სარჩევი

ლიონელ მესიმ არგენტინულ Ole-ს ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, ნაკრებზე, სამომავლო გეგმებზე და კილიან მბაპეზე.

მესის მიაჩნია, რომ ღვთის ნება იყო არგენტინის ჩემპიონობა. ეჭვი გამოთქვა ითამაშებს თუ არა კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატს, მაგრამ დაადასტურა, რომ მარტში გასამართ ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს. ასე აპირებს გულშემატკივრებთან ერთად, კიდევ ერთხელ აღნიშნოს მსოფლიო ჩემპიონობა.

კატარის მუნდიალზე

“ერთხელ ვთქვი, რომ დარწმუნებული ვიყავი, ღმერთი მსოფლიო ჩემპიონობას მარგუნებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობდი ამას. მიმაჩნია, რომ ამისათვის საუკეთესო დრო შეარჩია. არჩევანის საშუალება რომ მქონოდა, რათა სხვა დროს გავმხდარიყავი მსოფლიო ჩემპიონი, მაინც არაფერს შევცვლიდი. მგონია, რომ ჩემპიონობა დიდებული დასასრულია”.

მომავალ მუნდიალზე

“ყოველთვის ვამბობდი, რომ ასაკის გამო მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გამიჭირდებოდა. მიყვარს ფეხბურთი, მიყვარს რასაც ვაკეთებ და სანამ ფორმაში ვარ ამის კეთებას გავაგრძელებ, მაგრამ მომავალ ჩემპიონატამდე ძალიან დიდი დროა”.

კილიან მბაპეზე

“მსოფლიო ჩემპიონატის წაგებულ ფინალზე არავინ საუბრობს. მეორე მხარესაც ვყოფილვარ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მეც წამიგია და საერთოდ არ მქონდა სურვილი ვინმეს ჩემთვის ეს ამბავი შეეხსენებინა. სწორედ ამიტომ, ამ თემაზე მასთან არ ვსაუბრობ. სიმართლე ის არის, რომ ჩემსა და კილიანს შორის არანაირი პრობლემა არ არის, პირიქით..”