დავიწყოთ იმ თამაშით, რომელიც თბილისის, და მთლიანად ჩვენი ქვეყნის პერსპექტივით კომფორტულ დროს გაიმართა. ფინიქსი დალასს შეხვდა, კევინ დურანტი კი კაირი ირვინგს.
ფინიქსი vs დალასი
ვერ აქვთ კაირისა და ლუკას კარგი ერთობლივი სტატისტიკა. ცალკეულად ორივე კარგად თამაშობს, ბევრ ქულას აგროვებენ, თითქის საერთო ქიმიაც აღმოაჩნდათ, მაგრამ გუნდი ვერ იგებს იმდენს, რამდენსაც უნდა იგებდეს.
დურანტმა კი გადასარევად დაიწყო, სამი ითამაშა და სამივე მოიგო, განსაკუთრებით მაგარი გამოდგა მესამე შეხვედრა, დალასთან, კევინმა გადამწყვეტი როლი შეასრულა გამარჯვებაში.
ფინიქსმა ოვერტაიმში130:126 მოიგო.
11 წამით ადრე ლუკა დაიძრა სამწამიანისკენ, მხრით მიაწვა მეტოქეს და გადააგდო, ფარი გათავისუფლდა, მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რასაც მთელი სეზონია აკეთებს, ისროლა და არ ჩავარდა. ეს კალათბურთია. ვერ დაიჯერა, რომ არ ჩავარდა. ბურთი ფარზე დატრიალდა ისე, როგორც კინოში შეიძლებოდა დატრიალებულიყო, უკუიქცა და პირდაპირ დურანტს ჩაუხტა ხელებში.
მორჩა. დალასი დამარცხდა.
ლუკა დონჩიჩმა 35 წუთში 34 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. 9 სამქულიანიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო. ამის გამო გუნებაც ჰქონდა გაფუჭებული, ბოლო სროლის მერე საერთოდ დაკარგა კონტროლი და დევინ ბუკერსაც გაექაჩა, თუმცა, სიცილით, მისთვის დამახასიათებელი კეთილი სიცილით.
კაირი ირვინგმა 30 ქულა, 4 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა. კაირიმ 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
ორმაგი დუბლი შეასრულა გამარჯვებულმა, დევინ ბუკერის ანგარიშზე 36 ქულა, 5 მოხსნა, 10 ასისტი და 1 ჩაჭრაა. დევინმა 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
კევინ დურანტმა კი ყველაზე მეტ ქულას მოუყარა თავი – 37 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ბლოკი. გადამწყვეტი ქულები მეოთხე მეოთხედისა და ოვერტაიმის ბოლოს. ხშირად ლიდერობას უწუნებენ, მაგრამ ხანდახან მართლაც მაგარი ლიდერია.
კრის პოლის ანგარიშზე 11 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტია.
დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, ფინიქსი კი მეოთხე ადგილს იკავებს.
ლეიკერსი vs გოლდენ სტეიტი
ლებრონი დააკლდა შოუს, სამაგიეროდ 11 მატჩიანი უქმობა დაასრულა სტეფ კარიმ. მთელი ყურადღება მასზე იყო და გმირად ენტონი დევისი იქცა, რომელმაც მოიგო ეს მატჩი და ლეიკერსს იმედები ჩაუსახა.
დევისის ანგარიშზე 39 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ბლოკია. დევისმა 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. ლეიკერსმა 113:105 მოიგო;
სტეფ კარი შედეგიანად დაბრუნდა, – 27 ქულა, 2 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრა. სტეფმა 13-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.
კლეი ტომპსონის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტია.
ქარველებმა ითამაშეს
ორლანდო პორტლენდთან 119:122 დამარცხდა.
გოგა ბითაძეს ექვსი წუთი დაუთმეს. ამ დროის მანძილზე ბითაძემ 4 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.
ჰიუსტონმა 142:110 გაანადგურა სან ანტონიო.
სანდრო მამუკელაშვილმა 17 წუთი ითამაშა. ამ დროის მანძილზე 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 3 სამქულიანიდან 1 ჩააგდო.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
- ჩიკაგო – ინდიანა 122:135
- ბრუკლინი – შარლოტი 102:86
- ოკლაჰომა – იუტა 129:119
- ბოსტონი – ნიუ იორკ ნიქსი 129:131
- ვაშინგტონი – მილუოკი 111:117
- კლიპერსი – მემფისი 135:129