სარჩევი
გიგა ჭიკაძე Setanta Sports-ის პარტნიორი ათლეტი გახდა | Setanta Sports

UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე Setanta Sports-ის საერთაშორისო პარტნიორი ათლეტი გახდა. ქვემსუბუქი წონის ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლსა და რეგიონის უმსხვილეს მედიას შორის, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა.

Setanta Sports-ი პარტნიორობის ფარგლებში, ბრენდირებული კონტენტის წარმოებისა და სხვადასხვა აქტივობებისთვის გიგა ჭიკაძის საავტორო უფლებებს გამოიყენებს.

თანამშრომლობა ასევე სპორტული და არასპორტული კამპანიების დაგეგმვას, გიგა ჭიკაძის შესახებ დოკუმენტური მასალების მომზადებასა და სხვადასხვა სოციალურ მედიაში მისი კომუნიკაციების უზრუნველყოფას მოიცავს.

“მოხარულები ვართ, რომ ვითანამშრომლებთ ისეთ ძლიერ სპორტსმენთან, როგორიც გიგა ჭიკაძეა. მან თავისი დამახასიათებელი ბრძოლის სტილითა და ხმაურიანი გამარჯვებებით გულშემატკივრის სიყვარული და დაფასება მოიპოვა.

Setanta Sports-ი იქნება მისი მხარდამჭერი, გიგა კი ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი კამპანიების ერთ-ერთი მთავარი სახე და მონაწილე გახდება. სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად, გიგამ უდიდესი წვლილი შეიტანა MMA-ის პოპულარიზაციაში და შედეგებითაც ჩანს, რომ სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში” – განაცხადა Setanta Sports-ის დირექტორის მოადგილე, ბაჩა მალაზონიამ.

“ძალიან მიხარია Setanta Sports-თან თანამშრომლობის დაწყება. თქვენი კომპანია რეგიონში დიდ აუდიტორიას ფარავს და ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მედია ჯგუფია. მჯერა, ჩემს კარიერულ წინსვლას, სპორტულ ცნობადობას და გულშემატკივრების რაოდენობის ზრდას Setanta Sports-თან პარტნიორობა ხელს შეუწყობს.

იმედი მაქვს, აუდიტორიასთან ურთიერთობის ხშირი საშუალება გვექნება, მე კი ვეცდები გულშემატკივარი კიდევ უფრო მეტად გავახარო” – ამბობს გიგა ჭიკაძე.

გიგა ჭიკაძეს ქართველი და უცხოელი გულშემატკივარი Ninja-ს სახელითაც იცნობს, რომელიც მისი ბრძოლის სტილიდან მომდინარეობს. კომბატ სპორტის სამყაროში დამკვიდრებულია ტერმინი Giga Kick, რომელიც გიგა ჭიკაძის დარტყმის სტილს და სიმძლავრეს გამოხატავს. ქართველი მებრძოლი MMA-ს ქვემსუბუქი წონის მე-8 ნომერი და ედსონ ბარბოსასა და კაბ სვანსონის წინააღმდეგ გამორჩეული გამარჯვებების ავტორია.