სარჩევი
მანჩესტერი 3:1 ევერტონი FA თასი | Setanta Sports

მანჩესტერ იუნაიტედი FA თასის მერვედფინალში ითამაშებს. 1/32-ფინალში წითელმა ეშმაკებმა ევერტონი დამაჯერებლად 3:1 დაამარცხეს.

მატჩი მარკუს რაშფორდის ბენეფისად იქცა. ინგლისელი ადასტურებს, რომ ჩინებულ ფორმაშია. იუნაიტედის 10-იანმა სამივე გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა.

მატჩი

პირველი ტაიმი მასპინძელი გუნდის აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა.

ანგარიში ანტონიმ უკვე მეოთხე წუთზე რაშფორდის გადაცემით გახსნსა.

მალევე ევერტონმა გაათანაბრა. მე-14 წუთზე კონორ ქოუდიმ დავიდ დე ხეას არადამაჯერებელი თამაშით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. ესპანელმა ახლო კუთხე ვერ ჩაკეტა და ოლდ ტრაფორდზე მისი 3-მატჩიანი მშრალი სერიაც შეწყდა.

მოწოდების სიმაღლეზე იყო ჯორდან პიკფორდი. ინგლისის ნაკრებისა და ევერტონის მეკარემ მატჩი 5 მოგერიებით დაასრულა. აქედან 2 მეკარეს პირველ ტაიმში ჰქონდა.

მეორე ტაიმის სტარტზე ალექს ივობი დაშავდა. ნიგერიელი საკაცით გაიყვანეს, მის ნაცვლად კი აბდულაე დუკურე შემოვიდა.

მანჩესტერი მალევე ისევ დაწინაურდა. 52-ე წუთზე რაშფორდი დრიბლინგით ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა, შეიმუს კოულმენს აჯობა და კონორ ქოუდის ავტოგოლი გაატანინა.

მერე ისევ მანჩესტერი აქტიურობდა, თუმცა ფიკფორდი კვლავ დამაჯერებელი იყო.

74-ე წუთზე დემარაი გრეიმ და დომინიკ კალვერტ ლუინმა ბურთი დიდებულად გაათამაშეს, ლუინმა გოლიც გაიტანა, თუმცა VAR-მა გოლი თამაშგარის გამო გააუქმა. კანფეტებიდან დემარაი გრეი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.

მატჩის მიწურულს ერიკ ტენ ჰაგმა ჯერ ალეხანდრო გარნაჩო შემოუშვა, შემდეგ კი ფრედითა და სკოტ მაკტომინეით დაცვა გააძლიერა.

საბოლოო ანგარიში მარკუს რაშფორდმა დააფიქსირა. ამ სეზონის მანჩესტერის საუკეთესო ბომბარდირმა გარნაჩოს მოვოპებული პენალტი დამაჯერებლად შეასრულა.

Sack The Board

ევერტონი ურიგოდ არ გამოიყურებოდა, თუმცა ქომაგებს უშედეგობა მობეზრდათ. ამიტომაც, ოლდ ტრაფორდზე შეკრებილ ლივერპულელ ქომაგეს თან კლუბის ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო ბანერები ჰქონდათ.

გაყარეთ ხელმძღვანელობა - ევერტონის ფანები | Setanta Sports
გაყარეთ ხელმძღვანელები – ევერტონის ფანები

კომენტარები

“ყოველთვის სასიამოვნოა თასის მომდევნო ეტაპზე გასვლა, FA თასი კი – განსაკუთრებული ტურნირია სათამაშოდ. სასიამოვნოა, რომ ფორმას ვინარჩუნებთ და თამაშების მოგებას განვაგრძობთ.

ევერტონმა კარგად ითამაშა, თუმცა გუნდი ახლა წნეხის ქვეშაა. ადრეული გოლის გაშვების მიუხედავად არ დაპანიკებულან. ისინი გუნდურად ერთმანეთისთვის იბრძვიან. იმედია მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ნაჩვენები ფეხბურთის თვალსაზრისით ჩემს საუკეთესო ფორმაში ვარ. მინდორზე თავს კარგად ვგრძნობ. ვხვდები გასატან ზონებსა და პოზიციებზე. ვფიქრობ, თუ შანსების შექმნას განვაგრძობ, გოლებს კიდევ გავიტან.

თასის მოგება არის მიზანი, რისთვისაც ვშრომობთ მუხლჩაუხრელად. გვსურს ვიყოთ ფინალებსა და დიდ მატჩებში. ცხადია, გვსურს ტიტულის მოპოვება. იმედია, მიმდინარე სეზონში ამის შანსი გვექნება”.

მარკუს რაშფორდი – მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი

“რაშფორდი კარგ ფორმაშია და ასე უნდა განაგრძოს. თუ ასეთივე მიდგომით გააგრძელებს ვარჯიშს, მწამს, რომ ფორმას შეინარჩუნებს.

მატჩში ორივე გუნდიდან ბევრი ვარდნა და ხისტი თამაში იყო, ბედნიერები ვართ, რომ მომდევნო ეტაპზე ვითამაშებთ.

ევერტონმა გულადად ითამაშა. მაყურებელმა საერთო ჯამში ჩინებული სანახაობა მიიღო.

მანჩესტერი ყოველთვის ტიტულებისთვის იბრძვის, თუმცა ახლა ამაზე საუბარია. ცხადია, ჩვენ გვყავს გუნდი, რომლის წევრებსაც აქვთ შესაძლებლობა მოიგონ მატჩები და ტიტულები”.

ერიკ ტენ ჰაგი – მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი

“ვფიქრობ, მეტ დავიმსახურეთ. ფეხბურთელები ორგანიზების, გეგმის მიყოლის და დისციპლინის ნაწილში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

ვფიქრობ, ჩვენ უკეთესი შანსები გვქონდა. მარკუს რაშფორდმა კი ორ გუნდს შორის ნამდვილი განსხვავება განაპირობა.

რაც შეეხება ჩემს მომავალს – მას მე ვერ ვაკონტროლებ. ამაზე ვერ ვიფიქრებ, იმაზე უნდა ვფოკუსირდე რაც დღეს მოედანზე ვნახე. მე კი ჩემი გუნდიდან ყველა მწვრთნელისთვის სასურველი მიდგომა და შემართება დავინახე. ახლა სწორება საუთჰემპტონზე გვექნება”.

ფრენკ ლამპარდი – ევერტონის მთავარი მწვრთნელი

მომდევნო შეხვედრას მანჩესტერ იუნაიტედი ჩარლტონ ატლეტიკთან EFL Cup-ზე გამართავს. მატჩის ხილვა setantasports.com-ის მაყურებელს პირდაპირ ეთერში შეეძლება.

ევერტონი კი მოედანს პრემიერ ლიგაში, 14 იანვარს, საუთჰემპტონის წინააღმდეგ გუდისონ პარკზე დაუბრუნდება.