ვილი სანიოლი ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ყველა აქტუალურ საკითხზე ისაუბრა.
დავით ხოჭოლავას ტრავმა
საუბარი დათი ხოჭოლავას თემით დაიწყო. საქართველოს ნაკრების მცველმა კოპენჰაგენში ტრავმირებული მუხლით, გამაყუჩებლით ითამაშა.
“მოგესალმებით, ხოჭოლავას რაც შეეხება – უჩვეულო სიტუაციაა. გავიგეთ რამდენიმე დღის წინ, რომ მუხლზე პრობლემა ჰქონდა. მისმა კლუბმა გვთხოვა ეთამაშა. მან კლუბში ითამაშა, თუმცა ახლა მუხლის ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს.
კლინიკას დღეს ესტუმრება. 6-8 კვირას ვერ ითამაშებს. მას პარასკევს ვესაუბრე. ტკივილი აწუხებდა, ამიტომაც არ სურდა კლუბში თამაში. ცხადია, ყველას სურს დაეხმაროს ნაკრებს, თუმცა როდესაც მენისკი გაწუხებს, ეს რთულია.
ის ჯერ მხოლოდ 30 წლისაა, კარიერია კვლავ წინ აქვს. რამდენიმე კვირას გამოტოვებს და შემდეგ გააგრძელებს თამაშს“.
მომდევნო კითხვა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის ნაკლებ სათამაშო დროს ეხებოდა. განსაკუთრებით პრობლემური მარცხენა მცველის პოზიციაა.
“რაც შეეხება ზოგიერთი ფეხბურთელის სათამაშო დროს – ყველა მათგანისთვის ყველა თამაშში სრულ დატვირთვას ვისურვებდი. სამწუხაროდ, ამაზე გავლენა არ მაქვს.
ირაკლი აზაროვი კლუბში თანდათან მეტ სათამაშო დროს იღებს. წიტაიშვილი, კვეკვესკირი – ნიკა ბევრს არ თამაშობს, თუმცა როცა ამას აკეთებს, მშვენივრად გამოიყურება.
ნორვეგიასთან პრინციპული მატჩი გველის, მონღოლეთი ამხანაგური თამაშია. მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება. ვიცით, რომ მარცხენა ფლანგზე პრობლემები გვაქვს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამ ფეხბურთელების გამოძახებას ვეღარ შევძლებ.
ლოჩოშვილმა საკმაოდ დიდი ხანი გამოტოვა ტრავმის გამო. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება რომ ჩვენთან ერთად არ ყოფილიყო”.
საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე რუსეთიდან საქართველოს ნაკრებში
მომდევნო კითხვა რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს შეეხებოდათ. ლუკა გაგნიძესთან მიმართებაში კითხვა საქართველო ფეხბურთის ფედერაციის არათანმიმდევრულობას შეეხებოდა.
რაც შეეხება საზონოვს – საბას საქართველოს ნაკრების მაისურით ოფიციალური მატჩი ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია, შესაბამისად, მას რეგლამენტით რუსეთის ნაკრებში თამაში კვლავ შეუძლია.
“საზონოვი – საზონოვთან საუბრის შემდეგ, მან საქართველოს სახელით თამაშის სურვილი გამოთქვა. ეს იქნება ამხანაგური თუ ოფიციალური არაფერს მიცვლის.
თუ ის მზად არის დაგვეხმაროს მიზნების მიღწევაში – ითამაშებს ნორვეგიასთან, თუ არ – არა. მე მისი შესაძლებლობების შეფასების საშუალება ნოემბერში მქონდა, როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა – პიროვნულად. მოხარული ვარ, რომ მან საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩია.
რაც შეეხება რუსეთში მოთამაშეებს – ამ თემაზე ჩემთვის კითხვა პირადად არავის დაუსვამს. მე არ ვარ პოლიტიკოსი. მე არ ვარ პრემიერ მინისტრი.
ეს ორი ახალგაზრდა ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ან მუნდიალზე ვითამაშებთ ყველა თქვენგანი ბედნიერი იქნება. ამისთვის კი საუკეთესო ფეხბურთელები გვჭირდება.
თანამედროვე საზოგადოებაში ყველა საკუთარ აზრს აფიქსირებს – ეს მხოლოდ ფეხბურთია.
დარწმუნებული ვარ, თქვენ გიყვართ კვარაცხელია. ფეხბურთი ფეხბურთია, პოლიტიკა კი პოლიტიკაა. მე ნაკრების საუკეთესო ინტერესებზე უნდა ვიფიქრო.
გაგნიძე აქამდე არ გამომიძახებია, ვთვლიდი, რომ ჯერ არ იყო დაღვინებული საფეხბურთო მხრივ. ახლა კი შანსის მიცემა გადავწყვიტე. ვფიქრობ, ის შეძლებს მიზნების მიღწევაში დახმარებას”.
სანიოლი ვაკო ყაზაიშვილზე
ვილი სანიოლმა ვაკო ყაზაიშვილზე დასმულ კითხვასაც უპასუხა.
“რაც შეეხება ყაზაიშვილს – ფეხბურთელი ზოგჯერ კარგ ფორმაში ხარ, ზოგჯერ – არა, ამას გავიგებ. თუმცა ეს არ არის მთავარი. ყველა მოთამაშემ ანგარიში უნდა გამიწიოს მე და მის თანაგუნდელებს.
თუკი ჩემთან აურევ(mess up), თანაგუნდელებთან აურევ, პრობლემები გვექნება. გუნდში საუკეთესო ატმოსფერო უნდა იყოს და ამაზე ყველა უნდა ზრუნავდეს.
