხბურთის ექსპერტი არ ვარ თქვენს მსგავსად, მაგრამ დიდი გულშემატკივარი ვარ. ყოველთვის სასიამოვნოა კონკურენტუნარიანი გუნდების ყურება”.
რამდენიმე კითხვაზე პასუხის შემდეგ ზაზამ ჯანფრანკო ძოლას გვერდით დადგომა ისურვა, ყველამ ბევრი იცინა, და მართლაც კარგი სანახავი იყო, მაგრამ ძოლას თვითშეფასება ალბათ ცოტათი მაინც შეირყა.
საბოლოოდ, ნაპოლისთვის მძიმე შედეგი დადგა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ გუნდებს შორის მთავარი მატჩები წინ გველის.