წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება ლიონელ მესის მომავალთან დაკავშრებით. სანამ მესი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მანამდე დიდი სივრცეა სპეკულაციებისთვის.
თავდაპირველად, ესპანელმა ჟურნალისტმა, ჟერარ რომერომ გაავრცელა ცნობა, რომ ლიონელ მესი პსჟ-თან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ესპანელმა თქვა, რომ ლეოს წასვლა სურს და გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს.
საპირისპიროდ, ფაბრიციო რომანო ამბობს, რომ მესის პარიზში დარჩენა სურს და არსად წასვლას არ აპირებს.
აქამდე კი ცნობილი გახდა, რომ მესიმ პარიზელებთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, მხოლოდ ხელის მოწერაღაა საჭირო ახალ კონტრაქტზე, მაგრამ მხარეები არ ჩქარობენ.
ბარსელონა
რიგში ბარსა დგას. ლეოს შეუძლია იქ დაბრუნდეს, სადაც ცხოვრების ყველაზე დიდი დრო გაატარა. მასაც და მის ოჯახსაც ბარსელონაში ყოფნა ურჩევნიათ.
მოედანზე დასამტკიცებელი არაფერი აქვს, ახლა მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროს როგორ და სად დაასრულებს კარიერას. ინტერვიუებში კი არაერთხელ უთქვამს კარიერის დასრულების შემდეგ ბარსელონაში მუშაობას ვისურვებდიო.
ასევე, იწერება, რომ მესის მხარესა და ლაპორტას შორის ურთიერთობა დალაგდა. მესი წყენას ასე მარტივად არ ივიწყებს ხოლმე, თუმცა, საქმე მთლიანად ბარსელონას ეხება და არა მხოლოდ ჟუან ლაპორტას.
სიტი და გვარდიოლა
ყველას ახსოვს დიდი სკანდალი, ომი ბართომეუსთან, ბიუროფაქსი და ერთი ნაბიჯი მანჩესტერ სიტიმდე. მერე ინტერვიუ იყო სადაც მესიმ აღნიშნა, რომ წასვლა სურდა, თუმცა, არ გამოვიდა.
გავიდა ზუსტად ერთი წელი და სიტის უკვე უფასოდ შეეძლო იმ ფეხბურთელის ხელში ჩაგდება, რომელშიც წინა წელს 300 მილიონ ევროს იხდიდნენ. თუმცა, არც აქ გამოვიდა რამე და გვარდიოლას ძალიან უცნაური კომენტარიც მოვისმინეთ:
“ვერაფერს ვიზამთ, უკვე გრილიში ვიყიდეთ”.
ახლა ისევ იწერება სიტის ინტერესზე, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა.
ევროპის მიღმა
არაბებს დიდი სურვილი აქვთ მინი კლასიკო მოაწყონ და მესისა და რონალდუს დაპირისპირება საუდის არაბეთში შედგეს. ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, მეორე ნაბიჯისთვის კი მესის ტრანსფერია საჭირო. არც ფულს დაინანებენ, არც სხვა სიკეთეებს, მაგრამ ლეოს მოხიბლვა ასეთი მარტივი არ არის, ამ კაცს დიდძალი ფულით ვერ გააოცებ.
იაქტიურებენ კლუბები შეერთებული შტატებიდან, განსაკუთრებით დევიდ ბექემის დიდი სურვილია, რომ თავის კლუბში მესი მიიყვანოს, იქვეა გალაქსი და სიტი გრუფის წარმომადგენელი – ნიუ იორკ სიტი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ბოლო გზა კი ჰომერულია. ლეოს შეუძლია სახლში დაბრუნდეს, როსარიოში, მაგრამ, იქნებ ამ დროის განმავლობაში სახლის მნიშვნელობაც შეიცვალა, იქნებ ნამდვილი სახლი ბარსელონაშია, და არა როსარიოში?!