არ ვიცი, რა იქნება მომავალში, თუმცა ვაკოს ნაკრებში ყოფნა ამ ეტაპზე, ჩემთვის აქტუალური საკითხი არ არის”.
სანიოლის დაბადების დღე და ნორვეგია
მომდევნო კითხვა უკვე მომავალ მეტოქეს ნორვეგიას შეეხებოდა. სანიოლმა ხაზგასმით განაცხადა, რომ რთული მოწინააღმდეგის მიუხედავად, მიზანი გამარჯვება იქნება.
“პირველ რიგში, გმადლობთ, დაბადების დღის მოლოცვისთვის.
ნორვეგია ძალიან კარგი გუნდია და უმაღლესი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ბოლო დროს, ამ დონის გუნდებთანაც კარგად ვთამაშობდით.
ჩვენ შინ ვთამაშობთ. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. არ ვიცი მოვიგებთ, თუ არა, თუმცა მიზანი სწორედ ესაა და ეს ასეც უნდა იყოს.
გასულ წელს ჩემმა ფეხბურთელებმა ნაბიჯი წინ გადადგეს. გვსურს წინა ციკლის შედეგების გაგრძელება. ველი რომ ფეხბურთელები ფორმას შეინარჩუნებენ.
ეს ნორვეგიაა და ჩვენ გამარჯვება გვსურს”.
ფეხბურთელების მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ მომავალს
შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვკითხე, თუ როგორი პოზიცია აქვს, ფეხბურთელების მიერ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერასა და ამაზე გაკეთებულ საჯარო პოსტებზე.
კითხვის მიწურულს, მთავარ მწვრთნელს შევახსენე, რომ მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება ლუჩანო სპალეტიმ მოუწონა.
ლუკა გაგნიძის თემის მსგავსად, სანიოლი ამ შემთხვევაშიც, ჩვეულად მოზომილი, პოლიტკორექტული და დელიკატური იყო.
“დიახ, თვალს ვადევნებდი თბილისის მოვლენებს. ეს ნორმალურია, ვიყო მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში.
სპალეტი არ ცხოვრობს საქართველოში. მასზე ვერაფერს ვიტყვი.
ყველა ფეხბურთელი ზრდასრულია. თავისუფალ ქვეყანაში მათ აქვთ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება. ჩვენ მოქალქეები ვართ. ეს თანამედროვე მსოფლიოა. მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვხედავ.
რამდენადაც მიყვარს საქართველო. მე აქ საქართველოში ყველა პოზიციას პატივის ვცემ. ყველამ ძალიან კარგად მიმიღო.
საქართველოს ნათელ მომავალს ვუსურვებ”.
– ევროპაში?
ჩავეკითხე, რადგან პასუხი მკაფიოობას ითხოვდა.
თუმცა ნაკრების მწვრთნელმა კონკრეტული პასუხი კვლავ არ დამიბრუნა.
ნაკრების დებიუტანტი – გაბრიელ სიგუა
მიეცემა თუ არა 17 წლის გაბრიელ სიგუას თამაშის შანსი, თუ მოტივირებისა და ნაკრების ატმოსფეროსთან გაშინაურებისთვისაა გამოძახებული? – მომდევნო კითხვა ასეთი იყო.
“ის საკმაოდ თანამედროვე სტილის ფეხბურთელია. ის როგორც შეტევაში ასევე დაცვაში გამოირჩევა კარგი თამაშით. მთელ მოედანს ფარავს.
შეიძლება ლეონ გორეცკას შევადაროთ. ბევრს მოძრაობს. ფიზიკურად კარგად გამოიყურება, მისი ასაკისთვის.
17-ის ხარ თუ 35-ის, ბათუმში თამაშობ თუ იტალიაში, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე ფეხბურთელს ვიძახებ თუ ვთვლი რომ ის მზად არის. სასტუმროში გუნდთან ერთად დროის გასატარებლად არ გამომიძახებია.
ამ ორ მატჩში მას ექნება საშუალება – მაჩვენოს, რა შეუძლია.
ვფიქრობ ის მინდორზე საკმაოდ ზრდასრულად გამოიყურება”.
ერლინგ ჰოლანდი vs გურამ კაშია
“სხვა გუნდების ფეხბურთელებზე ბევრს არ ვილაპარაკებ.
ერთს ვიტყვი – ნორვეგიას ჰყავს ჰოლანდი, საქართველოს ჰყავს კაშია.
გიორგი ჩაკვეტაძის ფაქტორი
“ჩაკვეტაძეს კარი გავუღეთ მაშინაც კი, როდესაც არ იყოს საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში. მოხარული ვარ, რომ მან ეს მხარდაჭერა იგრძნო. მიხარია, რომ ის ახლა ბევრს თამაშობს.
რაც შეეხება მის სათამაშო პოზიციას – უფრო მნიშვნელოვანია, რომ თამაშობს, ვიდრე ის, თუ რა პოზიციაზე აკეთებს ამას.
გასულ წელს, გახსოვთ, რა სისტემით ვთამაშობდით. მას შეუძლია დაგვეხმაროს, ნახევარდაცვაში ან ოდნავ უფრო წინ.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველა მატჩს ატარებს. მისთვის მთავარი სწორედ ესაა”.
საქართველოს ნაკრები ბათუმში 24 მარტს გაემგზავრება. მატჩის წინა ვარჯიშს კი გუნდი თბილისში გამართავს.
25 მარტს საქართველო ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს შეხვდება, ხოლო 28 მარტს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს ნორვეგიასთან მატჩით გახსნის.