2023 წლის სეზონის პირველი დიდი სლემის გათამაშების დასრულების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში თვალშისაცემი ცვლილებებია.
ATP
ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩი კვლავ ATP რეიტინგის სათავეში დაბრუნდა.
ნოლემ მეხუთე პოზიციიდან ერთბაშად პირველზე გადაინაცვლა. ეს ისტორიაში პირველი ადგილის დასაკავებლად გაკეთებული ყველაზე დიდი ნახტომია.
ასევე, სერბს პირველ ნომრად ყველაზე მეტი კვირა აქვს გატარებული (374). ამ კვირიდან მისი რეკორდი ზრდას აგრძელებს.
“არასდროს იცი, თუ რამდენი დრო გაქვს დარჩენილი კარიერაში. რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ კიდევ ერთი სლემის მოგებით და რეიტინგში გალიდერებით. ეს გასაოცარი შეგრძნებაა”
– თქვა ნოვაკმა AO-ს ფინალის შემდეგ.
შესაბამისად, ლიდერობიდან მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა ტრავმირებული კარლოს ალკარასი. ესპანელი შარშან 19 წლის ასაკში ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ნომერი გახდა.
ალკარასმა ბოლო ოფიციალური შეხვედრა გასული წლის 4 ნოემბერს, პარიზის მასტერსზე ჩაატარა. წლევანდელი ავსტრალიური სლემი მან მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა.
რეიტინგში უფრო დიდ ვარდნას განიცდის რაფა ნადალი, რომელიც მეორედან მე-6 საფეხურამდე ჩამოქვეითდა.
მატადორმა ბარძაყის დაზიანების გამო წელს მელბურნში თავისი ძალების სრულად წარმოჩენა ვერ მოახერხა. ის ასპარეზობას მეორე წრეში, მაკენზი მაკდონალდთან გამოეთიშა.
სტეფანოს ციციპასმა ჯოკოვიჩთან ფინალში სადებიუტო სლემის მოგების გარდა რეიტინგში გალიდერების შანსიც გაუშვა ხელიდან.
თუმცა, შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ბერძენი მესამე საფეხურზე დაბრუნდა და ადგილი კასპერ რუდს გაუცვალა.
კარიერაში პირველად Top 20-ში შეაღწია ტომი პოლმა. ამერიკელს ბრწყინვალე ტურნირი ჰქონდა, გავიდა პირველად დიდი სლემის ნახევარფინალში და 35-ე პოზიციიდან მე-19-მდე წაიწია.
WTA
ქალთა ჩოგბურთში ყველაზე დიდი წარმატებით 2023 წლის სეზონი არინა საბალენკამ დაიწყო.
ბელარუსმა პირველად შეძლო დიდი სლემის ტიტულის მოგება, ფინალში აჯობა უიმბლდონის ჩემპიონს ელენა რიბაკინას.
მიუხედავად ფინალში მარცხისა, რიბაკინამ რეიტინგში საკმაოდ დიდი ნახტომი განახორციელა: 25-ე პოზიდიიდან ის მე-10-ზე გადავიდა და პირველად მოხვდა ათეულში.
საბალენკა კარიერაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს და რეიტინგში მეორე ადგილზეა. მის წინ მხოლოდ იგა შვიონტეკი რჩება.
მესამეზე ჩამოინაცვლა დიდი სლემის ორგზის ფინალისტმა ონს ჟაბურმა. ტუნისელი წელს ავსტრალიაში მხოლოდ მეორე რაუნდს დასჯერდა.
მეოთხე-მეხუთე ადგილს ჯესიკა პეგულა და კაროლინ გარსია ავსებენ.