პარი სენ ჟერმენი საუდის არაბეთში გაემგზავრა ადგილობრივ ალ ნასრთან სათამაშოდ. არაბებს კრიშტიანუ რონალდუ უკაპიტნებს, პარიზელთა რიგებში კი ლიონელ მესი ითამაშებს.
- ლოკაცია: საუდის არაბეთი, მეფე ფაჰდის საერთაშორისო სტადიონი;
- დრო: 19 იანვარი, თბილისის დროით 21:00 საათი;
ფრანგულმა L’equipe-მა გაავრცელა ცნობა, რომ პსჟ ამ მატჩისთვის 10 მილიონ დოლარს მიიღებს.
საუდის არაბეთიდან ვრცელდება ცნობა, რომ ბილეთის შეძენის ორ მილიონამდე მცდელობა დაფიქსირდა.
საუდის არაბეთი vs კატარი
საუდის არაბეთი და კატარი დიდი ხანია იღწვიან თავიანთ ქვეყნებში ფეხბურთისა და სხვა სპორტის სახეობების განსავითარებლად. ამის დასტური ერთი თვის წინ დასრულებული კატარის მსოფლიო ჩემპიონატია. საუდის არაბეთი კი 2030 წელს ეცდება ტურნირის მასპინძლობას.
სპორტის მიმართ ინტერესს, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური მოტივები განაპირობებს. ახლო აღმოსავლეთის სამეფოები უკვე დიდი ხანია ევრო ბაზარზე გამოჩნდნენ. ჯერ გაერთიანებული საამიროები, (მანჩესტერ სიტი), შემდეგ კატარი, (პსჟ), ბოლოს კი საუდის არაბეთი, (ნიუკასლი).
ევროპა მათი კონკურენციის არენად იქცა. დაანონსებულ მატჩს კი ერთგვარი შემრიგებლური ტონი ახლავს თან, გამომდინარე საუდის არაბეთისა და კატარის მრავალწლიანი დაპირისპირებისა.
საუდელები ღიად ამხელდნენ კატარს ირანთან კავშირში, მათ მხარდაჭერასა და ტერორიზმის ხელშეწყობაში. კატარი უარჰყოფდა. საუდის არაბეთი ბოლოს იმითაც კი დაიმუქრა, რომ კატარის საზღვართან არხს გაიყვანდა, რომელიც კატარს კუნძულად აქცევდა.
იყო დაპირისპირება სატელევიზიო უფლებებთან დაკავშირებით, საუდის არაბეთი მაუწყებლობის კანონს არღვევდა რის გამოც Bein Sports-ი (კატარში დაარსებული კომპანია) თავის რეგიონში დიდ ზარალს განიცდიდა, თუმცა, ბოლო პერიოდში ეს პრობლემაც მოგვარდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დალაგდა.
რონალდუ vs მესი
რონალდუმ და მესიმ ერთმანეთის პირისპირ 36-ჯერ ითამაშეს.
- მესი – 16 მოგება
- რონალდუ – 11 მოგება
- მესი – გაიტანა 22 გოლი, გააკეთა 12 ასისტი;
- რონალდუ – გაიტანა 21 გოლი, გააკეთა 1 ასისტი;
მესიმ და რონალდუმ ერთმანეთის პირისპირ 7 ფინალი ითამაშეს:
- მესი – 3 მოგება, 7 გოლი, 2 ასისტი;
- რონალდუ – 2 მოგება, 5 გოლი;
საკლუბო დონეზე ჩატარებული მატჩები და გოლები:
- მესი – 855 მატჩი, 702 გოლი, 333 ასისტი;
- რონალდუ – 949 მატჩი, 701 გოლი, 223 ასისტი;
სანაკრებო დონეზე ჩატარებული მატჩები და გოლები:
- მესი – 172 მატჩი, 98 გოლი, 55 ასისტი;
- რონალდუ – 196 მატჩი, 118 გოლი, 27 ასისტი;
პირველად პირისპირ
ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ პირველად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადაიკვეთნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორი მატჩის ჯამში მანჩესტერმა იმარჯვა, ლიონელ მესიმ ორივე შეხვედრაში უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. რონალდუმ კი კამპ ნოუზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
სამაგიეროდ, რონალდუმ ბარსელონას ძლევის შემდეგ პირველი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პირველი ოქროს ბურთიც დაისაკუთრა. მომდევნო წელს უკვე ფინალში გადაიკვეთნენ, ბარსამ 2:0 მოიგო და ლიონელ მესიმ თავური დარტყმით გაიტანა.
შემდეგ რონალდუ მადრიდში გადავიდა და ორი ვარსკვლავის დაპირისპირება ლეგენდარულ დუელად იქცა, დროთა განმავლობაში კი მითოსური მნიშვნელობა შეიძინა.
რას ამბობენ ერთმანეთზე
მიუხედავად ამდენწლიანი დაპირისპირებისა, ამ ფეხბურთელებს შორის დაძაბულობა არასდროს ყოფილა. არასდროს ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობა არ გამოუხატავთ. ვერც იმას ვიტყვით, რომ კრაიფისა და ბეკენბაუერის მსგავსად ახლოს არიან, მით უმეტეს, ვერ ვიტყვით, რომ ლარი ბირდისა და მეჯიქ ჯონსონის მსგავსად მეგობრობენ, მაგრამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ყველა დროის ყველაზე დიდი ინდივიდუალური დაპირისპირება დიდ ურთიერთპატივისცემაზე დგას.
“დღეს ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, – ნეიმარი, სუარესი, მბაპე, აზარი, თითოეულს შეუძლია იყოს მსოფლიოში საუკეთესო, მაგრამ ჩემს გვერდზე კრიშტიანუს დავაყენებდი”, – თქვა მესიმ 2019 წელს, Club1947FM-თან საუბრისას.
“საოცარი ფეხბურთელია, საუკეთესო! ჩვენ მეგობრები არ ვართ, მაგრამ მე მას დიდ პატივს ვცემ, 16 წელია საუკეთესოთა ადგილს ვიყოფთ, ეს წარმოუდგენელია. ის ძალიან კარგი ადამიანია და ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა“, – რონალდუს კომენტარი მესიზე.
ისევ ერთ ლიგაში?
ჯერ აშშ-ზე იყო საუბარი. ინტერ მაიამისა და ლოს ანჯელეს გალაქსიზე, მაგრამ კრიშტიანუმ არაბული გზა აირჩია. ამიტომ, სხვა კლუბებიც გააქტიურდნენ, მაგალითად, ლიონელ მესის Al Hilal-ს უკავშირებენ. თუმცა, მესის პსჟ-ი კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს და ბარსელონასაც დიდი სურვილი აქვს მისი დაბრუნების, ამიტომ, არაბული გზა შორეულ პერსპექტივად უფრო მოჩანს.